შენგელაია გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი შენგელაია

გიორგი შენგელაია − (დ. 11 მაისი, 1937, მოსკოვი – გ. 17 თებერვალი, 2020, თბილისი) ქართველი კინომსახიობ, კინორეჟისორი და სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი საერთაშორისო კინოფესტივალისა და კონკურსის პრიზების, მათ შორის პირველი პრიზების მფლობელი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989).

დაიბადა 1937 წლის 11 მაისს თბილისში, კინორეჟისორ ნიკოლოზ მიხეილის ძე შენგელაიასა (1901-1942) და კინომსახიობ ნატო ვაჩნაძის (1904-1953) ოჯახში. 1955 წელს დაამთავრა თბილისის I საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე (ალექსანდრე დოვჟენკოს სახელოსნოში).

1959 წელს საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდიაში გადაიღო ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი „ნიკო ფიროსმანი“, 1962 წელს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გურამ რჩეულიშვილის მოთხრობის მიხედვით დადგა ხუთნაწილიანი მხატვრული ფილმი „ალავერდობა“, რომელიც მისი სადიპლომო ნამუშევარი გახდა. იმავე წელს დაამთავრა საკავშირო კინოინსტიტუტი კინორეჟისორის დიპლომით.

სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლისას მთავარი როლები შეასრულა მხატვრულ ფილმებში (რ. ჩხეიძის „ჩვენი ეზო“ (1956), მ. ჭიაურელის „ოთარაანთ ქვრივი“ (1958), მ. ჭიაურელის („რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“).

1962 წლიდან მუშაობს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად.

გიორგი შენგელაიამ დადგა შემდეგი ფილმები:

„მაცი ხვიტია“ (1966).
1. ფილმმა 1967 წელს ქ. ბერგამოში (იტალია) მეათე საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო „ფიპრესის“ დიპლომი,
2. ორი წლის შემდეგ ქ. მელბურნში (ავსტრალია) 17-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო საპატიო დიპლომი.

„ფიროსმანი“ (1969). მიიღო შემდეგი ჯილდოები:
1. 1973 წელს — ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, როგორც წლის საუკეთესო ფილმმა,
2. 1973 წელს ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია, როგორც ყველაზე ორიგინალურმა და სახოვანმა ფილმმა,
3. 1973 წელს — 10-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე – ჩიკაგოში (აშშ) მთავარი პრიზი „ოქროს ჰიუგო“,
4. 1974 წელს — საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც ეძღვნებოდა სახვით ხელოვნებასა და მხატვრების ცხოვრებას (ქ. აზოლო, იტალია) – I პრემია როგორც მხატვრის ცხოვრებაზე დადგმულმა საუკეთესო ბიოგრაფიულმა ფილმმა,
5. 1975 წელს — საპატიო დიპლომი ჰელსინკში (ფინეთი) კინოეკრანებზე დემონსტრირების შედეგად, როგორც წლის საუკეთესო ფილმმა,
6. 1977 წელს — საპატიო დიპლომი ერევანში ჩატარებულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე, რომელიც მიეძღვნა ესთეტიკური აღზრდის პრობლემებს.

„ვერის უბნის მელოდიები“ (1973), ფილმმა მიიღო შემდეგი ჯილდოები:
1. 1974 წელს — I პრემია 7-ე საკავშირო კინოფესტივალზე ბაქოში,
2. 1974 წელს — ჟიურის სპეციალური პრემია პირველ რესპუბლიკურ ფესტივალზე ქუთაისში,
3. 1974 წელს — კინოს საერთაშორისო კათოლიკური ორგანიზაციის დიპლომი სიკეთისა და ოპტიმიზმისათვის, სან-სებასტიანის (ესპანეთი) 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.

შემდეგი ფილმია „ქვიშანი დარჩებიან“. იგი რეჟისორმა 1976 წელს გადაიღო. სურათმა 1978 წელს თერჯოლაში ჩატარებული 2-ე რესპუბლიკურ ფესტივალზე მიიღო მთავარი პრიზი.

„სიყვარული ყველას უნდა“ (1979). ფილმის ჯილდოა: 1981 წელს, სოხუმში, 3-ე რესპუბლიკურ კინოფესტივალზე პრიზი საუკეთესო სცენარისათვის.

„ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ (1984).
1. ფილმმა 1985 წელს მინსკში ჩატარებულ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო მთავარი პრიზი.
2. 1986 წელს ბერლინის 36-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე — პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის — „ვერცხლის დათვი“,
3. იმავე წელს ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო დიპლომი, როგორც წლის საუკეთესო ფილმმა.

„ხარება და გოგია“ (1987). ფილმმა 1987 წელს აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების ტაშკენტის საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

„ორფეოსის სიკვდილი“ (1995).

1992 წლიდან გ. შენგელია არის სახელმწიფო კინოკონცერნ „ქართული ფილმის“ კინოსტუდია „სხივის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, 1994 წლიდან — სააქციო საზოგადოება „ქართული ფილმის“ სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე.

1989 წელს გიორგი ნიკოლოზის ძე შენგელაიას ფილმებისათვის „ალავერდობა“, „ფიროსმანი“ და „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“ შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

გარდაიცვალა 2020 წლის 17 თებერვალს, დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები