შეიარაღებული ძალების ლოგისტიკა
შეიარაღებული ძალების ლოგისტიკა – შეიარაღებულ ძალებში არმიის და ფლოტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც ყველა დონეზე აერთიანებს ლოგისტიკის მართვის ორგანოებს, ძალებსა და საშუალებებს. არის სახელმწიფოს თავდაცვითი პოტენციალის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი და მისი ეკონომიკური კომპლექსის და შეიარაღებული ძალების შემაკავშირებელი რგოლი, ასრულებს ამოცანებს ყველა სახეობის შეიარაღებული ძალებისა და გვარეობების ჯარების ინტერესებისათვის.
შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის შემადგენლობაში შედიან სპეციალური ჯარების შენაერთები, ნაწილები და დაწესებულებები (საავტომობილო, საგზაო, სამილსადენო, საინჟინრო-სააეროდრომო), მატერიალური და სამედიცინო უზრუნველყოფის შენაერთები, ნაწილები, საწარმოები, ორგანიზაციები და ქვედანაყოფები ლოგისტიკის სამსახურების მიხედვით (საწვავის, სურსათის, სანივთო, სავეტერინარო) და სხვა. აგრეთვე ლოგისტიკის მართვის ორგანოები, პუნქტები და საშუალებები. ლოგისტიკის მუშაობის უზრუნველსაყოფად მის შემადგენლობაში შეჰყავთ საინჟინრო ჯარების, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის, კავშირგაბმულობის ჯარების ნაწილები და ქვედანაყოფები და სხვა. ორგანიზაციულად ლოგისტიკის ძალები და საშუალებები შედიან სამხედრო დაჯგუფებების (ფლოტების), გაერთიანებების, შენაერთების და შეიარაღებული ძალების სახეობების ნაწილების შემადგენლობაში, იმყოფებიან მართვის ცენტრალური ორგანოების უშუალო დაქვემდებარებაში.
შეიარაღებული ძალების ლოგისტიკა იყოფა:
- შესასრულებელი ამოცანების მასშტაბის და ხასიათის მიხედვით – სტრატეგიულ, ოპერატიულ და საჯარისოდ;
- კუთვნილების მიხედვით – ცენტრის, დაჯგუფების, საფლოტო, არმიის, კორპუსის, ფლოტილიის, ესკადრის სამხედრო-საზღვაო ბაზის, დივიზიონის (ბრიგადის), პოლკის, ბატალიონის (დივიზიონის) ლოგისტიკად.
შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის პირველი ელემენტები მუდმივი სამხედრო აღალების (ურმების, საზიდრების, საბარგო ავტომანქანების და მისთანების ქარავანი) სახით გაჩნდა XVII საუკუნის 70-იან წლებში. მანამდე მის ამოცანებს უმეტეს არმიებში ასრულებდნენ არასამხედრო უწყებები და კერძო მეწარმეები, ხოლო ლაშქრობებში ჯარებს მიჰყვებოდნენ ვაჭრები (მარკიტანტები). რეგულარული არმიების შექმნის, საომარი მოქმედებების მასშტაბის ზრდის და მისი წარმოების ხერხების შეცვლის შემდეგ, XVIII-XIX საუკუნეებში, ნაწილების, შენაერთების, გაერთიანების შემადგენლობაში და სამხედრო უწყების ცენტრალური ორგანოების განკარგულებაში თანდათან ჩამოყალიბდა საშტატო ქვედანაყოფები (ნაწილები) და დაწესებულებები, რომლებიც განკუთვნილი იყო ჯარების (ძალების) ცენტრალიზებული უზრუნველყოფისათვის ცალ-ცალკე, ლოგისტიკის თითოეული სამსახურის მიხედვით. სამხედრო საქმის შემდგომმა განვითარებამ, მეტადრე XX საუკუნის ომებში ტანკების და ავიაციის გამოყენებამ, ჯარების მოტორიზებამ და მექანიზაციამ მოითხოვეს ტექნიკური, საგზაო, სააეროდრომო უზრუნველყოფის, საწვავით მომარაგების ძალების და სხვა საშუალებების შექმნა. შეიარაღებული ძალების სარაკეტო ტექნიკით დიდძალი რაოდენობის რადიოელექტრონული საშუალებებით და სხვა თანამედროვე ტექნიკით აღჭურვამ განაპირობა ახალი ცვლილებების შეტანა შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სისტემაში.