ჩვეულებრივი ხონთქრის ქათამი
ჩვეულებრივი ხონთქრის ქათამი (ლათ. Porphyrio porpihyrio Linnaeus, 1758) – ფრინველი ლაინასებრთა ოჯახიდან.
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ლაინასნაირნი (Ralliformes)
- ოჯახი − ლაინასებრნი (Rallidae)
- გვარი − ხონთქრის ქათამი (Porphyrio)
ჩვეულებრივი ხონთქრის ქათამი ყველაზე დიდი ზომისაა ლაინასნაირთა შორის, ფრთა 250-295 მმ-ია, ნისკარტი – 73-75 მმ, წონა – 1500 გ-მდე. მამალი შესამჩნევად დიდია დედალზე; შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება თითქმის არაა (დედალი მხოლოდ ოდნავ უფრო მკრთალია); ჩვენში გავრცელებული სხვა ლაინასნაირებისაგან გამოირჩევა კაშკაშა მოლურჯო-მომწვანო შეფერილობით, კეფაზე, კისრის უკან და გვერდებზე, ზურგზე, მკერდის უკანა ნაწილსა და მუცელზე იისფერი ელვარებით. თავის გვერდები, ყელი, კისერი წინიდან, ჩიჩახვი და მკერდის წინა ნაწილი მოცისფრო-მომწვანოა; თხემის შემოსილი ნაწილი და თვალების ირგვლივ ბუმბულები რუხია; მომქნევები მუქი-მურა; საჭის ბუმბულებიც მუქი მურაა, მაგრამ აქვთ მოლურჯო-იისფერი კიდეები და მომწვანო ელფერი. კუდქვეშა ბუმბულები თეთრია. მოკლე და მსხვილი ნისკარტი, გრძელი და მძლავრი ფეხები, გრძელი თითებით, აგრეთვე ტიტველი კანი შუბლზე, რომელიც რამდენადმე თხემზედაც გადადის, წითელია. ახალგაზრდები განსხვავდებიან ზრდასრულებისაგან ზურგის უფრო მკრთალი, ხოლო მკერდისა და მუცლის რუხი შეფერილობით.
აღწერილია 22 ქვესახეობა, რომელთაგან უმრავლესობას წინათ ცალკე სახეობად მიიჩნევდნენ. საქართველოში მოიპოვება კასპიის ხონთქრის ქათამი – P. p. seistanicus Zarudny und Haerms, 1911.
სარჩევი |
გავრცელება
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს ძირითადად ტროპიკულსა და სუბტროპიკულ ზონებს სამხრეთ ევროპაში (პირენეის სამხრეთი ნაწილი, ხმელთაშუა ზღვის ზოგიერთი კუნძული); აფრიკაში (ყველგან, საჰარის გამოკლებით); წინა და სამხრეთ აზიაში (ირანი, ინდოეთი, ინდო-ჩინეთი); მალაის არქიპელაგზე, ავსტრალიასა და პოლინეზიაში; სსრ კავშირში – კასპიის ზღვის სანაპიროებზე. არეალის უდიდეს ნაწილში მობინადრეა. საქართველოში ნაპოვნია ყარაიაზში ერთეული ეგზემპლარები არაბუდობის დროს.
ბიოტოპი
ბინადრობს დამდგარი შიდა წყალსატევების, მდორე მდინარეების, აგრეთვე ზღვების გაუვალ სანაპიროებზე, უხვად განვითარებული ლელით, ლერწმით, ისლითა და ბუჩქნარებით.
გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად. ბუდეს აკეთებს ხმელი ლელის, ისლის, ლერწმის ფოთლებისა და ღეროებისაგან უშუალოდ წყლის ზედაპირზე ან რამდენადმე მაღლა (როცა წყლის დონე მერყევია). აპრილის პირველ ნახევარში დებს 5-9 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე სქესის ფრინველი, მაგრამ უფრო ხანგრძლივად – დედალი. საინკუბაციო პერიოდი 22-25 დღემდე გრძელდება. შავი ღინღლით დაფარული მართვეები ბუდიდან გადმოდიან 4 დღის შემდეგ, თუმცა დასასვენებლად ხშირად ისევ ბუდეს უბრუნდებიან.
კვება
ხონთქრის ქათმის ძირითად საკვებს შეადგენს უპირატესად წყლის მცენარეთა ნაზი ფესურები, ნორჩი მწვანე ყლორტები და თესლები. მცირე რაოდენობით ჭამს წყლისა და ხმელეთის მწერებს, ბაყაყებს, ზოგჯერ პატარა ფრინველების ბარტყებსა და თაგვისებურ მღრღნელებს.
მნიშვნელობა
მცირერიცხოვნობის გამო პრაქტიკული მნიშვნელობა ჩვენში არა აქვს.