შაშვისებრნი
შაშვისებრნი (ლათ. Turdidae) − ფრინველთა ოჯახი ბეღურასნაირთა რიგიდან. ოჯახში გაერთიანებულია პატარა და საშუალო სიდიდის ფრინველთა დიდი ჯგუფი. გარეგნულად ისინი საკმაოდ ნაირგვარია, მაგრამ აქვთ რიგი საერთო ნიშნები: თავი პატარა, ნისკარტი შედარებით წვრილი, მაგარი და ნისკარტზედას ქედი ოდნავ ამობურცული. უმრავლეს შემთხვევაში ნისკარტი მწერიჭამია ტიპისაა. ნესტოების ხვრელები ღია და მოგრძოა. პირველი რიგის მომქნევები 10-ია. მათ შორის პირველი რედიმენტულია და მეტ-ნაკლები სიდიდისა. კუდი ბოლოში პირდაპირაა მოკვეთილი. გვხვდება საფეხუროვანი ან მცირედ ამოკვეთილიც. საჭის ბუმბულების რაოდენობა მეტწილად 12-ია, მაგრამ არის 10 და 14-იც. გალო წვრილია, მაგრამ მაგარი, წინიდან დაფარულია მთლიანი ფირფიტით, რომელიც ზოგჯერ მხოლოდ ქვემო ნაწილში იყოფა განივ ფარებად. ბუმბულსაფარველის შეფერილობა უმთავრესად სადაა, თუმცა მრავალი ტროპიკული სახეობის ფრინველი მკვეთრი შეფერილობისაა. სქესობრივი დიმორფიზმი ზოგიერთს კარგად, ხოლო სხვებს სრულიად არა აქვთ გამოხატული.
შაშვისებრნი ბინადრობენ ნაირგვარ ბიოტოპში. უმრავლესობა ტყისა და ბუჩქნარების ფორმებია და მოიპოვებიან როგორც ტროპიკულ, ისე ზომიერი სარტყლის ტყეებში. არიან მთებისა და ველების, უდაბნოებისა და ტუნდრის, აგრეთვე კულტურული ლანდშაფტის ფორმებიც. სახეობების უმრავლესობა ჩრდილოეთი განედებიდან გადამფრენია, ხოლო სამხრეთში მობინადრენი.
მონოგამიური ფრინველებია. წელიწადში მრავლდებიან ერთხელ, ზოგიერთი – ორჯერაც. აკეთებენ ღია, ჯამის ფორმის ბუდეს ხეებზე, ბუჩქებზე, კლდის ნაპრალებში და სხვაგან. ბუდის აგებასა და კრუხობაში მამლები არ მონაწილეობენ, მაგრამ კვებავენ დედლებს და შემდეგ ეხმარებიან მათ ბარტყების გამოკვებაშიც.
სახეობების უმრავლესობა მწერიჭამიებია. ზოგიერთი შემოდგომასა და ზამთარში ძირითადად კენკრათი იკვებებიან. ეს ფრინველები დიდ როლს ასრულებენ იმ მცენარეთა გავრცელებაში, რომელთა კენკრითაც იკვებებიან, რადგან მრავალი თესლი ფრინველის მომნელებელ ორგანოებში არა მარტო ინარჩუნებენ, არამედ იმაღლებენ კიდეც აღმოცენების უნარს. ამ ფრინველებს დიდი სარგებლობა მოაქვთ სახალხო მეურნეობისათვის მავნე მწერების განადგურებითაც. ამასთან, დიდია მათი ესთეტიკური მნიშვნელობაც, რამდენადაც ყველაზე კარგი მგალობლებია.
შაშვისებრნი გავრცელებული არიან მთელ დედამიწაზე, გარდა ანტარქტიდისა და ახალი ზელანდიისა. უმრავლესობა მაინც პალეარქტიკაშია.
შაშვისებრთა სისტემატიკა ბოლომდე დამუშავებული არაა და ავტორთა შორის აზრთა დიდი სხვადასხვაობაა. ზოგი მათგანი ამ ოჯახში აერთიანებს ისეთ ფრინველებსაც, რომლებიც სხვების აზრით დამოუკიდებელი ოჯახებია, თუმცა მათ აქვთ ერთგვარი ნათესაური ნიშნებიც. უმრავლეს შემთხვევაში ოჯახში აერთიანებენ 25-ზე მეტ გვარს 300-ზე მეტი სახეობით. საქართველოში მოიპოვება 8 გვარის წარმომადგენლები.