შავყელა მურტალა
აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი შავყელა მურტალა – P. c. caspicus Habl., 1783.
სარჩევი[დამალვა] |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს რამდენიმე იზოლირებულ რეგიონს. მათ შორის ყველაზე ვრცელი მოიცავს ევროპის დიდ ნაწილს, მცირე, წინა და შუა აზიას, ციმბირის სამხრეთ ნაწილს, აღმოსავლეთით მდ. ობამდე, ჩრდილოეთით მინსკამდე, მოსკოვამდე, პერმამდე და ომსკამდე. მეორე არეალი მდებარეობს ზღვისპირეთსა და ჩრდილოეთ მანჯურიაში. ბუდობს აგრეთვე ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთ ნაწილში, აფრიკის ჩრდილო-დასავლეთსა და სამხრეთ ნაწილებში, აგრეთვე ეთიოპიაში. ზამთრობს ინგლისში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე, ამიერკავკასიაში, თურქმენეთში, ისიკ-ყულის ტბაზე, კორეაში, ჩინეთსა და იაპონიაში. ამერიკაში – უმთავრესად წყნარი ოკეანის სანაპიროებზე – კლდოვანი მთებიდან, აღმოსავლეთით ნევადისა და ტეხასის შტატებამდე, ჩრდილოეთით ვაშინგტონამდე, ხოლო სამხრეთით – გვატემალამდე. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.
ბიოტოპი
ბინადრობს სხვადასხვა სიდიდის დამდგარ წყალსატევებზე, თუმცა გვხვდება მდინარეებსა და მათ ყურეებშიც. სხვა მურტალებთან შე- დარებით ნაკლებადაა დაკავშირებული ლელიანთან. თავს არ არიდებს ღია ადგილებსაც. ზამთარში მოიპოვება ღია შიდა წყალსატევებსა და ზღვებზეც.
გამრავლება
ბუდობს მეტწილად კოლონიებად, აკეთებს წყლის მცენარეებისაგან ჩვეულებრივად მცურავ ბუდეს. მაისში დებს 3-6 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 20-21 დღემდე გრძელდება.
კვება
შავყელა მურტალას საკვებ რაციონში თევზები ცოტაა, ისიც მხოლოდ წლის ცივ პერიოდში. გამრავლების დროს უმთავრესია წყლის მწერები, მოლუსკები, კიბოსნაირები, იშვიათად – თავკომბალები და მცენარეულობა.
მნიშვნელობა
პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.