შერიდანი რიჩარდ ბრინსლეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიჩარდ ბრინსლეი შერიდანი

რიჩარდ ბრინსლეი შერიდანი – (Richard Brinslley Sheridan, 1751-1816), ბრიტანელიპოეტი, დრამატურგი, პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე.

სარჩევი

ბიოგრაფია

წარმოშობით ირლანდიელმა, მსახიობის და მწერლის შვილმა, შერიდანმა, როგორც კომედიოგრაფმა, ადრე მიაღწია წარმატებას და აღიარებას მთელ ინგლისში. 25 წლისა იგი გახდა ლონდონში საუკეთესო თეატრ დრური ლეინის დირექტორი (ხოლო მოგვიანებით, მისი მფლობელი). შერიდანმა უეცრად დატოვა დრამატურგის ასპარეზი, არანაკლებ ბრწყინვალე საპარლამენტო კარიერისთვის. 1812 წლამდე იგი წარმოადგენდა ვიგების პარტიის მარცხენა ფრთას თემთა პალატაში და სახელი მოიხვეჭა სიტყვით, რომელშიც ბრალს სდებდა ინდოეთის გენერალ-გუბერნატორს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კორუფციაში. ცხოვრების უკანასკნელ წლებში, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო მოღვაწეობა დაასრულა და დაეწვა თეატრი, შერიდანი დაივიწყეს. იგი რჩებოდა საუკუნის განმანათლებლად და ვერ შეძლო საკუთარი თავის პოვნა ახალ საზოგადოებრივ და ლიტერატურულ გარემოში. ბაირონმა თქვა შერიდანზე, რომ მან თავისი დროისთვის საუკეთესო სიტყვა წარმოთქვა და საუკეთესო პიესა დაწერა.

რიჩარდ შერიდანი ავტორია მნიშვნელოვანი პიესის − „ავსიტყვაობის სკოლა“. მას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მას განსაკუთრებულ პატივს სცემდა თვით ნაპოლეონ ბონაპარტეც კი. 1792 წელს შერიდანს მეუღლე – ელისაბედ ნილნი გარდაეცვალა, რის შემდგომაც მალევე იქორწინა მეორედ − ესტენ ჯენ ოგლზე. 1809 წელს დრური ლეინის თეატრი დაიწვა, რომელსაც რიჩარდი ედგა სათავეში. ამას თან დაერთო პარლამენტში ადგილის დაკარგვა და სრული გაკოტრება. შერიდანი თავისი ეკონომიური და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთ საშუალებას მისი ვაჟის – ტომასის მდიდარ ქალზე დაქორწინებაში ხედავდა. მაგრამ მას ბედმა აქაც მწარედ დასცინა, რადგან ტომასს ერთი უბრალო და ღარიბი გლეხის გოგონა შეუყვარდა და მასზე გადაწყვიტა დაქორწინება. აღნიშნულმა ფაქტმა შერიდანი ძალიან განარისხა. მან ვაჟს ულტიმატუმი წაუყენა: იგი ან გადაიფიქრებდა ღატაკი ქალის ცოლად შერთვას, ან კიდევ საბოლოოდ დაემშვიდობებოდა მემკვიდრეობას. ინგლისში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მემკვიდრეობა ჩამორთმეულ პირს მშობლებისაგან მხოლოდ ერთადერთი ფუნტი-სტერლინგი გადაეცემოდა, რაც ძალიან კარგად უწყოდა ტომასმა. ტომასმა ისიც კარგად უწყოდა, თუ რა ურთულეს ეკონომიურ სიდუხჭრეს განიცდიდა მამამისი და როდესაც მისგან წაყენებული ულტიმატუმი მოისმინა, მრავალმნიშვნელოვნად გაეღიმა და რიჩარდს მეტად ირონიულად შეესიტყვა: „ძვირფასო მამა, ვეჭვობ, რომ ამ შემთხვევაშიც კი იმ ერთი ფუნტი-სტერლინგის სესხება მოგიწევს, რომელიც კანონით მეკუთვნის მემკვიდრეობის დაკარგვის შემთხვევაში“

რიჩარდ შერიდანი 1816 წლის 7 ივლისს უკიდურეს სიღატაკეში საშინელი დაავადებისაგან მიყენებული ტანჯვა-წამების შედეგად აღესრულა. თუმცა კი, იგი სიკვდილმა არა მხოლოდ ვალებისაგან იხსნა, არამედ ციხეში გამომწყვდევისაგანაც. რაც, თავის მხრივ, სწორედ რომ ვალების გადაუხდელობის გამო ემუქრებოდა დიდ ლიტერატორს. მისი სიკვდილი სრული შოკი აღმოჩნდა ინგლისელი საზოგადოებისათვის და, როგორც ხდება ხოლმე, ერთობ ორგანიზებულად და დიდი პატივით მიაბარეს ვესტმინსტერის სასაფლაოს მიწას.

„მოწინააღმდეგეები“

პირველ წარმატებას შერიდანმა მიაღწია, როდესაც ადრეულ ახალგაზრდობაში პოპულარული პიესის „მოწინააღმდეგეები“ (1775) ავტორი გახდა. მან მიმართა ინგლისურ და ფრანგულ ნაცნობ სახეებს, მოლიერის კომედიებს, რესტავრაციის დრამატურგებს და შექმნა სახალისო პიესა, რომელშიც დასცინა სისულელეს, უვიცობას, პრანჭიაობას, ანგარებას ცხოვრებასა და ლიტერატურაში. პიესა ერთდროულად პაროდირებდა ფუჭი მაღალ საზოგადოებას და მისი გამოხატვის სენტიმენტალურ მანერას. ამგვარად ძველი, სცენაზე დამკვიდრებული ხერხებით იგება ახალი, ორიგინალური ნაწარმოები.

პიესაში გამოყვანილი მოწინააღმდეგეები, მდიდარი კაპიტანი აბსოლუტი და ღარიბი ლეიტენანტი ბევერლი, რომლებიც იბრძვიან მდიდარი მემკვიდრის − ლიდია ლენგვიშის სიყვარულისთვის... ერთი და იგივე ადამიანი აღმოჩნდება. კაპიტანი თამაშობს ლეიტენანტის როლს, რათა მოხიბლოს ქალიშვილი, რომელიც ოცნებობს გაიპაროს სახლიდან და გაჰყვეს ღატაკს. კაპიტანი აბსოლუტი დიდხანს ვერ ახარხებს განდევნოს ლეიტენანტი ლიდიას გულიდან. ლიდიას ოცნებები რომანტიკაზე, თოკის კიბეზე, გაპარვაზე სასაცილოა, მაგრამ ისინი გამოწვეულია არაცნობიერი პროტესტით − გარიგებით ქორწინების წინააღმდეგ, როდესაც გრძნობებით ვაჭრობენ, „როგორც ბაზარში“. კომედია მოიწონეს იმიტომ, რომ მასში ასახულია დროის ტიპური პერსონაჟები: ტირანი-მამა, რომელიც არავის არ სცემს პატივს, საკუთარი თავის გარდა (სერ ენტონი აბსოლუტი), უვიცი თავადის ქალი, რომელსაც პრეტენზია აქვს განათლებულობაზე (მისის მალაპროპი − „შეუსაბამო“, ტაბიტა ბრემის პირდაპირი მემკვიდრე სმოლეტის რომანიდან), მეამბოხე, მაგრამ მშიშარა ახალგაზრდა ფრანტი (ბობ აკრი). ბევრი ფრაზა პიესიდან თავისი აფორისტულობით ლაროშფუკოს მინიატურებს გვახსენებს.

„ავსიტყვაობის სკოლა“

სენტიმენტალური კომედიის საპირისპიროდ, შერიდანის პიესა „ავსიტყვაობის სკოლა“ იცავს „სახალისო კომედიის“ პრინციპებს, და მხატვრულ სახეებში აქცევს გოლდსმიტის ტრაქტატის აზრებს „სენტიმენტალური და სახალისო კომედიის შესახებ“. „მოწინააღმდეგეების“ მორალის უბრალოების მიუხედავად, აქ ჩანს ავტორის სურვილი – არა მხოლოდ გაამხიარულოს მაყურებელი, არამედ აღზარდოს მასში პატივისცემა ბუნებრივი გრძნობების, ნამდვილი მამაკაცობისა და უანგარობის მიმართ. ამ მიზანს ეხმაურება შერიდანის ყველაზე სრულყოფილი კომედია „ავსიტყვაობის სკოლა“ (1777). ის მყარად შევიდა იმ სამუდამო პიესების რიცხვში, რომლებიც ქრებიან ერთი თეატრის რეპერტუარიდან, რათა უმალვე გამოჩნდნენ მეორის სცენაზე. ბრწყინვალე სიტყვამახვილობას, შესანიშნავ სცენათა ჯაჭვს, რომელშიც დასცინიან ინგლისის წმინდათაწმინდას – მაღალ საზოგადოებას, მისი უპრინციპობით, გაუმაძღრობითა და ფარისევლობით, სინამდვილეში საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება გავყოთ შერიდანი-კომედიოგრაფი (1770-იანი წწ.) შერიდანი-პოლიტიკოსისგან (1780-იანი წწ.). თუმცა, ქრონოლოგიის მიხედვით, მისი მოღვაწეობის ეს სფეროები არ ემთხვევა ერთმანეთს, ისინი პასუხობენ ერთ მოთხოვნას – ხელი შეუწყონ თავისი ქვეყნის მორალურ სიწმინდეს, მის კეთილდღეობას.

პიესა მიმართულია მაღალი წრეების სულიერი უზნეობის, უბადრუკობის, ფარისევლობის წინააღმდეგ. კომედიის სიმძაფრე და პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ მხილების და დაცინვის საგნად იქცევიან დამცინავები, სხვისი რეპუტაციის დამქცევები, რომლებიც პროფესიული დახვეწილობით ლახავენ ადამიანების ღირსებას და პატიოსნებას. ლედი სნირუელის სალონი, რომელშიც თავს იყრის ყველა სახის ცილისმწამებელი, ვინც კლავს არა იარაღით, არამედ სიტყვით, არა ბრძოლის ველზე – ეს ის ფონია, სადაც ვითარდება პიესის მოქმედება.

შერიდანი სატირულად ხატავს ავსიტყვაობის ოსტატებს და გმობს სრულიად რეალურ და ფართოდ გავრცელებულ სოციალურ უბედურებას: იმდროინდელ ჟურნალებსა და გაზეთებს. რომ არაფერი ვთქვათ ძალაუფლებისთვის, პოლიტიკური წონისთვის დაფარული შიდა ბრძოლით, ეშმაკური ინტრიგებით სავსე, არისტოკრატიისთვის მისაღებ სალონებზე, რომლებშიც იღუპებოდა მოწინააღმდეგის ღირსება და კეთილი სახელი. ამ საქმეში სამწუხარო სახელი გაითქვა „ჯენტლმენის ჟურნალმა“, ჭორებისა და ანონიმური ბრალდებების გამავრცელებელმა. ასეთი გამოცემების რეალური საშიშროება საკუთარ თავზე, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, გამოსცადა ბაირონმა, რომელიც ზეპირმა და წერილობითმა ძაგებამ სამშობლოდან განდევნა.

ბრწყინვალედ დახატული კომედიის ფონი არ არის პასიური. ის მჭიდროდაა დაკავშირებული პიესის მთლიან მოქმედებასთან. სნირუელის სალონის ხშირი სტუმრები არიან ლედი ტიზლი, ახალგაზრდა გამოუცდელი გოგონა, მოხუცი კეთილი სერი – პიტერის მეუღლე. მათ ცილისწამებით დევნიან და თითქმის ღუპავენ მარიას, ტიზლების ოჯახის დაუცველი აღსაზრდელის რეპუტაციას. როგორც ამბობს პიესის ერთერთი დადებითი პერსონაჟი, „ზოგიერთ ყაჩაღს არ ჩაუდენია იმდენი სიბოროტე, რამდენიც ამ სიცრუის გამავრცელებლებს, ცილისწამების ოსტატებს და კეთილი სახელების დამღუპველებს“.

ძმები სერფესები – ჯოზეფი და ჩარლზი – უპირისპირდებიან ერთმანეთს როგორც მეტოქეები სიყვარულში (ორმხრივი გრძნობა აკავშირებს ჩარლზს და მარიას, რომელიც ფულის გამო სურს ხელში ჩაიგდოს ჯოზეფმა), და როგორც მოწინააღმდეეგები მდიდარი ბიძის, ოლივერის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად, რაზეც დამოკიდებულია მათი მატერიალური უზრუნველყოფა. ისინი ერთმანეთს უპირისპირდებიან როგორც კონტრასტული ზნეობრივი ტიპები: ჯოზეფი – ბოროტმოქმედი და ფარული ავხორცი, რომელიც ქადაგებს მხოლოდ ყველაზე ამაღლებულ პრინციპებს, და აძლევს მათ მორალური სენტენციების უაპელაციო ფორმას. ჩარლზი, პირიქით, არ მალავს თავის ქარაფშუტობას, თავაშვებულობას, ვნებას აზარტული თამაშის მიმართ, მაგრამ სიკეთის და გულისხმიერების ერთგულია, რაც, განმანათლებლების რწმენით, ადამიანური ბუნების ჭეშმარიტ არსს წარმოადგენს.

დრამატურგის ხელოვნება მოიცავს პიესის ყველა ხაზის დაკავშირებას ერთმანეთთან – ცოლ-ქმარ ტიზლების, ძმები სერფესების ისტორიას და ავსიტყვაობის სკოლის „გმირობებს“. პერსონაჟების შეზღუდული წრის გამო ყველანი აღმოჩნდებიან ერთმანეთთან მჭიდროდ, და ძალიან ბუნებრივად, დაკავშირებულები. ლედი სნირუელსაც კი, ცილისმწამებლების ფარულ თავმჯდომარეს, აქვს ანგარებიანი ინტერესი მთავარი გმირების მიმართ. იგი ავრცელებს ჭორს ლედი ტიზლის და ჩარლზის კავშირზე, რათა დააშოროს უკანასკნელი მარიას, და თავად გახდეს მისი საყვარელი; ის ასევე უბიძგებს ყველას, რომ გაავრცელონ ცნობა მარიას კავშირზე ჯოზეფთან, რათა საბოლოოდ მოიშოროს მეტოქე.

კომედიოგრაფის ხელოვნება თავს იჩენს მოქმედების განუწყვეტელ და სწრაფ განვითარებაში, მის კონცენტრირებაში რამდენიმე ოსტატურად აგებულ სცენაში, რომელიც დიდი ხანია დამკვიდრდა კლასიკური ევროპული რეპერტუარის ისტორიაში. ერთ-ერთი მათგანია – ჩარლზ სერფესის გამოცდის სცენა, რომელთანაც სერ ოლივერი მოდის მევახშის სახით. იგი მზადაა მისცეს ახალგაზრდა მფლანგველს დიდი თანხა წინაპრების პორტრეტების სანაცვლოდ. ჩარლზი მხიარული და უხეში ხუმრობებით ყიდის ყველაფერს, გარდა თავად ოლივერის ნახატისა, რომლის მიმართ ერთგულია. კონტრასტის პრინციპზე აგებულ სცენაში ჯოზეფი თავაზიანად უარს ეუბნება ფულით დახმარებაზე გაღატაკებულ ნათესავს, რომლის სახე მიიღო სერ ოლივერმა. ასე ირკვევა, რა დგას ორივე ძმის „ზედაპირული“ ქცევის უკან.

პიესის კულმინაციას წარმოადგენს „სცენა შირმით“, რომლის უკან ჯოზეფი მალავს მასთან პაემანზე მოსულ ლედი ტილზს, როდესაც ოთახში უეცრად შემოდიან სერ პიტერ ტილზი და ჩარლზი. გაუთვალისწინებელი გადახვევები მოქმედების განვითარებაში, დეკორაციების და პერსონაჟების ეფექტური ცვლა, ენამახვილობის ფეიერვერკი სძენენ პიესას არაჩვეულებრივ ბრწყინვალებას. დაძაბული ინტერესი იგრძნობა ბოლო სცენამდე, რომელიც ასევე შეიცავს სიურპრიზს: ლედი სნირუელსა და მისი გარემოცვის ინტრიგებს ამხელს მისი „ერთგული“ მოსამსახურეიდის ყველაფერს, გარდა თავად ოლივერის ნახატისა, რომლის მიმართ ერთგულია. კონტრასტის პრინციპზე აგებულ სცენაში ჯოზეფი თავაზიანად უარს ეუბნება ფულით დახმარებაზე გაღატაკებულ ნათესავს, რომლის სახე მიიღო სერ ოლივერმა. ასე ირკვევა, რა დგას ორივე ძმის „ზედაპირული“ ქცევის უკან პიესის კულმინაციას წარმოადგენს „სცენა შირმით“, რომლის უკან ჯოზეფი მალავს მასთან პაემანზე მოსულ ლედი ტილზს, როდესაც ოთახში უეცრად შემოდიან სერ პიტერ ტილზი და ჩარლზი. გაუთვალისწინებელი გადახვევები მოქმედების განვითარებაში, დეკორაციების და პერსონაჟების ეფექტური ცვლა, ენამახვილობის ფეიერვერკი სძენენ პიესას არაჩვეულებრივ ბრწყინვალებას. დაძაბული ინტერესი იგრძნობა ბოლო სცენამდე, რომელიც ასევე შეიცავს სიურპრიზს: ლედი სნირუელსა და მისი გარემოცვის ინტრიგებს ამხელს მისი „ერთგული“ მოსამსახურე სნეიკი. ბოროტება, რაოდენ პარადოქსული არ უნდა იყოს, სიკეთის და კონფლიქტის კეთილად გადაჭრის იარაღად იქცევა.

პიესაში ყველაზე სუსტია დადებითი პერსონაჟები – მარია, სერ ოლივერი; ისინი უფერულები და ტრადიციულები არიან. საერთოდ, კომედია ტრადიციულობით გამოირჩევა: აქ არის ბევრი სიტუაცია, გადმოტანილი მოლიერიდან (მაგალითად, ჯოზეფის მხილების სცენა გვახსენებს ასეთივე სცენას „ტარტიუფიდან“), რესტავრაციის ეპოქის კომედიოგრაფებიდან, ფილდინგიდან. სავსებით ეხმიანებიან ტრადიციებს პერსონაჟის „მეტყველი“ სახელები: სერფესი ნიშნავს „ზედაპირს“, სნირუელი – „დამცინავს“, სნეიკი – „გველს“ და ა. შ.

„ავსიტყვაობის სკოლა“ შერიდანის ხელოვნების მწვერვალად დარჩა. თავისი იდეური სიღრმით, სოციალური ჟღერადობით და შესრულების ოსტატობით მას ბევრად ჩამოუვარდებოდნენ ორაქტიანი ფარსი „წმინდა პატრიკის დღე“ (1775), კომიკური ოპერა „დუენია“ (1775), შერიდანის მიერ გადაკეთებული ვანბრუს პიესა „მოგზაურობა სკარბოროში“ (1777). მხატვრული ხარისხითა და მასშტაბით მას არ ჩამოუვარდებოდა ასევე, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, დაწერილი მელოდრამა „პიზარო“ (1799), რომელიც კოცებუს პიესის „ესპანელიპერუში“ გადამუშავებას წარმოადგენს. არსებით ინტერესს წარმოადგენს მხოლოდ კომედია „კრიტიკოსი“ (1779), მაგრამ ეს ინტერესი არა იმდენად ცხოვრებისეულია, რამდენადაც ისტორიულ-ლიტერატურული. შერიდანი თითქოს აგროვებს და თავს უყრის აქ ყველა თეატრალურ შტამპს, რომელთა წინააღმდეგ იგი გამოდიოდა რამდენიმე წლის განმავლობაში.

„კრიტიკოსი“

„კრიტიკოსი“ – პიესა-პაროდიაა, რომლის ყველაზე საინტერესო ნაწილია ქედმაღლური უაზრო ტრაგედიის რეპეტიცია („ესპანური არმადა“), რომელიც შექსპირის ეპიგონების ნაწარმოებთა პაროდირებაა. რეპეტირებული პიესის მოქმედება სახალისოდ მოიხსენიება მისი ავტორის – პუფის გესლიან კრიტიკოს და ანტრეპრენიორ სნირთან საუბარში. შერიდანი დასცინის მოდური მელოდრამის შემზარავ გადამეტებებს და თანამედროვე კომედიის სენტიმენტალობას.

მხიარული ხუმრობების და პაროდიული გადაჭარბების უკან არსებითად დგას ავტორის ესთეტიკური პროგრამა _ ცხოვრებისეული სისხლჭარბი რეალისტური ხელოვნების პროგრამა და თანამედროვე თეატრის კრიზისით დამწუხრება, რომელიც მოკლებულია აზრს, შინაარსს და მიყვანილია სიცარიელემდე, უაზრო რიტუალამდე, შტამპების ნაკრებამდე. სცენაზე, სადაც ფარისევლური კეთილსინდისიერების და ზნეობრიობის სიწმინდის გულისთვის უმოწყალოდ მახინჯდებოდა ძველი პიესები, სადაც ვაჭრების მორალი იმარჯვებდა, შერიდანი შევიწროებულად და მოწყენილად გრძნობდა თავს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან მიატოვა დრამატურგია მაშინ, როდესაც მიხვდა, რომ აღარაფერი ჰქონდა სათქმელი მაყურებლისთვის თანამედროვე პიესის პირობითი ენით.

შერიდანი – კომედიის გამოჩენილი ოსტატია. მისი „ავსიტყვაობის სკოლა“ სამართლიანად იკავებს ადგილს მოლიერის, ბომარშეს, გოგოლის კომედიების გვერდით. იდეური შინაარსის სიღრმემ, მხატვრული ფორმების მოხდენილობამ, თავშესაქცევმა ინტრიგებმა, სახეების თვითმყოფადობამ, ძალდაუტანებელმა მხიარულმა მახვილსიტყვაობამ – უზრუნველყო „ავსიტყვაობის სკოლის“ ხანგრძლივი თეტრალური ცხოვრება.

ლაშა ჩხარტიშვილი

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები