შემვსები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შემვსები, შემავსებელი - ბეტონის შედგენილობის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი – ნამსხვრევი ქვა, ნამსხვრევი წიდა, წყლით დაგლუვებული ხრეში, მდინარის ქვიშა, ღორღი, სილიკატები, მარმარილოსა და გრანიტის ნამსხვრევები, ლითონის ბურბუშელა და სხვ.

ჩვეულებრივი მძიმე ბეტონის მოსამზადებლად იყენებენ მძიმე, ხოლო მსუბუქი ბეტონისათვის მსუბუქ ფორებიან შემვსებს. მარცვლების ზომისაგან დამოკიდებულებით მძიმე შემვსები არის წვრილი და მსხვილი (ხრეში ან ღორღი ზომით 5-70 მმ). მასიურ ნაგებობებში შესაძლებელია 220 მმ სიმსხო ხრეშის გამოყენებაც. მაღალი კლასის (B30 და მეტი) ბეტონის დასამზადებლად იყენებენ მხოლოდ ღორღს. წვრილი შემვსები წარმოადგენს ბუნებრივ ან ხელოვნურ ქვიშას, რომელიც მიიღება ქანების, მეტალურგიული წიდის ან სპეციალურად დამზადებული (კერამზიტი, აგლოპორიტი) მასალების დამსხვრევით, ქვიშის მარცვლების ზომა 0,14-5 მმ.

შემვსები არის ერთფრაქციანი, თუ ის შეიცავს მოსაზღვრე საცრების ზომის მარცვლებს, მაგ., 5-10 ან 10-20 მმ. თუ მასში არის ორი ან რამდენიმე ფრაქციის მარცვლები, მაგ., 5-10, 10-20 და 20-40 მმ, მაშინ ის მრავალფრაქციულია. სილიკატურ ბეტონში შემვსები, გარდა თავისი ჩვეულებრივი დანიშნულებისა, მონაწილეობს ქიმიურ პროცესში. მაღალი ტემპერატურისა და ორთქლის წნევის მოქმედებით კირი რეაქციაში შედის კაჟმიწასთან და შემვსების მარცვლებს აკავშირებს მონოლითად. ამ პროცესში შემვსების ქიმიური შედგენილობა და დისპერსიულობა საგრძნობლად მოქმედებს მიღებული ბეტონის თვისებებზე. შემვსების ღირებულება შეადგენს ბეტონის ღირებულების 30-50% და ზოგჯერ მეტს. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ადგილობრივი იაფი შემვსების გამოყენებას, რაც შეამცირებს ტრანსპორტირების ხარჯებსა და მშენებლობის ვადებს. ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას ბეტონის თვისებებზე ახდენს შემვსების გრანულომეტრიულ-მარცვლოვანი შედგენილობა, სიმტკიცე და სისუფთავე;

სარჩევი

შემვსების გრანულომეტრიულ-მარცვლოვანი შედგენილობა

ბეტონის შემვსებში სხვადასხვა ზომის მარცვლების შემცველობა. იგი განისაზღვრება ქვიშის მარცვლების 0,16-5 მმ და ხრეშის ან ღორღის 5-70 მმ ზომის საცრებში გაცრით. შემვსები უნდა შეიცავდეს სხვადასხვა ზომის მარცვალს, რომ რაც შეიძლება ნაკლები იყოს მათ შორის სიცარიელე, რათა შესავსებად ნაკლები შემკვრელი (ცემენტი) დაიხარჯოს. შემვსების მარცვლები იყოფა ფრაქციებად, რომელიც შეიცავს ერთმანეთთან მიახლოებული ზომის მარცვლებს, მაგ., 2,5-5; 5-10; 10-20 მმ და ა.შ. შემვსებში შეიძლება იყოს ზღვრულ ზომაზე მეტი ან ნაკლები ზომის მარცვლები, მაგრამ არაუმეტეს 5%. სამშენებლო ობიექტზე ან ბეტონის ქარხანაში შემვსების მარცვლოვან შედგენილობას არჩევენ რეალური ქვიშისა და ღორღის გამოყენებით, მათ შორის ისეთი შეფარდების დასადგენად, რომ მარცვლოვანი შედგენილობის მრუდი შეძლებისდაგვარად მიუახლოვდეს იდეალურს, თუმცა დასაშვებია ზოგი გადახრა. ამ შემთხვევაში მარცვლოვანი შედგენილობის გაუარესება კომპენსირდება ცემენტის ხარჯის უმნიშვნელო გაზრდით ან ბეტონის ნარევის უფრო ეფექტური შემკვრივებით, რითაც მიიღწევა ტექნოლოგიის შესამჩნევი გამარტივება და ბეტონის ღირებულების შემცირება. ამიტომ, სტანდარტებში და ტექნიკურ მითითებებში რეკომენდებულია გადახრები ფრაქციების შეფარდებისას, რომლის შემთხვევაშიც არ მოხდება შემვსების ნარევის მნიშვნელოვანი გაუარესება. ბეტონში შემვსები შეიძლება იყოს ერთფრაქციანი (დაახლოებით ერთნაირი ზომის მარცვლებით) და მრავალფრაქციანი (სხვა-დასხვა ზომის მარცვლებით).

შემვსების სიმტკიცე

ბეტონის ფიზიკური მახასიათებელი, რომელიც განისაზღვრება არა მარტო იმ ქანის სიმტკიცით, რომლისგანაცაა დამზადებული, არამედ მარცვლების ზომითაც. ქანის გამოფიტვის ან დამსხვრევის დროს დაშლა-დამტვრევა ხდება სტრუქტურის ყველაზე სუსტ ადგილებში და მარცვლების ზომების შემცირებით მისი განმტკიცება მიმდინარეობს. ბუნებრივი ქვიშის სიმტკიცე კუმშვასა და ღუნვაზე, როგორც წესი, უფრო მაღალია, ვიდრე დუღაბის ან ცემენტის ქვის სიმტკიცე. მთის მტკიცე ქანიდან (გრანიტი, დიაბაზი და სხვ.) მიღებული მსხვილი შემვსების სიმტკიცე მეტია დუღაბის სიმტკიცეზე. ფორიანი შემვსების სიმტკიცე შეიძლება ტოლი ან ნაკლები იყოს დუღაბის სიმტკიცეზე

შემვსების ხვედრითი ზედაპირი

ბეტონის შემვსების მარცვლოვანი შემადგენლობის ზედაპირის ჯამური ფართობი, რომელიც დიდ გავლენას ახდენს ბეტონის თვისობრივ მახასიათებლებზე. მარცვლების ზედაპირი უკუპროპორციულია მისი დიამეტრის. მარცვლის ზომების შემცირებით ზედაპირი იზრდება. საშუალომარცვლოვანი ბუნებრივი ქვიშის ხვედრითი ზედაპირი იცვლება 50-დან 100 სმ2/გ-მდე. მონოლითური ბეტონის მისაღებად აუცილებელია, რომ ცემენტის ცომმა არა მარტო შეავსოს ქვიშის სიცარიელე, არამედ გასწიოს კიდეც მარცვლები, მათ შორის ცემენტის შრის შესაქმნელად. ასეთი გარსის მისაღები ცემენტის ხარჯი დამოკიდებულია შემვსების ხვედრით ზედაპირზე და იზრდება მარცვლების ზომის შემცირებით. შემვსების ხვედრითი ზედაპირის გაზრდის შედეგად ან იზრდება ბეტონის ნარევის სიბლანტე, ან ნარევის გარკვეული პლასტიკურობის მისაღებად, უნდა გავზარდოთ წყლისა და, შესაბამისად, ცემენტის ხარჯიც. მსხვილ შემვსებზე წვრილის დამატება ამცირებს მის სიცარიელეს, მაგრამ ამავდროულად ზრდის ხვედრით ზედაპირს, ამიტომ, შემვსების საბოლოო გავლენა ბეტონზე უმჯობესია განისაზღვროს მისი უშუალოდ ბეტონში გამოცდით.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები