ლაინასნაირნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლაინასნაირნი (ლათ. Ralliformes) − ფრინველთა რიგი. რიგი აერთიანებს უპირატესად პატარა ზომის ფრინველებს. არიან საშუალო ზომისანიც. ჩვენში გავრცელებული სახეობებიდან, ყველაზე დიდია ხონთქრის ქათამი და მელოტა, ხოლო ყველაზე პატარა – პაწაწა ქათამურა.

ლაინასნაირთათვის დამახასიათებელია შედარებით რბილი და ფაშარი ბუმბულსაფარველი. ბუმბულის მარაოების ციცქნაწვერები სუსტად უკავშირდებიან ერთმანეთს. ღინღლი მთელ სხეულზეა განაწილებული. პირველი რიგის მომქნევი 11, ხოლო საჭის ბუმბულები 8-დან 14-მდეა. კუდი მოკლეა და სუსტი. საჭის ფუნქციას, ზოგიერთ სახეობებში, გრძელი ფეხები ასრულებენ. ფრთა ბლაგვი, მოკლე და შედარებით სუსტია, ფრთის პირველ თითზე ბრჭყალია განვითარებული.

შეფერილობა ნაირგვარია. არიან ერთფეროვანი შავი ან ლურჯი; ტროპიკული და სუბტროპიკული სახეობები მკვეთრი შეფერილობისანი არიან და ახასიათებთ მეტალური ელვარება. უმრავლესობა მაინც მურა, ქარცი, თეთრი და რუხი ფერების ნარევია. ზოგიერთებს კარგად ემჩნევათ მფარველობითი შეფერილობა. სქესობრივი დიმორფიზმი მხოლოდ სხეულის ზომაშია სუსტად გამოხატული (მამლები ოდნავ დიდებია დედლებზე). ხშირად შეუმოსავი შუბლისა და თხემის კანი მკვეთრი შეფერილობისაა (წითელი, ლურჯი და სხვ.). გვერდებიდან შებრტყელებული ნისკარტი ჩვეულებრივად საშუალო სიგრძისაა, იშვიათად არის გრძელიც. ნესტოები მეტწილად ნაპრალისებურია. ფეხები ოთხთითიანია. თითები გრძელია, ბრჭყალები გრძელი და ოდნავ მოხრილი. სახეობების უმრავლესობას საცურავი აპკი არა აქვთ განვითარებული. იგი მელოტას აქვს ყოველ თითზე დამოუკიდებელი ლაპოტის სახით. დამახასიათებელია პატარა თვალები.

ლაინასნაირთა ტიპობრივი ადგილსამყოფელია ტროპიკებისა და სუბტროპიკების ტენიანი ტყეები, ხშირი ქვეტყით, ბალახნარიანი ჭაობები, მდინარის სანაპირო ბუჩქნარები. ასეთ ბიოტოპებში შეიძლება შეგვხვდეს მთებშიც, თუმცა ძირითადად დაბლობებს ეტანებიან. იშვიათად მოიპოვება მშრალ მდელოებზე, მინდვრებში და ტყის ნაკაფებშიც (ღალღა). უმრავლესობა ბინდისა და ღამის ნირის ფრინველია. დღისით თავს აფარებენ ხეების ფესვების ქვეშ სოროებს. მელოტას დღის ცხოვრების ნირი ახასიათებს.

ლაინასნაირთა ერთი ნაწილი კარგად დარბის ხშირ ბარდნარებშიც კი. ზოგიერთი ნამდვილი წყლის ფრინველია, კარგად ცურავს და ყვინთავს. ფრინავენ დუნედ და მძიმედ. კუნძულების ზოგიერთმა ფორმებმა სრულიად დაკარგეს ფრენის უნარი. ტროპიკული ზონის სახეობები მობინადრენია, ხოლო ჩრდილოეთისა – გადამფრენი.

მონოგამიური ფრინველებია. დაწყვილება მიმდინარეობს უშუალოდ გამრავლების დაწყების წინ. არიან სახეობები, რომლებიც ზამთრობის ადგილებშივე წყვილდებიან. უმრავლესობა ზაფხულის განმავლობაში 2-ჯერ ასწრებს გამრავლებას. ბუდობენ ცალკეულ წყვილებად. ბუდეს იკეთებენ ხშირ ლელიანში, ისლნარში, ბალახნარებში და მშრალ კულტურულ ნაკვეთებზეც. დებენ 3-დან 15-მდე კვერცხს. ემბრიონის განვითარება წიწილოვანი ტიპისაა, იჩეკებიან თვალებახილულნი და სქელი ღინღლით დაფარულნი. გამოჩეკის შემდეგ სწრაფად ტოვებენ ბუდეს, თუმცა ფრენის უნარს იძენენ გვიან.

სახეობების ნაწილი იკვებებიან თითქმის მხოლოდ ცხოველური საკვებით (უხერხემლოებით). სხვები (მელოტა და სხვ.) ძირითადად ფიტოფაგებია და მხოლოდ მცირე რაოდენობით ჭამენ ცხოველურ საკვებს. საკვების შედგენილობა ცვალებადობს წლის სეზონების მიხედვით. საკვებს კენკავენ მიწაზე, მცენარეებზე, წყლის ზედაპირზე, ზოგიერთი მოიპოვებს თავთხელი წყალსატევის ფსკერზე ჩაყვინთვითაც.

ლაინასნაირნი ფართოდ არიან გავრცელებული დედამიწაზე და მოიპოვებიან ყველგან, პოლარული სარტყლების გამოკლებით. ყველაზე რიცხვმრავლად მაინც ტროპიკებსა და სუბტროპიკებში არიან. სარეწაო მნიშვნელობა მხოლოდ მელოტას აქვს, ისიც მხოლოდ ზამთარში სანადირო ობიექტია ღალღა. სხვებს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვთ.

ლაინასნაირთა რიგში გამოყოფენ მხოლოდ ერთ ოჯახს, 52 გვარითა და 132 სახეობით.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები