ჩაილურის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩაილურის ციხე

ჩაილურის ციხე (ნიახურას ციხე) – (ინგლ. Chailuri Castle), XVI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს კახეთის მხარეში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩაილურის სამხრეთით, მდინარე ჩაილურის ხევის მარცხენა სანაპიროზე.

ციხეს გეგმაში არათანაბარი ხუთკუთხედის ფორმა აქვს, რომლის კუთხეებშიც კოშკებია განლაგებული სათოფურებითა და იმ დროისათვის დამახასიათებელი ნისკარტა სალოდეებით. კოშკებს შორის აღსანიშნავია აღმოსავლეთის კუთხეში მდგარი მასიური კოშკი, რომლის უდიდესი ნაწილიც თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. მას საბრძოლო ბილიკის დონეზე მცირე ზომის ღია სადგომი აქვს, გალავნის კედლისკენ გაჭრილი სათოფურებით. ციხის გალავნისა და კოშკების კედლები ქონგურებით ბოლოვდება, რაც ნაგებობის არა მარტო თავდაცვითი ელემენტებია, არამედ არქიტექტურულადაც მომხიბვლელობასა და გრანდიოზულობას მატებს მთის თავზე ამაყად წამომდგარ ციხესიმაგრეს. ნაშენია რიყის ქვისა და კირის დუღაბის გამოყენებით. კარიბჭე ამოშენებულია ძველი ქართული აგურით. ციხის ეზოში ჩრდილოეთ კუთხეში, კოშკის წინ კვადრატული ნაგებობის კვალია შემორჩენილი, რომელიც სავარაუდოდ 3-4 სართულიანი უნდა ყოფილიყო ხის ბრტყელი სართულშუა გადახურვებით.

ჩაილურის ციხეს სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდა – კეტავდა შემოსასვლელს იორის ხეობაში და მანავის ციხესთან ერთად წარმოადგენდა თბილისისკენ მიმავალი გზის ჩამკეტ თავდაცვით ნაგებობას. საკმაოდ დაზიანებული ციხესიმაგრე მთლიანადაა აღდგენილი 1980-1984 წლებში.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები