შავთავა გრატა
შავთავა გრატა (ლათ. Emberiza melanocephala Scopoli, 1769) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბეღურასნაირნი (Passeriformes)
- ოჯახი − გრატასებრნი (Emberizidae)
- გვარი − გრატა (Emberiza)
შავთავა გრატა ბეღურაზე ოდნავ დიდი ფრინველია, ფრთა 85-100 მმ-ია, კუდი – 70-85 მმ, ნისკარტი – 13-14 მმ, წონა – 29-38 გ. მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება შესამჩნევია. ზრდასრულ მამალს ზაფხულში თავი ზემოდან და გვერდებიდან შავი აქვს. კისრის გვერდები ყვითელია, რომელიც კისრის ზემო მხარეს ღია წაბლისფერში გადადის. ზურგი და ფრთის პატარა მფარავები წაბლისფერია. წელი და კუდზედა ბუმბულები – ღია წაბლისფერი, ყვითელის ნარევით. მომქნევები და საჭის ბუმბულები მურაა, მაგრამ მომქნევების გარეთა მარაოებზე ვიწრო ღია ფერის არშიებია, ფრთის საშუალო და დიდი მფარავები მუქი მურაა, თეთრი არშიებით ყელი, ჩიჩახვი, მკერდი, მუცელი და კუდქვეშა ბუმბულები ყვითელია. ნისკარტი მურაა, ფეხები – ღია მურა, მოყვითალო ელფერით. ზამთარში თავის, ზურგის, ფრთებისა და კუდის ბუმბულებს ღია ფერის არშიები აქვთ, რითაც თავის შავი ფერი და ზურგის წაბლისფერი მნიშვნელოვანწილად იფარება. დედალი ზაფხულში თავზე და ზურგის მხარეს მორუხო-მურაა, მუქი ღერძულა წინწკლებით. წელი და კუდზედა ბუმბულები მოქარცისფრო-ყვითელია, მუცლის მხარე – მკრთალი მოყვითალო. ლოყები და ყურების მფარავები მოწაბლისფრო-რუხია. ნისკარტი ღია მურა, ხოლო ფეხები მოყვითალო-მურა აქვს.
სარჩევი |
გავრცელება
არეალი შედგება ორი იზოლირებული ნაწილისაგან: ერთი მათგანი მოიცავს ჩრდილო-დასავლეთ იტალიას, იუგოსლავიას, ალბანეთს, საბერძნეთს და ბულგარეთის სამხრეთ ნაწილს; მეორე – მცირე აზიას, კვიპროსს, პალესტინას, ჩრდილოეთ მესოპოტამიას, ირანს, ავღანეთს, კავკასიას და ჩრდილო-დასავლეთით, შავი ზღვის სანაპიროებზე, გელენჯიკამდე. ზამთრობს ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში. აღმოსავლეთ საქართველოში იგი მასობრივად ბუდობს, ხოლო დასავლეთ საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს ღია დაბლობ ადგილებში, ბუჩქნარიან და მაღალბალახნარიან ბორცვებზე, მშრალი ხეების ფერდობებზე, ტყისპირებში, ბაღებში, ზოგან – პარკებსა და ეზოებშიც.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. იკეთებს საკმაოდ ღრმა და კარგად დაწნულ ბუდეს ბუჩქზე, დაბალ პატარა ხეზე, ზოგჯერ მიწაზე ბუჩქის ძირში. წელიწადში მხოლოდ ერთხელ მრავლდება. მაისის მეორე ნახევარში დებს 4-7 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14 დღემდე გრძელდება.
კვება
შავთავა გრატას საკვებს შეადგენენ მეტწილად სარეველა მცენარეთა თესლები, მცირე რაოდენობით – კულტურულ მარცვლოვანთა თესლებიც. ზაფხულში, განსაკუთრებით ბარტყების გამოკვების პერიოდში, დიდი რაოდენობით ანადგურებს მავნე ხოჭოებსა და სხვა მწერებსაც.
მნიშვნელობა
მავნე მწერებისა და სარეველა მცენარეთა თესლების მასობრივად განადგურებით სარგებლობა მოაქვს სოფლის მეურნეობისათვის. სასიამოვნო გალობისა და გარეგნობის გამო აქვს ესთეტიკური მნიშვნელობაც.