შიში
შიში – ფსიქოლოგიაში შიში განიხილება როგორც რეალური ან წარმოსახვითი საფრთხიდან აღმოცენებული უარყოფითი ემოცია. ასეთი საფრთხეებია: სიკვდილი, პიროვნული გაუფასურება, ინდივიდის მიერ აღიარებულ ფასეულობათა მსხვრევა (იდეალების, მიზნების, პრინციპების და ა.შ.).
შიში ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთი ძირითადი საკვლევი მოვლენაა. ს. კიერკეგორმა მკვეთრად გამიჯნა ჩვეულებრივი, ემპირიული შიში-სიფრთხილე, აღძრული კონკრეტული საკითხით ან ვითარებით, მეტაფიზიკური, ანგარიშმიუცემელი შიშისაგან, რომელიც გაპირობებულია იმით, რომ ადამიანი მოკვდავია და იცის ამის შესახებ. მ. ჰაიდეგერის მიხედვით, შიში ეგზისტენციას უმხელს თავის ბოლო შესაძლებლობას – სიკვდილს. ჟ. პ. სარტრთან მეტაფიზიკური ეგზისტენციალური შიში განმარტებულია როგორც მეობის დაკარგვის მოლოდინი.
ადრეული ფსიქოანალიზი ასევე განასხვავებ და გარე საფრთხით გამოწვეულ რაციონალურ შიშს, და სიღრმისეულ, ირაციონალურ შიშს, რომლის წარმომშობად მიიჩნევდა განუხორციელებელ ცხოვრებრივ სწრაფვებს, დათრგუნვილ სურვილებს.
ნეოფროიდიზმს შიში მიაჩნია საერთო ირაციონალურ მდგომარეობად, რაც კიდევ უფრო გაღრმავებულია ცივილიზაციით და ტექნიკური პროგრესით.
მრავალი თეორიის მიხედვით, შიში სახელდება რელიგიის წარმომშობ მიზეზად (დემოკრიტე, ლუკრეციუსი, იუმი, გოლბახი, ფოიერბახი და სხვ.)
თეატრალურ ხელოვნებაში შიშის ფაქტორს უდიდესი მნიშვნელობა მიანიჭა არისტოტელემ, რომლის აზრით, ტრაგედიის მიერ აღძრული შიში, თანატანჯვასთან ერთად, წმენდს ადამიანს „მსგავსი აფექტებისაგან“ (კათარსისი).