ღორისთავი (ნასოფლარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ღორისთავი – ძველისძველი ნასოფლარია ქვემო ქართლში, სოფელ კაზრეთის (მადნეულის) შემოგარენში (მდინარე მაშავრის ხეობა), ვახუშტი ბატონიშვილი სოფელ ღორისთავს სწორედ მაშავრის ხეობაში შემავალი სოფლების ნუსხაში წარმოადგენს.

XVI-XVII საუკუნეების ქართული საისტორიო და ეკონომიკური მასალების მიხედვით სოფელი ღორისთავი საკმაოდ დიდი და ძლიერი სოფელი ჩანს. იგი საბარათიანოს საგამგებლოში შედიოდა, თუმცა მოგვიანებით სააკაძეთა გვარის კუთვნილ მამულადაც ქცეულა. ამასთან ერთად ცნობილია ისიც, რომ გუდარეხელებს და ღორისთაველებს გაუთავებელი დავა ჰქონიათ მამულების გაყოფის თაობაზე. XVII ს-ის შეა წლების ერთ-ერთ დოკუმენტში აღნიშნულია: „გუდარეხელნი და ღორისთაველნი „ბედენზედ სამძღვარს“ ეცილებოდნენ ერთმანეთს. დავის გარიგების წიგნით ღორისთაველთ დარჩათ „რაც წყალი ნათლისმცემლის ქვეშეთ წირამთისკენ დაიქცევის“. მეორე საბუთის მიხედვით: „ღორისთაველებს: ზურაბა ფანიაშვილს, გოგია ხუციშვილს და ჯიმშერა მექვაბიშვილს ხატზე უნდა დაეფიცათ, რომ გუდარეხის ღვთისმშობელსა და გუდარეხელებს ამ ადგილებზე ხელი არა ჰქონდათ“. ღორისთავი მკვიდრი მამული იყო ამოწყვეტილი სააკაძისა“ (1700 წ).

სახელწოდება

ხალხური ვერსია სოფელ ღორის-თავის წარმოშობას რატომღაც სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გაგებას უჭერს მხარს: მაშავრის ხეობას ერთხელ ურიცხვი მტერი შემოსევია, მაგრამ ქართველთა მცირე ლაშქარს ღვთის განგების გაუმარჯვია და ურჯულოებისათვის თავები ღორებივით წაუჭრიათო. ამ ხალხურ გადმოცემას ზოგიერთი ჩვენი მკვლევარი რატომღაც სარწმუნოდ მიიჩნევს: „ეს თქმულება ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს, მით უმეტეს, რომ ეს ადგილი ქ. დმანისისაკენ მიმავალ ცენტრალურ გზაზე მდებარეობდაო“. უნდა ითქვას, რომ მკვლევარი იცნობს ვარაუდს: ღორის-თავის ღვარის-თავისაგან მომდინარეობის შესახებ (იგი ეკუთვნის ლ. მუსხელიშვილს), მაგრამ გადამწყვეტ მნიშვნელობას მაინც რატომღაც ხალხურ ვერსიას ანიჭებს. ღორის-თავი რომ მართლაც ღვარის თავი-საგან არის წარმომდგარი („საღვარე ადგილის ზემო ნაწილი, თავი“), სრულიად აშკარაა. რაჭაში, (ს. ჟოშხა), მაგალითად, არის ადგილი (გორაკი), რომელსაც ღორიკუდი ეწოდება, მართალია, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტოპონიმსაც პირდაპირი მნიშვნელობით განმარტავს (აქ იკრიბებოდნენ საქეიფოდ თავადები, რომელთაც ჰყვარებიათ შემწვარი ღორის კუდი და სუფრაზედაც ბლომად მოატანინებდნენ ხოლმე; ადგილსაც ამიტომ შერქმევია ღორიკუდიო“. მაგრამ ნათელია, რომ ამ შემთხვევაშიც ადგილის სახელდებისათვის სიტყვა ღვარი გამხდარა: ღვარის კუდი („ღვარის სათავეები“).


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები