შეთანხმება (ლინგვისტიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეთანხმება - სიტყვათა ისეთი დაქვემდებარება, როცა დამოკიდებული სიტყვა იმ ფორმას იღებს, რომელიც წამყვან სიტყვას აქვს. შეთანხმებისათვის აუცილებელია, სინტაქსურად შეკავშირებულ სიტყვებს საზიარო გრამატიკული კატეგორია ჰქონდეთ. წამყვან სიტყვას, რომელიც ითანხმებს, მათანხმებელი ჰქვია, დამოკიდებულს, რომელიც უთანხმდება – შეთანხმებული. ქართულში შეთანხმება არის სახელსა და სახელს შორის და სახელსა და ზმნას შორის. სახელი ითანხმებს სახელს ბრუნვაში (ერთგული მეგობარი, ერთგულმა მეგობარმა.). მათანხმებელი, ჩვეულებრივ, არსებითი სახელია (საზღვრული), შეთანხმებული კი –ზედსართავი სახელი ან ზედსართავის მნიშვნელობით (მსაზღვრელად) გამოყენებული ნებისმიერი სახელი (ლამაზი ქალი, ორი ბავშვი, ჩემი ქვეყანა, კოდი პური, წველა ყველი, დაფიქრებული მოხუცი). ნართანიან მრავლობითში დასმული არსებითი სახელი (საღვრული) ითანხმებს მასთან სინტაქსურად შეხამებულ სახელს (მსაზღვრელს) ბრუნვაშიც და რიცხვშიც (შორნი მნათობნი, შორთა მნათობთა, შორნო მნათობნო). სახელთან შეთანხმებული სახელი სინტაქსური ფუნქციით ატრიბუტული განსაზღვრებაა. სახელი ითანხმებს ზმნას რიცხვში (გარკვეულ შემთხვევებში), რიცხვი ზმნისა და სახელის საზიარო კატეგორიაა. მათანხმებელი სახელია (გლეხები მკიან, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ვარსკვლავები ციმციმებენ..). შეთანხმება მრავლობითი რიცხვის ნიშნებითაა გამოხატული, ე. ი. ფორმობრივია. გარკვეული თვალსაზრისით, სახელი ზმნას ითანხმებს როგორც რიცხვის, ასევე პირის მიხედვითაც (მე ვ-აქებ, შენ აქებ, ის აქებ-ს..), რადგან I პირის ნაცვალსახელს ზმნა I პირის ფორმით ეწყობა, II პირის ნაცვალსახელს – II პირის ფორმით, III პირის სახელი კი ზმნასაც III პირის ფორმით მოითხოვს. პირის ნაცვალსახელი პირს აღნიშნავს ლექსიკურად, ზმნაში კი – პირი გამოხატულია გრამატიკულად. შეთანხმება ლექსიკურ-ფორმობრივია (ლ. კვაჭაძე, ა. დავითიანი). ოდენ ფორმალური ანალიზით, სახელი, რომელსაც პირის გრამატიკული კატეგორია საერთოდ არ გააჩნია, ზმნისაგან მოითხოვს პირის ფორმას, ე. ი. პირში მართავს მას (არნ. ჩიქობავა).

ლ. კვანტალიანი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები