ჩვეულებრივი ტყის ბუ
ჩვეულებრივი ტყის ბუ (ლათ. Strix aluco Linnaeus, 1758) − ფრინველი ბუსნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ბუსნაირნი (Strigiformes)
- ოჯახი − ბუსებრნი (Strigidae)
- გვარი − ტყის ბუ (Strix)
ჩვეულებრივი ტყის ბუ საშუალო ზომის ფრინველია, ფრთა 265-305 მმ-ია, ნისკარტი – 17-18 მმ, წონა – 450-685 გ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა, მაგრამ დამახასიათებელია ინდივიდუალური პოლიმორფიზმი. არჩევენ შეფერილობის რამდენიმე ტიპს. ამიერკავკასიაში, კერძოდ საქართველოში, მოიპოვება ძირითადად 2 ტიპის – ქარცი და მურა-ყავისფერი შეფერილობის ტყის ბუ. ქარცი ვარიაციის ფრინველი სხეულის ზედა მხარეს მოჟანგისფრო-ქარცია, მხოლოდ კეფა აქვს უფრო ღია ფერის. ამასთან თხემსა და კეფაზე გასწვრივი და განივი მურა სიჭრელეა. სახის დისკოც ქარცია, მაგრამ ნისკარტთან რუხია. სხეულის ქვემო მხარე ღია ცვილისფერია, მურა ფერის ზოლებით. ფეხები შემოსილია ბრჭყალებამდე მკრთალი ჟანგმიწისფერი ბუმბულებით. მურა-ყავისფერი ტიპის ფრინველები გამოირჩევიან მუქი (მურა-შავი) შეფერილობით. მომქნევები და საჭის ბუმბულები თითქმის ერთფეროვანი აქვთ. გასწვრივი მუქი ზოლები ძალიან ფართო და მკვეთრია. მუცლის მხარეს განივი ზოლებიც მკვეთრი და ტლანქია. ფეხების ბუმბულსაფარველი ძლიერ დაწინწკლულია. სახის დისკო მუქი მურაა.
აღწერილია 11 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება კავკასიური ტყის ბუ − S. a. wilkonskii Menzbier, 1896.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს აფრიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს; თითქმის მთელ ევროპას (უკიდურესი ჩრდილოეთი რაიონების გამოკლებით); დასავლეთ ციმბირს, წინა და ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთით ჩინეთამდე და კორეამდე, სამხრეთით – ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე. საქართველოს ფარგლებში მობინადრეა.
ბიოტოპი
ბინადრობს ნაირგვარი ტიპის ტყეში, წიწვიანებშიც და ფოთლოვანებშიც, აგრეთვე კულტურულ ლანდშაფტში, თუ იქ არის ხემცენარეები. არეალის ჩრდილოეთ ნაწილში მოიპოვება როგორც ბარში, ისე მთებში, ხოლო სამხრეთში–მხოლოდ მთებში.
გამრავლება
ბუდობს უპირატესად ხის ფუღუროებში, სხვა ფრინველების – კაჭკაჭის, ყვავის, ქორის ბუდეებშიც. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში დებს 2 3-დან 7-8-მდე კვერცხს. ნაყოფიერების სიდიდე დაკავშირებულია კლიმატურ და კვების პირობებთან. კრუხად ჯდება მხოლოდ დედალი. საინკუბაციო პერიოდი 30 დღემდე გრძელდება.
კვება
ძირითადი საკვებია თაგვისებური მღრღნელები, მაგრამ მათი სიმცირის შემთხვევაში იკვებება პატარა და საშუალო ზომის ფრინველებით, ქვეწარმავლებითა და ამფიბიებით, აგრეთვე დიდი ზომის მწერებითაც.
მნიშვნელობა
უამრავი მავნე მღრღნელების განადგურებით დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.