ჩვეულებრივი კაკაჩა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩვეულებრივი კაკაჩა (ლათ. Buteo buteo innaeus, 1758) ფრინველი ქორისებრთა ოჯახიდან. საშუალო სიდიდის მტაცებელი ფრინველია, ფრთა 340-435 მმ-ია, კუდი – 175-245 მმ, წონა – 800-1200 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ დამახასიათებელია არა მარტო ასაკობრივი ვარიაციები, არამედ ნაირგვარი შეფერილობა ერთსა და იმავე ასაკშიც. ზრდასრული ფრინველი ზურგის მხარეს უფრო ხშირად (კავკასიური ფორმა) მურა ფერისაა, მაგრამ ბუმბულებს ქარცი არშიები აქვთ. მომქნევები მუქი მურაა, ზოგჯერ არამკვეთრი განივი ზოლებით, ხოლო შიგნითა მარაოების თითქმის ნახევარი თეთრია. საჭის ბუმბულები მორუხოა ან უფრო ხშირად — მოწითალო-ქარცი, მურა განივი ზოლებით. მუცლის მხარე შეიძლება იყოს მუქი ქარცი, ბაცი ქარცი ან ჟანგ-მიწისფერი, გასწვრივი მურა ზოლებით, რომლებიც მუცელზე ზოგჯერ (უფრო ხნიერებში) განივ სახეს ღებულობენ. ნისკარტი მოშავოა, ბრჭყალები — შავი, ხოლო ცვილანა და ფეხები ყვითელი.

აღწერილია 10 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური კაკაჩა – B. b. menetriesi Bogdanow, 1879.

სარჩევი

გავრცელება

ბუდობის არეალი მოიცავს ტყისა და ტყე-ველის ზონებს ევროპასა და აზიაში, დასავლეთით ბრიტანეთიდან და პირენეიდან, აღმოსავლეთით – იაპონიამდე. გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარია შოტლანდია, შუა სკანდინავია, არხანგელსკი, დასავლეთ ციმბირში მე-60, ხოლო იაკუტიაში — 63-ე პარალელები, ოხოტის ზღვის ნაპირებამდე. სამხრეთით — ხმელთაშუა ზღვის სანაპიროები ევროპის ქვეყნებში, კავკასია, მცირე აზია, ჩრდილოეთი ირანი, ჰიმალაი, ტიბეტი, დასავლეთი ჩინეთი. მოიპოვება აზორის, კანარისა და მწვანე კონცხის კუნძულებზეც. ზამთრობს აფრიკის სამხრეთ ნაწილში, ინდოეთში, ინდოჩინეთსა და ჩინეთში. კავკასიური ქვესახეობა, კავკასიის გარდა, მოიპოვება ყირიმში, ირანის ჩრდილოეთ ნაწილში და მცირე აზიაში. საქართველოში მობინადრეა.

ბიოტოპი

მთის ტყეების სარტყელი მის ზემო საზღვრამდე. საკვების საძებნელად ადის სუბალპურსა და ალპურ ზონებშიც, ხოლო არაბუდობის პერიოდში ჩამოდის ბარშიც.

გამრავლება

ბუდეს იკეთებს ხეზე, უპირატესად ტყისპირებში. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დებს 2-4 კვერცხს. კრუხად ჯდება უმეტესად დედალი. საინკუბაციო პერიოდი 28 დღემდე გრძელდება.

კვება

კაკაჩა პოლიფაგი ფრინველია, იკვებება მრავალგვარი ცხოველით, იჭერს ჩხიკვს და უფრო პატარა ფრინველებს (სტვენია, მწვანულა, სინეგოგა და სხვ.), ჭამს ხვლიკებს, ამფიბიებს, ნაირგვარ მწერს, მაგრამ საკვების ძირითად ნაწილს მაინც თაგვისებური მღრღნელები შეადგენენ.

მნიშვნელობა

თაგვისებური მღრღნელებისა და მავნე მწერების მასობრივად განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები