ქოჩორა ყვინთია
ქოჩორა ყვინთია (ლათ. Aythia fuligula Linnaeus, 1758) − ფრინველი იხვისებრთა ოჯახიდან. საშუალო ზომის იხვია, ფრთა 185-210 მმ-ია, ნისკარტი – 36-43 მმ, წონა – 525-900 გ. მამალი დიდია დედალზე. სქესთა შორის განსხვავებაა შეფერილობაშიც. გამრავლების პერიოდში მამალს თავზე მოზრდილი ქოჩორი უვითარდება. შეფერილობით, თავი, კისერი, მკერდი და სხეულის მთელი დორსალური მხარე, აგრეთვე კუდის ქვემო მფარავები შავია, თავსა და კისერზე მოლურჯო-იისფერი, ხოლო მომქნევებზე სუსტი მწვანე ელვარებით. მხრებსა და ფრთების მფარავებზე არის წვრილი მოთეთრო წინწკლები. მუცელი, მკერდის უკანა ნაწილიდან ფეხებამდე, გვერდები, იღლია და ფრთის „სარკე“ თეთრია. „სარკე“ უკანიდან შავი არშიითაა შემოვლებული. დედალი მუქი მურაა, ელვარების გარეშე. მურაა სხეულის გვერდებიც. ფრთაზე „სარკე“ არაა. ღია ფერისაა შუბლი და ლოყები ნისკარტის ძირთან. ღია ფერის წინწკლები ცოტაა ფრთების მფარავებზეც. ნისკარტი ორივე სქესის ფრინველს მოცისფრო-რუხი აქვს, ძირში უფრო მუქი, ხოლო ნისკარტზედას წვეროზე შავი „ფრჩხილაკი“. ფეხებიც მოცისფრო-რუხია.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
ბუდობს ევრაზიაში, ისლანდიიდან და ბრიტანეთის კუნძულებიდან კამჩატკაზე, სახალინზე, კომანდორისა და კურილის კუნძულებამდე. ჩრდილოეთი საზღვარი გადის თეთრ ზღვაზე, კანინის ნახევარკუნძულზე, ობის, ენისეის, ლენისა და კოლიმის შესართავებთან. სამხრეთით მოიპოვება ჩრდილოეთ გერმანიაში, პოლონეთში, ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში, ჩრდილოეთ უკრაინაში, ვოლგის ქვემო დინებასთან, ყაზახეთში, მონგოლეთში, იაპონიის ჩრდილოეთ კუნძულებზე. უფრო სამხრეთით პატარა იზოლირებული ბუდობები არის ევროპისა და აზიის მრავალ ადგილას, მათ შორის ამიერკავკასიაშიც. ზამთრობს მთელი ევროპის, აფრიკაში ხმელთაშუა ზღვისა და ნილოსის, აგრეთვე სამხრეთი აზიის სანაპიროებზე. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი (აღმოსავლეთში) და მოზამთრე (დასავლეთში) ფრინველი.
ბიოტოპი
ბუდობის დროს ბინადრობს მდინარეებისა და ტბების ფართო ჭალებში გაშლილ დაბლობებზე. მიმოფრენისა და ზამთრობის დროს მოიპოვება ტბებზე, მდორე მდინარეებსა და ზღვების სანაპირო ყურეებში.
გამრავლება
ბუდეს იკეთებს უპირატესად დიდი ტბების პატარა კუნძულებზე ან ტბების სანაპირო მდელოებზე მაღალ ბალახნარებში, წყლის მახლობლად, მშრალ ადგილზე ამოთხრილ პატარა ჩაღრმავებაში. ბუდე ამოფენილია ხმელი ბალახითა და ბუმბულით. მაისში დებს 6-12 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 25–26 დღემდე გრძელდება.
კვება
ქოჩორა ყვინთიას ძირითად საკვებს შეადგენენ ნაირგვარი უხერხემლო ცხოველები. მათ შორის უმთავრესია მოლუსკები. მცირე რაოდენობით ჭამს აგრეთვე წყლის მწერებსა და წვრილ თევზებსაც. როცა ცხოველური საკვები არასაკმარისია, ჭამს მცენარეთა მწვანე ნაწილებსაც.
მნიშვნელობა
დიდი სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ სპორტული ნადირობის ობიექტია.