შავი კოდალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავი კოდალა (ლათ. Dryocopus martius Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი, ფრინველი კოდალასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − შავი კოდალა.

შავი კოდალა კოდალებს შორის ყველაზე დიდი ზომისაა, ფრთა 225-265 მმ-ია, კუდი – 170-195 მმ, ნისკარტი – 55-65 მმ, წონა – 300-400 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრული მამლის თავი ზემოდან მკვეთრი წითელია დანარჩენი ბუმბულსაფარველი მთლიანად შავია, ზურგზე უფრო მუქი და ელვარე, ხოლო მუცლის მხარეს შედარებით მკრთალი მურა-შავი. დედალს წითელი ფერი მხოლოდ კეფაზე აქვს. ფეხები მუქია, ნისკარტი – მორუხო-რქისფერი. ახალგაზრდები გამოირჩევიან ზრდასრულისაგან უფრო ფაშარი, ელვარებას მოკლებული მურა-შავი ბუმბულსაფარველით.

აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება დასავლური შავი კოდალა − D. m. pinetorum Brehm., 1831.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპისა და აზიის ტყის ზონას – დასავლეთით ესპანეთის ჩრდილოეთი ნაწილიდან, აღმოსავლეთით კურილიის კუნძულებამდე. ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა ტაიგის საზღვარს, მდ. კოლიმის ზემო დინებამდე და კამჩატკამდე. სამხრეთით მოიპოვება ჩრდილოეთ იტალიაში, საბერძნეთში, სსრკ ტერიტორიაზე – პოლტავამდე და ვორონეჟამდე, შემდეგ ირანში, მონგოლეთში. მანჯურიაში, კორეაში, ჩინეთში. იზოლირებული ბუდობები არის ყირიმსა და კავკასიაში. საქართველოში მობინადრეა.

ბიოტოპი

ჩრდილოეთში ბინადრობს ტაიგის ტიპის მაღალტანიან ტყეებში. კავკასიაში მოიპოვება მთის ფერდობების როგორც ფოთლოვან, ისე წიწვიან ტყეებში მათ ზემო საზღვრამდე.

გამრავლება

მონოგამიური ფრინველია. ბუდობს ხის ფუღუროში. შესაფერი ხეების არსებობის შემთხვევაში, ყოველ წელიწადს ახალ ფუღუროს ამოტეხს, ძველს კი სხვა ფრინველები იყენებენ. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში (ზოგჯერ უფრო გვიან) დებს 4-5 კვერცხს. კრუხად ჯდება უპირატესად დედალი. მამალი ამ დროს კვებავს დედალს, შემდეგ კი – მართვეებსაც. საინკუბაციო პერიოდი 12-14 დღეს გრძელდება.

კვება

შავი კოდალას ძირითადი საკვებია ქსილოფაგი მწერები, აგრეთვე ჭიანჭველები და მათი კვერცხები.

მნიშვნელობა

ტყის მეურნეობისათვის მეტად სასარგებლო ფრინველია.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები