შავი წივწივა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შავი წივწივა (ლათ. Parus ater Linnaeus, 1758) – ფრინველი ბეღურასნაირთა რიგიდან.

შავი წივწივა პატარა ზომის ფრინველია, ფრთა 55-70 მმ-ია, კუდი – 45-55 მმ, ნისკარტი – 8-12 მმ, წონა – 8-10 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში შეუმჩნეველია. ზრდასრულ ფრინველს თავი, კისერი უკანა მხრიდან, ყელი და ჩიჩახვის გვერდები შავი აქვს, სუსტი მოლურჯო მეტალური ელვარებით. ნისკარტის გვერდებიდან თვალების ქვემოთ და კისრის გვერდებზე გადის ფართო სუფთა თეთრი ზოლები. კისრის უკანა მხარეს მოზრდილი თეთრი ლაქაა. ზურგი მოწენგოსფრო-მურაა კუდზედა ბუმბულებზე ჟანგმიწისფერი ელფერია. პირველი რიგის მომქნევები და საჭის ბუმბულები ღია მურა ფერისაა. ფრთის დიდი მფარავების თეთრი ბოლოები ფრთაზე ზოლს წარმოქმნის. სხეულის ქვემო მხარე, გარდა ყელისა და ჩიჩახვის გვერდებისა, მოთეთროა, ჟანგმიწისფერი ელფერით. ნისკარტი შავია, ფეხები – მურა-მოშავო.

აღწერილია 20-მდე ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური შავი წივწივა – P. a. michalowskii Bogdanov, 1879.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის არეალი მოიცავს ევროპასა და აზიას ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე. ჩრდილოეთით ვრცელდება სკანდინავიისა და კოლის ნახევარკუნძულებზე ტყის ჩრდილოეთ საზღვრამდე, შემდეგ არხანგელსკამდე, პეჩორის შუა დინებამდე, მდ. ობზე ტყის ზონის საზღვრამდე, ციმბირში – მდ. ვილუის აუზამდე და ბოლოს კამჩატკის ცენტრალურ ნაწილამდე. სამხრეთი საზღვარი გადის ხმელთაშუა ზღვის ნაპირებიდან და კუნძულებიდან კარპატებზე, კიევთან, კალუგისა და ულიანოვსკის ოლქებზე, ნოვოსიბირსკის სამხრეთით, ალტაის მთებზე, ფართოდაა გავრცელებული ზღვისპირეთში, ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და ჰიმალაის მთებში. ამ საზღვრის სამხრეთით არის აგრეთვე რამდენიმე იზოლირებული არეალი: ჩრდილოეთი აფრიკის მთებში, ყირიმში, კავკასიასა და ირანში, ჩრდილოეთი ტიანშანის მთებში. არეალის ჩრდილოეთ განედებში მომთაბარეობა გადაფრენის ხასიათს ღებულობს. სამხრეთში მობინადრე ან მომთაბარეა. საქართველოში მოიპოვება ყველგან როგორც მობინადრე, ნაწილობრივ მომთაბარე ფრინველი.

ბიოტოპი

ბინადრობს მთის ფერდობების წიწვიან ტყეებში, აგრეთვე წიფლნარებში ან შერეული ტიპის ტყეში, ბუჩქნარებში, მეტწილად – მთებში.

გამრავლება

ბუდობს ხის ფუღუროებში. წელიწადში ნორმალურად ორჯერ მრავლდება. პირველი ბუდობა მიმდინარეობს აპრილში, დებს 7-11 კვერცხს. მეორედ ბუდობს ივნისში. ამ დროს კვერცხების რაოდენობა ნაკლებია, მხოლოდ 6-9. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 14-16 დღეს გრძელდება.

კვება

ძირითად საკვებს შეადგენენ მწერები, მათი კვერცხები და ლარვები. შემოდგომითა და ზამთარში ჭამს თესლებსა და კენკრასაც.

მნიშვნელობა

მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები