ჩვეულებრივი უფეხურა
ჩვეულებრივი უფეხურა (ლათ. Caprimulgus europaeus Linnaeus, 1758) − ფრინველი უფეხურასნაირთა რიგიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − უფეხურასნაირნი (Caprimulgiformes)
- ოჯახი − უფეხურასებრნი (Caprimulcidae)
- გვარი − უფეხურა (Caprimulgus)
ჩვეულებრივი უფეხურა პატარა ზომის ფრინველია, თუმცა უფრო დიდის შთაბეჭდილებას ტოვებს. ფრთა 175-205 მმ-ია, კუდი − 125-150 მმ, გალო − 15-18 მმ, წონა − 50-70 გ. ყურადღებას იქცევს პატარა ნისკარტი და მეტად ფართო პირი, კიდეებზე ჯაგრისებური ბუმბულებით; პატარა და სუსტი ფეხები, მოკლე თითებით, სავარცხლისებურად დაკბილული შუა თითის ბრჭყალი. შეფერილობაში სქესთა შორის მცირე განსხვავებაა. ზრდასრული მამალი ზურგის მხარეს მონაცრისფრო-მურაა, მუქი წინწკლებით და მურა-შავი ღერძულა ლაქებით. თავსა და მხრებზე ეს ლაქები უფრო ფართოა, ხოლო ზურგზე − ვიწრო. პირველი რიგის მომქნევებზე ქარცი განივი ლაქებია, წვეროებზე მორუხო წინწკლებით. პირველ სამ მომქნევზე დიდი თეთრი ლაქებიცაა. საჭის შუა ბუმბულები მორუხოდაა დაწინწკლული და მუქი განივი ზოლები აქვთ. საჭის ბუმბულების გარეთა 2 წყვილს წვეროებზე თეთრი ლაქები აქვთ. სხეულის ქვემო მხარე მოწაბლისფროა, არამკვეთრი სიჭრელით. მოქარცისფრო მუცელზე განივი ლაქებია. ყელზე 2 თეთრი ლაქაა. თვალების ქვეშ ვიწრო თეთრი ზოლებია. დედალი გამოირჩევა მამლისაგან იმით, რომ ფრთებზე თეთრი ლაქები არა აქვს; ყელზე და საჭის კიდურა ბუმბულების წვეროებზე ლაქები ქარცია და არა თეთრი. ნისკარტი შავია, ფეხები — მურა ფერის.
აღწერილია 6 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება სამხრული უფეხურა − C. e. meridionalis Hartert, 1896.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ევროპას − თითქმის პოლარულ წრემდე; აზიას — აღმოსავლეთით იმიერბაიკალეთამდე, აღმოსავლეთ მონგოლეთამდე და გობის უდაბნომდე; ჩრდილოეთით ტობოლსკამდე, ტომსკამდე და ირკუტსკამდე, ხოლო სამხრეთით − მცირე და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთამდე; აფრიკაში − ალჟირსა და ტუნისში. იზამთრებს ინდოეთში და მთელ აფრიკაში − საჰარის სამხრეთით. საქართველოში ცნობილია როგორც მობუდარი ფრინველი.
ბიოტოპი
ბუდობის დროს ბინადრობს ტყეებსა და ტყე-ველებში, ბუჩქნარიან ნახევარუდაბნოებში, უდაბნოების განაპირა ზოლში, მთებისა და მთებისწინა უტყეო ან მეჩხერტყიან ნაკვეთებზე.
გამრავლება
ბუდეს არ აკეთებს. მაისის მეორე ნახევარში დებს მეტწილად 2 კვერცხს, მიწაზე, გასული წლის ხმელი ფოთლების ან წიწვების საფენზე. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 16-17 დღემდე გრძელდება.
კვება
ენტომოფაგი ფრინველია. აქტიურია მხოლოდ შებინდებისას. ფრენის დროს იჭერს და ჭამს უპირატესად ღამის მწერებს − პეპლებს, ხოჭოებს.
მნიშვნელობა
როგორც ენტომოფაგ ფრინველს, დიდი სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის.