ქურთა (სოფელი ახალგორის მუნიციპალიტეტში)
ქურთა — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლში, ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის თემი). მდებარეობს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1200 მ, ახალგორიდან 7 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 168 კაცი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
სახელწოდება
სახელწოდების სარწმუნო ეტიმოლოგია არ მოგვეპოვება. სტრუქტურული თვალსაზრისით ქურთა განხილულია -თ-ა სუფიქსიანი ტოპონიმების (კორინ-თ-ა, ქორ-თ-ა, ღარ-თ-ა, ჩხიკვ-თ-ა…) გვერდით. სუფიქსი -თ- ამ ტიპის გეოგრაფიულ სახელწოდებებში გაიაზრება როგორც ნათესაობითი ბრუნვის მრავლობითი რიცხვის ნიშანი: ქორ-თ-ა (-სახლ-ებ-ი), ღარ-თ-ა (-ღარ-ებ-ი, ღარ-ებ-ის-ა; „ადგილი ღარებისა)… ამ თვალსაზრისს რომ გავყვეთ, მაშინ ქურთა უნდა გაგვეგო როგორც „ქურ-ებ-ის-ა“ ანუ „ქურების ადგილი“. სინამდვილეში აქ სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. ტოპონიმისთვის. ამოსავალი გამხდარა ქართული ენის მთის კილოებისათვის (ფშავ-ხევსურული, მთიულური) კარგად ცნობილი სიტყვა ქურთ-ი, რომელიც საქონლის გამხმარ ნაკელს ეწოდება; იგივე წივა: „საზამთრო-საზაფხულო, დროებით საცხოვრებელ ნაგებობებს მარტო ნაკელითაც გოზავენ (-ლესავენ). გახმობის შემდეგ ამ ნაკელს ქურთი ეწოდება და მას საწვავად იყენებენ. ქურთ-ი საქონლის ნაკელი, რომლითაც მიწური სახლების კედლებს ლესავენ და მიუვალ სოფლებში ზამთარში ცეცხლშიაც სწვამენ, წივა.
მაშასადამე ქურთა უნდა გავიაზროთ როგორც „ქურ-თიან-ა“; „ადგილი, სადაც ქურთს საწვავად ხმარობენ“; „მწყემსთა საზაფხულო სადგომი, სადაც ქურთით შელესილი ქოხებია“. „ადგილი, სადაც საქონლის ან ცხვრის დრემლის გროვებია“.
შეიძლება დავასკვნათ, რომ შიდა ქართლში, აგრეთვე, ქსნის ხეობაში დადასტურებული სოფლის სახელები ქურთა მომდინარეობს სიტყვა ქურთი-საგან („საქონლის გამხმარი ნაკელი ან ცხვრის დრემლა“) და იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ეს ადგილები ძველად მთიელი მწყემსების საზაფხულო იალაღებად ყოფილა გამოყენებული.