შავი ძაღლყურძენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავი ძაღლყურძენა - Solanum nigrum L.

Solanum nigrum L.შავი ძაღლყურძენა

მეგრულად — დიხამი მელიშია, ჯოღორიში მაყურზენაია, ღვინჯა-ღვინჯა, უჩა ტყა.

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა 15-70 სმ სიმაღლის სწორმდგომი დატოტვილი ღეროთი. ფოთლები კვერცხისებრია ან სამკუთხა-რომბული, ამოკვეთილ-დაკბილული ან თითქმის კიდემთლიანი. გვირგვინი თეთრია ან ოდნავ სოსანი. ნაყოფი კენკრაა, უფრო ხშირად შავი, იშვიათად ყვითელი ან მომწვანო. ყვ. VI-IX; ნაყ. VIII-X.

სარეველა და რუდერალური მცენარეა, იზრდება ბაღებში, ბოსტნებში, საცხოვრებელ ადგილებთან, სუბტროპიკულ კულტურათა პლანტაციებში, ტყის პირებზე, ბუჩქნარებში, მთის შუა სარტყლამდე.

სამკურნალოდ გამოიყენება მიწისზედა ნაწილი (ბალახი). შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს – საპონინებს, მწარე გლიკოზიდს – დულკამარინს და გლიკოალკალოიდ სოლანინს; კენკრაში და ფოთლებში აღინიშნება C ვიტამინი.

ხასიათდება დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი, ანტირევმატიული, ანტინევრალგიური, ანტისპაზმური, ჰიპოტენზიური, კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედებით.

Solanum nigrum flower.jpg

საქართველოს მეცნიერულ მედიცინაში პრაქტიკულად არ გამოიყენება, თუმცა ოფიციალურად იყენებენ საფრანგეთში, ინგლისში, თურქეთში, პორტუგალიაში, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში. დადგენილია, რომ მისი პრეპარატები ადაბლებს სისხლის წნევას და აფართოებს სისხლძარღვებს, მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, პირველად იწვევს რა მოკლე ხნით აღგზნებას, შემდგომ დამშვიდებას. არსებობს მონაცემები მისი გამოყენების ბუასილის, ენტეროკოლიტის, ნაწლავების სპაზმის, ნერვული აღგზნებადობის დროს, ასევე კანის სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესებისას (ძირმაგრები, ინფილტრატები), ეგზემის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებისა და ანგინის სამკურნალოდ.

მცენარე დიდი ხანია შედის კომბინირებული მცენარეული პრეპარატის „ლივ. 52“¬ის შემადგენლობაში, რომელიც ხასიათდება ჰეპატოპროტექტორული, ანტიტოქსიკური, ანთებისსაწინააღმდეგო, ნაღველმდენი, ანტიოქსიდანტური მოქმედებით; გამოიყენება მწვავე და ქრონიკული ინფექციური,ტოქსიკური ჰეპატიტების, ღვიძლის ციროზის, ანორექსიის, ცხიმოვან ჰეპატოზის, ასევე, როგორც პროფილაქტიკური საშუალება ღვიძლის ტოქსიკური დაზიანებებისას (რაც გამოწვეულია ანტიბიოტიკებით, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო და სისხლისდამწევი პრეპარატებით).

ხალხურ მედიცინაში ნაყენი ან ნახარში იხმარება ნერვული აღგზნებადობის, ნევროზის, თავის ტკივილების, კრუნჩხვითი შეტევების, შარდის ბუშტის მტკივნეული სპაზმების, კუჭ-ნაწლავის ჭვლების, ნიკრისის ქარის, რევმატიზმის სამკურნალოდ. რეკომენდირებულია ნაყენის მიღება, როგორც „სისხლგამწმენდი“ საშუალებისა ფურუნკულების, ლიქენის, საყმაწვილოს დროს; კენკრა აქვეითებს სისხლის წნევას, სასარგებლოა ათეროსკლეროზით დაავადებულთათვის.

შხამიანი მცენარეა, პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს თავბრუსხვევას, თავის სიმძიმეს, გულის რევას, ფაღარათს, შარდშეუკავებლობას, კრუნჩხვებს. არ არის საერთოდ მისი მიღება რეკომენდირებული ფეხმძიმობისა და ლაქტაციის დროს, ბავშვებისათვის. მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის რჩევით და მისი მეთვალყურეობით.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები