შენგელია ქეთევან
შენგელია ქეთევან − (1965), ქართველი პოეტი, მწერალი და მთარგმნელი და ფილოლოგი. დაიბადა თბილისში. 1987 წელს დაამთავრა თსუ-ს ფილოლოგიის ფაკულტეტი. მუშაობდა სხვადასხვა ადგილას: 150-ე სკოლაში, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ტელევიზიაში „მზე”; 1993-2007 წლებში - წლებში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტში მეცნიერ-თანამშრომლად. არის ფილოლოგიის დოქტორი და თსუ-ში კითხულობდა ლექციების კურსს - უახლესი ქართული ლიტერატურა, აქვე, 7 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა „ლიტერატურულ სახელოსნოს”. არის ასამდე ლიტერატურული საღამოს ორგანიზატორი; იყო თსუ-ს „ქალთა საკრებულოს” წევრი. 2011 წლიდან ასწავლის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში და ხელმძღვანელობს „ლიტერატურულ-შემეცნებით სახელოსნოს”. კითხულობს შემდეგ ლექციების კურსს: უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია; მსოფლიო ლიტერატურის ისტორია; ხელოვნების ისტორია. 2006-2014 წლებში იყო შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. 2017 წლიდან ხელმძღვანელობს საზოგადოებრივ პროექტს „სამი სავარძელი ხელოვანთათვის”, სადაც თვეში ერთხელ ხდება სამი განსხვავებული სფეროს (მწერლობა, მუსიკა, მხატვრობა) შემოქმედის ერთობლივი წარდგენა. 2017 წელს დააარსა ART კლუბი „შავი ლომი”. 1985 წლიდან მისი ლექსები, ესეები, მოთხრობები, თარგმანები და წერილები იბეჭდება ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს შემდეგი წიგნები: „თოვლივით თეთრი მწუხარება” (1997, ლირიკა), „აკაციის ხეივანი” (2002, ლირიკა), „ქართველ მწერალთა მიმართებები ვაჟა-ფშაველასთან” (2005, ნარკვევი), „მზისფერი ქუდი” (2005 ლიტ. ნარკვევები და ესეები), „ცეცხლი და მდინარე” (2009, ლიტ. ნარკვევები და ესეები), „მზე და ღრუბელი” (2009, ლირიკა), „ქარიშხლის ტაში” (2012, ლირიკა), „გამარჯვებული ყოველთვის, ტრაგიკულიც რომ იყოს” (ფიქრები ვახტანგ კოტეტიშვილის სამყაროს შესახებ, 2012, ნარკვევი), „ასი ლექსი” (2014).
- იქნება არ ვარ?
- სიზმარში ვარ თუ ცხადში ვარ, ნეტა?
- საერთოდ თუ ვარ, ისიც არ ვიცი,
- იქნებ, უბრალოდ ჩრდილი ვარ ხეთა,
- იქნებ − ყვავილთა დობილ-ნაფიცი.
- ბრუნავს ეს მიწა და მიწის ირგვლივ
- ტრიალებს ბურთი − მთვარე ამხელა,
- არეული და დამფრთხალი ივლი,
- თუ გაგიჭირდა ფიქრის გამხელა.
- სიზმარში ვარ თუ არა ვარ გონზე,
- მზე, მაინც ვიცი, როდის ანათებს,
- თუკი ლანდიც ვარ, მე მაინც მოგწერთ
- ამ სამყაროზე მომცრო ბარათებს.