ყვავისფრჩხილა
ყვავისფრჩხილა - Securigera varia (L.) Lassen - Corronilla varia L. ქართლ. ცხენის იონჯა, ზ.იმერ. ხრიანა, - მესხ. – ბროწეულა
ყვავისფრჩხილა მრავალწლოვანი მცენარეა პარკოსანთა ოჯახიდან. მთელ საქართველოშია გავრცელებული და უმთავრესად ბარში გვხვდება. ხარობს ტყის პირებში, ბალახოვან ფერდობებზე, მდელოებზე, ბუჩქნარში, ბაღ-ვენახში და ზოგჯერ პურეულის ან სხვა კულტურების ნათესებშიც. ღერო ერთი აქვს ან რამდენიმე, მეტწილად მწოლიარე, იშვიათად – წამოწეული, 20-90 სმ სიგრძის. ფოთლები რთულია, ხუთი-თორმეტი წყვილი ფოთოლაკისგან შემდგარი.
ყვავილობს ზაფხულის პირზე — მაისის დამლევს. ყვავისფრჩხილას ნაზი, სურნელოვანი, ვარდისფერი ყვავილები გრძელ საერთო ყუნწზეა ქოლგად შეკრებილი. ქოლგა თითოეულ ღეროზე რამდენიმე ვითარდება და თანდათანობით იშლება აგვისტოს ბოლო რიცხვებამდე და ხშირად ოქტომბრამდეც. ქოლგაში თორმეტი-ოცი ყვავილია, რომლებიც მოკლე ყუნწებზე სხედან. დაყვავილების შემდეგ ყვავილების ადგილზე ვითარდება ნაყოფი – გრძელი პარკი, რომლებშიც თესლი კრიალოსანივითაა ასხმული.