უფეხურასნაირნი
უფეხურასნაირნი (ლათ. Caprimulgiformes) − ფრინველთა რიგი. რიგი აერთიანებს საშუალო და მომცრო ზომის ფრინველებს, რომელთა ბუმბულსაფარველი, ბუსნაირთა მსგავსად, რბილი და ფაშარია. გამონაკლისია სამხრეთამერიკული რამდენიმე დიდი ზომის ფრინველი, უფრო მკვრივი და უხეში ბუმბულსაფარველით. უმრავლესობისათვის დამახასათებელია გრძელი და მახვილი ფრთები, გრძელი კუდი, საჭის 10 ბუმბული და 10 პირველი რიგის მომქნევი. კონტურულ ბუმბულებს აქვთ დამატებითი ღერო. აპტერიებზე არის ღინღლი. შეფერილობა არამკვეთრია, თუმცა საკმაოდ ნაირგვარია და მფარველობითი ხასიათისაა. საერთო შეფერილობით ემსგავსებიან ხის ქერქს, ტყის საფენს, ჩამოცვენილ ფოთლებს და შეხამებული არიან გარემოსთან. სქესობრივი დიმორფიზმი სუსტად აქვთ გამოხატული.
ნისკარტი ზოგი სახეობის ფრინველს პატარა და სუსტი აქვს, სხვებს − მასიური, ბოლოში მოკაუჭებული და ნისკარტზედას კიდეებზე კბილაკისებური გამონაზარდებით. პირი მეტად ფართოა, განსაკუთრებით პატარანისკარტიან ფრინველებში, რომლებიც საკვებს (მწერებს) იჭერენ ფრენის დროს. ამასთან პირის კიდეებზე აქვთ დიდი ზომის ჯაგრისებური ბუმბულები, რომლებიც კიდევ უფრო ადიდებენ ე. წ. დამჭერ ფართობს.
უფეხურასნაირთა ზოგ სახეობას ფეხები სუსტი და მოკლე აქვს. ამიტომ მიწაზე სიარული არ შეუძლიათ და აუცილებლობის შემთხვევაში მოძრაობენ პატარა ნახტომებით. ასეთი ფეხებით ვერც ტოტებს ეჭიდებიან და ხეზე ვერ სხდებიან ან თუ სხდებიან − მხოლოდ მუცლით წვებიან ხის ჰორიზონტალურ ტოტებზე. სამაგიეროდ სწრაფად და ხანგრძლივად ფრენის, აგრეთვე მიმართულების მკვეთრად შეცვლის უნარი აქვთ იმის წყალობით, რომ სხეულის წონასთან შეფარდებით, ფრთები და კუდი გრძელია. არიან მორბენალი სახეობის ფრინველებიც. თვალები დიდი აქვთ და რამდენადმე წინ არიან მიმართული. კუდუსუნის ჯირკვლები პატარა და შეუმოსავია.
ამ რიგის ფრინველთა უმრავლესობა ბინდის ან ღამის ფორმებია. რამდენიმე სამხრეთამერიკული სახეობა დღისით არიან აქტიურნი. ბინადრობენ ნაირგვარ ლანდშაფტში — უდაბნოებში, მთებში, ტყეებში, ტროპიკულ ქვეყნებში. ჩრდილოეთის ფორმები გადამფრენია, ხოლო ტროპიკებში − მობინადრენი.
მონოგამიური ფრინველებია. გამრავლების ვადები განსხვავებულია გეოგრაფიული განედების მიხედვით. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად. ბუდე მეტწილად მარტივია. იგი მიწის უბრალო ჩაღრმავებაა, ხშირად ამონაფენის გარეშე. ნამდვილ ბუდეს მხოლოდ ზოგიერთი სახეობის ფრინველი აგებს − მიწაზე, წვრილი ტოტების, ხავსისა და ბუმბულებისაგან. არიან ფუღუროებში მობუდარნიც. კვერცხების რაოდენობა მერყეობს 1-დან 4-მდე. ემბრიონული განვითარება შედარებით სწრაფად მიმდინარეობს და უფრო წიწილოვან ფრინველთა ტიპს მიეკუთვნებიან, ვიდრე ბარტყოვანს.
უფეხურასნაირთა უმრავლესობა ენტომოფაგებია. ზოგიერთი მოზრდილი ზომის ფრინველი ჭამს პატარა ზომის ხერხემლიანებსაც. არიან ისეთებიც, რომლებიც ხემცენარეთა წვნიანი ნაყოფებით იკვებებიან. მწერებს იჭერენ და ჭამენ შებინდების შემდეგ ფრენის დროს. ხშირად ნაყოფებსაც ფრენის დროს ჭამენ. სახეობების უმრავლესობა დამახასიათებელია ტროპიკული სარტყლისათვის. რამდენიმე სახეობა შორს იჭრება ჩრდილოეთ განედებშიც, მაგრამ პოლარული წრის იქით არ მოიპოვებიან.
უფეხურასნაირთა რიგში გამოყოფენ 3 ოჯახს. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ერთი ოჯახის წარმომადგენელი.