შეფასება (მოსწავლის ცოდნის)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შეფასება – (Assesment), შეფასება არის რაიმე საგნის, მოვლენის, პროცესის ან ვინმეს შესაბამისობის / მიმართების დადგენა წინასწარ განსაზღვრულ ნიშან-თვისებებთან (კრიტერიუმებთან).

შეფასების მიზანია იმის გარკვევა, თუ რამდენად კარგად ასწავლის მასწავლებელი და რამდენად კარგად სწავლობენ მოსწავლეები. კერძოდ, შეფასებას აქვს შემდეგი ძირითადი მიზნები:
(1) მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა;
(2) მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
(3) სწავლების კონკრეტული მეთოდიკის ეფექტიანობის შემოწმება;
(4) სასწავლო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრა და სრულყოფა;
(5) სწავლების ეფექტიანობის შეფასება და სრულყოფა;
(6) მშობლების ჩართვა მოსწავლის სწავლების პროცესში და მათთან კომუნიკაციის გამყარება.

შეფასებას აქვს ორი განსხვავებული ფუნქცია: სწავლის პროცესის შეფასება (მიმდინარე შეფასება) და პროდუქტის / შედეგების / მიღწევების შეფასება (შემაჯამებელი შეფასება). პირველი გულისხმობს ინფორმაციის დაგროვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ, ხოლო მეორე - შედეგების აღნუსხვას.

სარჩევი

შეფასების ფორმები

შეფასების ფორმებია: განმავითარებელი, განმსაზღვრელი და დიაგნოსტიკური.

განმავითარებელი შეფასება

განმავითარებელი შეფასება ემსახურება მოსწავლეთა სწავლის პროცესისა და წარმატებების გაუმჯობესებას. განმავითარებელი შეფასების დროს მოსწავლე, მასწავლებლის გამოხმაურებისა და კომენტარების დახმარებით, მუდმივად იღებს ისეთ ინფორმაციას, რომელიც საკუთარი სწავლის გათვითცნობიერებაში ეხმარება. მასწავლებლის მიზანია: ასწავლოს მოსწავლეს, როგორ ისწავლოს (სწავლის სწავლა) და, ამავე დროს, მიიღოს ინფორმაცია მოსწავლის სასწავლო საჭიროებების შესახებ, რათა დაეხმაროს მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. განმავითარებელი შეფასება ემსახურება სწავლების დარეგულირებას - დაგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით თითოეული მოსწავლისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენასა და პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას. განმავითარებელ შეფასებას „სწავლისათვის შეფასებასაც“ უწოდებენ. განმავითარებელი შეფასების ყველაზე გავრცელებული ფორმებია წერილობითი კომენტარები, შეფასება ცხრილების (რუბრიკების) საშუალებით და სხვ.

განმსაზღვრელი შეფასება

მისი მიზანია მოსწავლეთა მიღწევების დონის შემოწმება სასწავლო მიზნებთან შეფარდებით. მაგ. განმსაზღვრელი შეფასებაა ქულა, რომელსაც მასწავლებელი წერს გაკვეთილის დროს და რომელსაც არ ახლავს თან განმარტება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შედეგი გაუმჯობესდეს.

განმსაზღვრელი შეფასება ტარდება სემესტრის ბოლოს, თემის დამთავრების შემდეგ, წლის ბოლოს და ა. შ. ისეთი სტანდარტიზებული ტესტები, როგორიცაა GRE, TOEFL და ა. შ. - არის განმსაზღვრელი შეფასების მაგალითები. მაგალითად, „რესტორნის მზარეულის მიერ საჭმლის გასინჯვა“ არის განმავითარებელი შეფასება, რადგან ის სინჯავს იმისთვის, რომ გააუმჯობესოს მისი პროდუქტი. მისი „კლიენტის მიერ საჭმლის გასინჯვა“ არის განმსაზღვრელი შეფასება რადგან ის უბრალოდ ადგენს, რამდენად კარგია საბოლოო პროდუქტი.

განსაზღვრებით შეფასებას „სწავლის შეფასებასაც“ უწოდებენ.

დიაგნოსტიკური შეფასება

დიაგნოსტიკური შეფასება განმავითარებელი (მიმდინარე) შეფასების კომპონენტად განიხილება. დიაგნოსტიკური შეფასების დროს ხდება მოსწავლის გარკვეული მომენტისათვის არსებული ცოდნის დონის და უნარ-ჩვევების შეფასება, რათა ზუსტად დაიგეგმოს სწავლის პროცესი მოსწავლის სუსტი და ძლიერი მხარეების გათვალისწინებით.

შეფასების ძირითადი პრინციპია: შეფასების გამჭვირვალობა და შეფასების სანდოობა

წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები