ჩაილური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩაილურიმდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, გარე-კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1435 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე იორს მარცხენა მხრიდან. სიგრძე 29,6 კმ, აუზის ფართობი 167 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. იყენებენ სარწყავად.

სახელწოდება

მდინარის სახელწოდება დასდებია საფუძვლად აქვე გაშენებულ სოფელს დიდ ჩაილურს. საყოველთაოდ ცნობილია ქართული ფრაზეოლოგიური შესიტყვება „ჩაილურის წყალი დალია“, რაც საქმის უნაყოფოდ დასრულებას, მიზნის შეუსრულებლობას, იმედის გადაწურვას… ნიშნავს. „თუ მოტაცებულ საქონელს ამ წყალს გაატარებდნენ, მერე პატრონი“ მას საბოლოოდ დაკარგულად თვლიდა“ (თ. სახოკია).

ხალხური გადმოცემის მიხედვით სახელწოდება ჩაილური თურქული და სპარსული სიტყვების ნაზავი ყოფილა: თურქ. ჩაი („წყალი“) და სპარსული ლური („ხევი“): „ხევის წყალი“ (ალექსანდრე ელერდაშვილი). ზოგი მკვლევარი იმ აზრს ემხრობა, რომ ჩაილური თურქულენოვანი მოსახლეობის შემონატანი სახელწოდებაა, ოღონდ იგი ნიშნავს არა „ხევის წყალს“, არამედ ზოგადად წყალს. სპეციალისტთა ერთი ნაწილი კი თვლის, რომ ჩაილური ქართულად ნიშნავს „წყლები“: ჩაი (წყალი) + ლარ (–ლურ), რომელიც მრავლობითი რიცხვის ნიშანია, ქართ, -ებ- ფორმანტის ფარდი ელემენტი. განსხვავებულ თვალსაზრისს გამოთქვამს შ. გოგატიშვილი. მისი მიხედვით ჩაი წყალია, ლურ-ი კი თურმე ლულ-ი სიტყვისაგან ყოფილა წარმომდგარი, რაც ნიშნავს „დენა“. მაშასადამე, ჩაილური||ჩაილული. უნდა გავიგოთ როგორც „მიმდინარე წყალი“.

ჩეენი ვარაუდით ტოპონიმისათვის ამოსავალია არა ჩაი („წყალი“), არამედ თურქული წარმოშობის სიტყვა ჩაირ-ი („მინდორი", „მდელო“, „საძოვარი“, „სათიბი“). ამ ჩაირ- სიტყვას დართვია ქართული -ურ- სუფიქსი, რასაც, თავის მხრივ, ფუძისეული -რ- თანხმოვნის გადაბგერება (დისიმილაცია) მოჰყოლია და იგი -ასად უქცევია: ჩაირ-ურ-ი – ჩაილ-ურ-ი. ქიზიყურ დიალექტში პროცესი მთლიანად დასრულებულა; აქ ჩაილური ჩაილულ-ად გამოითქმის.

ადგილის სახელად ჩაირი დადასტურებულია XVII-XVIII სს. ქართულ ეკონომიკურ საბუთებში: „ნაოვარნი ჩაირს, ვიდრე იორადმდე, ხოლო მთანი იკულივნი ერწოდმდე, ბოლო სახნავნი მინდორნი მარტყოფთა შინა, ყარაი(ი)ს თავად შთაშჭრის“. საყურადღებოა, რომ ამ ძეგლში ნახსენები ადგილები (იორი, იკვლივი, მარტყოფი, ყარაია…) ემთხვევა იმ არეალს, რომელზედაც მოედინება მდინარე ჩაილური და რომელზედაც მდებარეობს ამჟამინდელი ჩაილურის ვრცელი საძოვარი იალაღები.

ტერმინ ჩაირის გამოყენებას ჩვენში დიდი ხნის ისტორია აქვს. მას XV-XVI სს. უკვე ვხვდებით: „ვინაიდან ჩაირი არდისველი ძველიდანვე ხსენებული სოფლის სათიბი არის, (ასევე) ჩაიწერა დავთარში.

საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გარეკახეთში არსებული ტოპონიმი ჩაილური წარმომდგარია თურქული სიტყვისაგან ჩაირი, რაც „საძოვრებს“, „საბალახე ადგილებს“ ნიშნავს.


წყარო

ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები