ფრაზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფრაზა – (< ბერძნ. phrasis – გამოთქმა, გამოთქმის ხერხი),

1. მეტყველების ძირითადი ერთეული, რომელიც გამოხატავს დასრულებულ (დამთავრებულ) აზრს. ფრაზის მთლიანობას ქმნის მელოდიკურ-ინტონაციური მახასიათებლები და გარკვეული სინტაქსური სტრუქტურა ფრაზა შეიძლება დაემთხვეს წინადადებას, მაგრამ მელოდიკურმა მახასიათებლებმა შესაძლოა ფრაზად აქციონ სიტყვათა ისეთი თანამიმდევრობაც, რომელიც არ არის გაფორმებული სინტაქსურად როგორც წინადადება). ამ აზრით, ფრაზა შედგება ერთი ან რამდენიმე სინტაგმისაგან. ერთსინტაგმიან ფრაზაში სინტაგმისა და ფრაზის მელოდიკური ცენტრი და მახვილი თანხვდება; მრავალსინტაგმიან ფრაზაში კი – ფრაზის მახვილის ფუნქციას ასრულებს ერთ-ერთი, შინაარსობრივად ყველაზე მნიშვნელოვანი სინტაგმის მახვილი.

2. სტრუქტურის ელემენტი, სტრუქტურული იერარქიის ნაწილი, რომელიც მოვლებულია წინადადების სუბიექტურ-პრედიკატულ სტრუქტურას და თავსდება სიტყვასა და წინადადებას შორის. ამ მნიშვნელობით განსხვავებულია: ადვერბიალური (გარემოებითი) ფრაზა („ძალიან ნელა”), ადიექტიური (ზედსართაული) ფრაზა („მარტივი და გამოსაყენებელი“), პრეპოზიციური (ქართ. თანდებულიანი) ფრაზა („ხესთან“, „მაგიდაზე”) და ა. შ.

3. გამონათქვამი, რომლის ელემენტებიც დაკავშირებული არიან ერთ ან მრავალ კოორდინირებულ პრედიკატთან (ა. მარტინე). იყო ცდები „გამონათქვამი“ და „ფრაზა“ სინონიმურად ეხმარათ. მაგრამ არის განსხვავებული მიდგომაც – ფრაზა, როგორც ენის ერთეული, დაუპირისპირონ გამონათქვამს, როგორც მეტყველების ერთეულს.

4. ნებისმიერი მელოდიკურ-შინაარსობრივი მთლიანობა ორ პაუზას შორის. ამ შემთხვევაში ფრაზის ცნება ემთხვევა სინტაგმის ცნებას.

5. ფრაზას ხმარობენ წინადადების მნიშვნელობითაც.

ტრანსფორმაციულ გრამატიკაში ფრაზა გამოყენებულია უფრო ფართო მნიშვნელობით – როგორც ზოგადი დახასიათების ნაწილი ანალიზის ადრეულ სტადიაზე.

ი. თევდორაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები