ქურთა (სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტში)
ქურთა — სოფელი ქურთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გუჯაბაური, ზემო აჩაბეთი, ზემო მონასტერი, თამარაშენი, კეხვი, ქვემო აჩაბეთი, ქვემო მონასტერი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ცხინვალი-ონის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 950 მეტრი, ცხინვალიდან 7 კილომეტრი. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
სახელწოდება
სახელწოდების სარწმუნო ეტიმოლოგია არ მოგვეპოვება. სტრუქტურული თვალსაზრისით ქურთა განხილულია -თ-ა სუფიქსიანი ტოპონიმების (კორინ-თ-ა, ქორ-თ-ა, ღარ-თ-ა, ჩხიკვ-თ-ა…) გვერდით. სუფიქსი -თ- ამ ტიპის გეოგრაფიულ სახელწოდებებში გაიაზრება როგორც ნათესაობითი ბრუნვის მრავლობითი რიცხვის ნიშანი: ქორ-თ-ა (-სახლ-ებ-ი), ღარ-თ-ა (-ღარ-ებ-ი, ღარ-ებ-ის-ა; „ადგილი ღარებისა)… ამ თვალსაზრისს რომ გავყვეთ, მაშინ ქურთა უნდა გაგვეგო როგორც „ქურ-ებ-ის-ა“ ანუ „ქურების ადგილი“. სინამდვილეში აქ სულ სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. ტოპონიმისთვის. ამოსავალი გამხდარა ქართული ენის მთის კილოებისათვის (ფშავ-ხევსურული, მთიულური) კარგად ცნობილი სიტყვა ქურთ-ი, რომელიც საქონლის გამხმარ ნაკელს ეწოდება; იგივე წივა: „საზამთრო-საზაფხულო, დროებით საცხოვრებელ ნაგებობებს მარტო ნაკელითაც გოზავენ (-ლესავენ). გახმობის შემდეგ ამ ნაკელს ქურთი ეწოდება და მას საწვავად იყენებენ. ქურთ-ი საქონლის ნაკელი, რომლითაც მიწური სახლების კედლებს ლესავენ და მიუვალ სოფლებში ზამთარში ცეცხლშიაც სწვამენ, წივა.
მაშასადამე ქურთა უნდა გავიაზროთ როგორც „ქურ-თიან-ა“; „ადგილი, სადაც ქურთს საწვავად ხმარობენ“; „მწყემსთა საზაფხულო სადგომი, სადაც ქურთით შელესილი ქოხებია“. „ადგილი, სადაც საქონლის ან ცხვრის დრემლის გროვებია“.
შეიძლება დავასკვნათ, რომ შიდა ქართლში, აგრეთვე, ქსნის ხეობაში დადასტურებული სოფლის სახელები ქურთა მომდინარეობს სიტყვა ქურთი-საგან („საქონლის გამხმარი ნაკელი ან ცხვრის დრემლა“) და იმაზე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ეს ადგილები ძველად მთიელი მწყემსების საზაფხულო იალაღებად ყოფილა გამოყენებული.