შაჰ-ნამეს ქართული ვერსიები
„შაჰ-ნამეს" ქართული ვერსიები — (XV-XVIII სს.), ლიტერატურულ ძეგლთა ციკლი. ფირდოუსის (X ს.) „შაჰ-ნამეს“ ყველაზე ადრინდელ თარგმანად არაბული გადაღება ითვლება (XIII ს.). XIV ს. ითარგმნა თურქულად. XV ს. მიწურულიდან ჩნდება ქართული ვერსიები. მთელი რიგი ნიშნების მიხედვით, კლასიკურ ეპოქაშიც უნდა არსებულიყო ქართული თარგმანი. „შაჰ-ნამეს“ გმირებს იცნობენ და იხსენიებენ ქართველი მეხოტბენი (შავთელი, რუსთაველი, ისტორიული წყაროები. მაგრამ XII ს. ქართულ თარგმანს, თუკი არსებობდა, ჩვენამდე არ მოუღწევია. დღეს ხელთ გვაქვს XV-XVIII სს. შემუშავებული ქართული ვერსიები, რომელთაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს მთელ საქართველოში. შემთხვევითი არაა, რომ ვანის ქვაბთა წარწერებში (XV ს.) უკვე გვაქვს მათი ანარეკლი. ქართულ ენაზე არსებობს როგორც ლექსითი, ისე პროზაული ვერსიები.
ლექსითი ვერსიებია:
1. „როსტომიანი“, რომელშიც გადმოცემულია ამბავი ზაალის დაბადებიდან გოშთასფის გარდაცვალებამდე;
2. „ზააქიანი“, რომელიც მოიცავს ზააქისა და ფერიდუნის (ფრიდონის) თავგადასავალს;
2.„უთრუთიან-საამიანი“, სადაც აღწერილია ამბავი გაიომართის მეფობიდან ზაალის დაბადებამდე.
პროზაული ვერსიებია:
1.„ ფრიდონიანი“, რომელშიც მოთხრობილია ზააქის, ფერიდუნისა და მანუჩარის თავგადასავალი,
2. „უთრუთიან-საამიანი " სადაც აღწერილია ამბავი გაიომართის მეფობიდან ზაალის შოე.
3. „საამიანი“ ანუ „წიგნი საამ ფალავნისა“, რომელიც მოიცავს ამბავს ზაალისა და რუდაბეს ეპიზოდამდე;
4. „ბაამიანი“, რომელშიც გადმოცემულია ისფანდიარის შვილის ბაჰმანის თავგადასავალი.
ქართული ვერსიების ცენტრალური ნაწილია „როსტომიანი“ ანუ როსტომის სახელთან დაკავშირებული ეპიზოდების შემცველი ვერსია. ზოგჯერ „როსტომიანს“ უწოდებენ მთლიანად „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიების ციკლს. ეს ბუნებრივია, რადგან როსტომი ფირდოუსის უსაყვარლესი გმირია და მას უძღვნა პოეტმა თავისი თხზულების უმეტესი და უკეთესი სტრიქონები. ასეთად წარმოდგება იგი ქართულ ვერსიაში. „როსტომიანი“ უმთავრესად ორი პირის ნახელავია: ძირითადი ნაწილი გაულექსავს XVI ს. დასაწყისში სერაპიონ საბაშვილს, რომელსაც ქართული წყაროები კედელაურადაც იხსენიებენ. მას გაულექსავს ქართულად არსებული „შაჰ-ნამეს“ პროზაული თარგმანები, ოღონდ იქ, სადაც ქართულ ტექსტს აკლდა, სპარსული წყაროებისთვის მიუმართავს. მისივე სიტყვებიდან ირკვევა, რომ „ამ ულეველი წიგნის“ მხოლოდ ნაწილის გარდათქმა მოუხერხებია („რაც აკლია, ვინც ათავოთ, სამოთხე ხვდეს სულსა თქვენსა“). ორიგინალთან სიახლოვის თვალსაზრისი „როსტომიანი“ მეტ-ნაკლებ სხვადასხვაობას ამჟღავნებს, თუმცა ძირთადი სიუჟეტური ხაზი ყველგან დაცულია, ზოგჯერ კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთარგმნელი უშუალოდ სპარსულ ტექსტს მიმართავს, იგი საკმაოდ ზუსტად გადმოგვცემს „შაჰ-ნამეს“ შესაბამის ადგილებს. ასეთ შემთხვევაში ქართულ თარგმანს გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება საკუთრივ სპარსული ტექსტის შესწავლისთვისაც. საერთოდ კი მთარგმნელი თავისუფლად ეპყრობა მასალას, ამოკლებს თუ ავრცობს ცალკეულ ეპიზოდს, უხვად იყენებს ქართულ, კერძოდ, რუსთაველისეულ მხატვრულ ხერხებს („მერმე იკრა პირსა ხელი, ძოწის წყარო ითხეოდა, რაცა ეცვა სასალუქო, უპატიოდ იხეოდა, ტანი ბროლი, საროს მზგავსი შეძრწუნდების, ილეოდა, ქარისაგან მორეული, ვითა ვერხვი ირხეოდა“. შრდ. ორიგინალს: „ხელი დაჰკრა და ჩაიხია კაბის საყელო, ლალივით გაიელვა მისმა ლამაზმა სხეულმა“). სერაპიონ საბაშვილისეული „როსტომიანიდან“ ზოგი პოპულარული ეპიზოდი დამოუკიდებელი სახითაც გავრცელდა. ასეთია, მაგალითად, „ბეჟანიანი“, რომელშიც აღწერილია ბეჟანისა და აფრასიაბის ასულის მანიჟეს (მანიჟავის) სამიჯნურო თავგადასავალი. „როსტომიანის“ მეორე ნაწილი გაულექსავს (ბაამანის ამბამდე) XVI ს. მეორე ნახევრის მოღვაწეს ხოსრო თურმანიძეს. აღსანიშნავია, რომ ხოსრო უშუალოდ სპარსული წყაროთი სარგებლობდა, ქართული პროზაული თარგმანი მას ხელთ არ ჰქონია. მან არა მარტო დაასრულა „როსტომიანი“, არმედ ერთგვარად შეავსო საბაშვილისეული ტექსტი ცალკეული სტროფებითა თუ მთელი ეპიზოდებით. ასეთია, მაგალითად, „ბარზუ-ნამე“ ანუ „ბარზუს წიგნი“, რომელშიც აღწერილია როსტომის შვილიშვილის ბარზუს საქმენი საგმირონი. სპარსულად ცნობილია მთელი პოემა ამ თემაზე, მაგრამ თურმანიძე, ჩანს, სარგებლობდა „შაჰ-ნამეს“ ისეთი გვიანდელი ტექსტით, რომელშიც ბარზუს ეპიზოდიც ყოფილა ჩართული. თურმანიძე არ არღვევს ტრადიციას, თავისუფლად ეპყრობა დედანს, ზოგჯერ მთელ ეპიზოდს რამდენიმე სტროფში ათავსებს, თუმცა სპანდიატის (ისფანდიარის) თავგადასავლის ძირითადი ხაზი მაინც დაცულია. თარგმანის მხატვრული დონე საბაშვილთან შედარებით დაბალია. „როსტომიანის“ შემუშავებაში გარკვეული წვლილი მიძღვის აგრეთვე ცნობილ ქართველ ისტორიკოსს ფარსადან გორგიჯანიძეს, პოეტურ ვერსიათაგან აღსანიშნავია მდივანმწიგნობრის მამუკა თავაქალაშვილის მიერ გალექსილი „ზააქიანი“ და ბარძიმ ვაჩნაძის მიერ აწყობილი „უთრუთიან-საამიანი“. ორივე პოეტი თითქმის ერთსა და იმავე დროს (XVII ს.) მოღვაწეობდა ლევან დადიანის კარზე. ორივეს წყაროს წარმოადგენდა ქართული პროზაული ვერსიები „ფრიდონიანი“, „უთრუთიან-საამიანი“, „საამიანი“. ეს უკანასკნელნი უკავშირდებიან „შაჰ-ნამეს“ გვიანდელ ჩანართებიან ტექსტსა და ფირდოუსის მიმბაძველებს. დასთანური ტიპის ეს ვრცელი სარაინდო რომანები საგულისხმოა ქართული პროზის განვითარების ისტორიის თვალსაზრისით. „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიები ფართოდ გავცელდა ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში.
ტექსტი
- „შაჰ-ნამეს“ ქართული ვერსიები, ტ. I, 1916, ტ. II, 1934, ტ. 111, 1975.
ლიტერატურა
- დ. კობიძე, შაჰ-ნამეს ქართული ვერსიების სპარსული წყაროები, 1959.