ღორის მეტასტრონგილოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეტასტრონგილუსები

ღორის მეტასტრონგილოზი - მეტასტრონგილოზის აღმძვრელებია - Metastrongylus elongatus, M.pudendotectus და M.salmi, რომლებიც შინაური და გარეული ღორის ბრონქებსა და ბრონქიოლებში პარაზიტობენ. ავადდებიან 4-6 თვის და უფრო ხნიერი ასაკის ღორები.

მეტასტრონგილუსები სქესგაყოფილი, ძაფისებრი ფორმის, მოთეთრო-მოყვითალო ფერის ჰელმინთებია. მამრების სხეულის სიგრძე 15-25 მმ-ია, მდედრის - 20-55 მმ.

მეტასტრონგილოზით დაავადებული ღორის ფილტვი

ლოკალიზების ადგილებში მეტასტრონგილუსები დებენ კვერცხებს, რომლებიც შეიცავენ გაფორმებულ ლარვებს. კვერცხები ნახველთან ერთად ამოიტანება პირის ღრუში, გადაიყლაპება და შემდეგ გარემოში ხვდება. მათ ყლაპავენ ჭიაყელები, რომელთა ორგანიზმში კვერცხებიდან ლარვები იჩეკებიან, მუსკულატურაში ჩაიბუდებენ და ინვაზიურ სტადიამდე ვითარდებიან. ღორის დაინვაზიება ხდება მეტასტრონგილუსის ლარვებით დაინვაზიებული ჭიაყელების შეჭმის შედეგად. მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჭიაყელა მოინელება, ხოლო გამოთავისუფლებული ლარვები გააღწევენ ნაწლავის კედლის სისხლძარღვებში და სისხლის გზით ფილტვებში მიიტანებიან, სადაც ზრდასრულ სტადიას აღწევენ.

საქართველოში მეტასტრონგილოზი გავრცელებულია ყველგან, მაგრამ უპირატესად დაბლობ და მთისწინეთის რაიონებში, სადაც ღორებს მომთაბარე პირობებში ინახავენ. ღორის დაინვაზიება შესაძლებელია საღორეშიც, თუ იატაკი დაზიანებულია ან შეიცავს ღრეჩოებს, ორმოებს, სადაც ფეკალისა და მიწის ნარევში უხვად ბინადრობენ ჭიაყელები. დაავადება ვლინდება წლის ნებისმიერ დროს, მაგრამ უპირატესად, - ზამთარსა და გაზაფხულზე.

ღორის ორგანიზმში მიგრაციისას ლარვები აზიანებენ ნაწლავის კედელს, ლიმფურ კვანძებს, არღვევენ კაპილარების, ბრონქიოლების მთლიანობას და იწვევენ მათ ანთებას. მეტასტრონგილუსებისა და მათი ლარვების ნივთიერებათა ცვლის პროდუქტები ღორის ორგანიზმზე ტოქსიკურად მოქმედებენ და ალერგიულ რეაქციებს იწვევენ.

გოჭებს აღენიშნებათ მსუბუქი ხველა, რომელიც შემდეგ ძლიერდება, განსაკუთრებით მოძრაობის დროს. ნესტოებიდან გამოიყოფა სქელი, მოყვითალო ფერის გამონადენი, აღინიშნება ქოშინი. ლორწოვანი გარსები ჯერ ფერმკრთალი, შემდეგ ციანოზურია, პულსი - აჩქარებული. ცხოველი შესაძლოა ასფიქსიით დაიღუპოს. გოჭები ზრდა-განვითარებაში ჩამორჩებიან. მოზრდილ ღორებში მეტასტრონგილოზი კლინიკური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს.

დიაგნოზის დასადგენად კოპროლოგიურ გამოკვლევას სპეციალისტი ატარებს.

სამკურნალოდ გამოიყენება ნილვერმი, პანაკური ან ფენბენდაზოლის ჯგუფის პრეპარატები. მეტასტრონგილოზის პროფილატიკის საუკეთესო საშუალებაა ღორის შენახვის სტაციონარული სისტემის დანერგვა. საღორის იატაკი მტკიცე და დაუზიანებელი უნდა იყოს.



წყარო

ღორის მოშენება და დაავადებათა პროფილაქტიკა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები