ქრისტიანიის კონვენცია 1907
ქრისტიანიის კონვენცია 1907 – ხელშეკრულება ნორვეგიის ტერიტორიის ხელშეუხებლობის შესახებ; დაიდო 20-X.(2.XI.) ქრისტიანიაში (1924-დან ოსლო) რუსეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ნორვეგიას შორის 10 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგაც იგი ავტომატურად გრძელდებოდა იმავე ვადით (მოქმედებდა 1928-მდე).
დამოუკიდებლობისათვის ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ ნორვეგიამ განახორციელა ერთა თვითგამორკვევის უფლება. 1905 წლის ივნისში, ნორვეგიის მთავრობამ, ეყრდნობოდა რა ხალხის ნებას, გამოაცხადა ნორვეგიის გამოყოფა შვედეთისგან. 1905 კარლსტადის შეთანხმებით შვედეთმა ნორვეგია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო. ნორვეგიის ტერიტორიის მთლიანობა, რომელიც განსაზღვრული იყო კარლსტადის შეთანხმებით, გარანტირებული იყო რუსეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მიერ. კონვენციის მონაწილე ქვეყნები ცნობდნენ და იცავდნენ ნორვეგიის ტერიტორიის ხელშეუხებლობას, ხოლო ნორვეგიას არც დროებით და არც სხვა პირობით სხვა სახელმწიფოსათვის არ უნდა დაეთმო თავისი ტერიტორიის ნაწილიც კი.