მელოტა
მელოტა (ლათ. Fulica atra Linnaeus, 1758) – ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ოჯახისა ლაინასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 1 სახეობა − მელოტა
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − ლაინასნაირნი (Ralliformes)
- ოჯახი − ლაინასებრნი (Rallidae)
- გვარი − მელოტა (Fulica)
მელოტა საშუალო სიდიდის ფრინველია, ფრთა 195-235 მმ-ია, ნისკარტი – 33-38 მმ, წონა 500-1150 გ. მამალი ცოტათი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველის საერთო შესახედაობა მურა-შავია, მაგრამ თავი და კისერი უფრო მუქი შავი აქვს, ხოლო ზურგის მხარე – ასპიდურ-შავი, მოცისფრო ელფერით; შავია სხეულის სხვა ნაწილებიც, თუმცა ქვემო მხარე უფრო ასპიდურ-რუხია, მომქნევები – მორუხო-მურა, ხოლო მეორე რიგის მომქნევების წვეროები ღია ფერის. შუბლი და თხემის წინა ნაწილი მელოტია (შეუმოსავია) და თეთრია. ასევე თეთრია ნისკარტიც, მაგრამ ძირში მოწითალოა. ფეხები მოცისფრო-რუხია. ახალგაზრდებს შუბლის მელოტი ნაწილი ვიწრო და სოლისებური აქვთ; თავი და მთელი ზურგის მხარე – მურა, მუცლის მხარე – მორუხო-თეთრი, ყელი, თავის გვერდები და კისრის წინა ნაწილი – თითქმის სრულიად თეთრი.
ცნობილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი მელოტა – F. a. atra Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობს ევროპისა და აზიის დიდ ნაწილში, ახალ გვინეაში, ავსტრალიაში, ტასმანიაზე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში და ნილოსის დაბლობზე. ევროპასა და აზიაში ჩრდილოეთი საზღვარი გადის სკანდინავია-ფინეთის სამხრეთ ნაწილში, ლენინგრადთან და ირტიშის შესართავთან, ენისეის აუზში 59-ე პარალელზე, ალდანის შესართავთან, ქ. ოხოტსკის მახლობლად, სახალინზე და იაპონიაში. სამხრეთით მოიპოვება თითქმის მთელ ევრაზიაში, მხოლოდ არ არის ცენტრალურ აზიაში, არაბეთში, წინა აზიის სამხრეთ ნახევარსა და ინდოჩინეთში. ჩრდილოეთიდან გადამფრენია. იზამთრებს სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და მთელ სამხრეთ აზიაში. საქართველოში მობინადრეა.
ბიოტოპი
ბინადრობს მტკნარ ან მომლაშო დამდგარ წყალსატევებზე, უხვად განვითარებული, შეტბორილი ლელქაშით, ლერწმითა და ისლით, უპირატესად დაბლობებში, თუმცა შესაფერი ბიოტოპის არსებობის შემთხვევაში ზოგან მთებშიც მოიპოვება.
გამრავლება
ბუდობს ცალკეულ წყვილებად, მაგრამ ბუდეები შეიძლება ერთმანეთთან ახლოსაც იყოს. ბუდეს აკეთებს ხმელი ლელის, ლერწმის, ლაქაშის გროვაზე, უშუალოდ წყლის ზედაპირზე. აპრილის მეორე ნახევარში დებს 6-15 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 22 დღემდე გრძელდება.
კვება
ძირითადად ფიტოფაგი ფრინველია. მცირე რაოდენობით იკვებება ცხოველური საკვებითაც. ჭამს უმთავრესად წყლის მცენარეთა მწვანე ნაწილებსა და თესლებს. ცხოველური საკვებიდან – წყლის მწერებს, მოლუსკებს, პატარა ზომის თევზებს.
მნიშვნელობა
ზოგან დიდი რაოდენობით მოიპოვებენ, განსაკუთრებით ზამთარში, როცა საკმაოდ სუქდება და ხორცი უფრო მაღალი ღირსებისაა.