შემოქმედელი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით შემოქმედელი

შემოქმედელი დავით − (1953), პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი. ნამდვილი გვარი – ტაკიძე. დაიბადა სოფელ შემოქმედში (ოზურგეთი). 1975 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის ფაკულტეტი. 1975-1985 წლებში მუშაობდა ოზურგეთის საპროექტო ბიუროში ინჟინრად. 1985-1988 წლებში იყო ოზურგეთის კულტურის სასახლის დირექტორი. 1986-89 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 1990 წლიდან საცხოვრებლად გადადის თბილისში. სხვადასხვა წლებში იყო: გამომცემლობა „ეროვნული მწერლობისა“ და ჟურნალ „ლიტერატურა და ხელოვნების“ რედაქტორი. გაზეთ „ივერიის“ თანარედაქტორი. სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ლიტერატურული ურთიერთობების ხელმძღვანელი. საქართველოს მწერალთა კავშირის უფროსი ლიტერატურული კონსულტანტი. საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. 2010 წლიდან სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი. არის სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების თანადამფუძნებელი აკაკი ბაქრაძესა და მურმან ლებანიძესთან ერთად და გამომცემლობა „დავითის“ დირექტორი. გამოცემული აქვს წიგნები: „სიმაღლე“ (პოეზია, 1981), „დუმილის ხმა“ (პოეზია, 1985), „ჩემი წილი ცა“ (პოეზია, 1986), „გახუნებული პეიზაჟები“ (პოეზია, 1990)“, „ტაძართან“ (პოეზია, 1990), `რას ტვიფრავ სულზე“ (პოეზია, წერილები,1997), „ჩემს სამშობლოში მე − ემიგრანტი“ (პოეზია, 2000), „სიტყვებს მიღმა“ (პოეზია, პროზა, წერილები, 2006), „რატომ ტირიან ჩიტები ზამთარში“ (პროზა, 2009), „ხსოვნის ანაბეჭდები“ (პოეზია, 2013), „ორმოში“(პროზა, 2014), „თანმდევი ფიქრი (წერილები, 2014)“, „წვეთები მინაზე“ (პოეზია, 2016), „ვეფხისტყაოსანი“ − მსოფლიო ლიტერატურის შედევრი“ (სამეცნიერო ნაშრომები − ავტორთა ჯგუფთან ერთად, ინგლისურ ენაზე, 2016). მის ლექსებზე შექმნილია სიმღერები, ლექსებსა და ესეისტურ წერილებზე ორი მონოსპექტაკლი.


პოეტი
დადევნებული წვიმებს და ქარებს,
ღამეს ლოდინის ცრემლით დახრულებს,
გამოგონებულ ბედნიერ წამებს,
ფიქრებით შეშლილ გამოქვაბულებს.
გამოღვიძებულ სარკოფაგებში,
მუმიადქცეულ წარსულის ლანდებს,
აყირავებულ ბებერ ღამეში,
შიშველი ხმებით დაჩეხილ ზარებს.
შემოდგომური ქარების მტვრევას,
ცა არილფერი აპრილის დილის,
მეზობლის გოგოს გამომწვევ მზერას
ხელისგულივით ნაზის და თბილის.
გზაურჩი გზნების ზაფრას მზერაში,
გამოხანძრული ჭრილობით გლოვობს,
კაცი, რომელიც დადის ზეცაში
და მაინც მიწის ტკივილით ცხოვრობს...

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები