შიზოაფექტური აშლილობა
შიზოაფექტური აშლილობა - (F25), (schizoaffective disorder), ეპიზოდური აშლილობა, როდესაც გამოხატულია როგორც აფექტური, ასევე შიზოფრენიული სიმპტომები, მაგრამ დაავადების ეპიზოდი არ ესადაგება არც შიზოფრენიის დიაგნოზს, არც დეპრესიულ ან მანიაკალურ ეპიზოდს. აფექტური აშლილობის შემადგენლის მეტად გამოხატული ნიშნების მიხედვით გამოყოფენ მანიაკალურ, დეპრესიულ და შერეულ ტიპებს. (ფსიქიატრიის ლექსიკონები)
ტერმინს „შიზოაფექტური აშლილობა“ სხვადასხვა მნიშვნელობით იყენებდნენ. პირველად იგი შემოიღო კაზანინმა (Kasanin) 1933 წელს. მან აღწერა მწვავე ფსიქიკური აშლილობის მქონე ახალგაზრდა პაციენტების მცირე ჯგუფი, რომლებსაც დაავადება მწვავედ დაეწყოთ და აღენიშნებოდათ თვალსაჩინო აფექტური სიმპტომები. მდგომარეობა რამდენიმე კვირა გრძელდებოდა და დამთავრდა სრული გამოჯანმრთელებით.
ამ ტერმინის თანამედროვე განმარტება მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი თავდაპირველი დეფინიციისგან. DSM IV-ის მიხედვით, აუცილებელია დაავადების უწყვეტი პერიოდის არსებობა, რომლის დროსაც ერთსა და იმავე პერიოდში აღინიშნება როგორც დეპრესიული, მანიაკალური ან შერეული ეპიზოდი, ისე შიზოფრენიის A კრიტერიუმებიც. ბოდვები ჰალუცინაციები, დეზორგანიზებული მეტყველება, გამოხატული დეზორგანიზებული ან კატატონური ქცევა, ნეგატიური სიმპტომები, ე.ი. გასადავებული აფექტი, ალიგია ან აბულია. ამასთან, დაავადების ამ უწყვეტი მიმდინარეობის დროს მწვავე ფაზის ფსიქოზური სიმპტომები, სულ ცოტა, 2 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს, გამოხატული აფექტური აშლილობების გარეშე (წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისმება გუნებ-განწყობის (აფექტური) აშლილობების დიაგნოზი). გუნებ-განწყობის აშლილობები უნდა თვალსაჩინო იყოს დაავადების მთელი მიმდინარეობის მანძილზე.
ICD-10-ში შიზოაფექტური აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმები მსგავსია. აქ მითითებულია, რომ დიაგნოზის დასმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების სურათში შიზოფრენიული და აფექტური სიმპტომები თანაბრადაა გამოხატული და ერთდროულადაა (ან რამდენიმე დღის ინტერვალითაა) წარმოდგენილი. (ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია: ტერმინი „შიზოაფექტური”, არ გამოდგება, თუ სიმპტომები იზოლირებულადაა ან არსებობს ორი დამოუკიდებელი დიაგნოზის, ან, როდესაც პირველადი დიაგნოზის გამოსავლენად მდგომარეობა საკმარისად დეტალურად არაა შესწავლილი).
ICD -10-ში გამოყოფილია შიზოაფექტური აშლილობები დეპრესიული, მანიაკალური და შერეული ეპიზოდებით. DSM-IV-ში მოცემულია დეპრესიული ტიპი და ბიპოლარული ტიპი.(ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში)