ღალღა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ღალღა

ღალღა (ლათ. Crex crex Linnaeus, 1758) − ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ოჯახისა ლაინასნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 1 სახეობა − ღალღა.

ღალღა მწყერზე ცოტათი დიდია, ფრთა 125-145 მმ-ია, ნისკარტი 19-23 მმ, წონა – 130-190 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში სუსტადაა გამოხატული. მამალი ოდნავ დიდია დედალზე. გამრავლების პერიოდში მამალს თავზე ზემოდან, ზურგზე, პირველი და მესამე რიგის მომქნევები და საჭის ბუმბულები მოწაბლისფრო-ცვილისფერი აქვს, მოშავო ცენტრებით, ჟანგმიწისფერი არშიებით და რუხი წვეროებით. ყელი და კისრის წინა მხარე მოთეთრო-რუხია, მკერდი და ჩიჩახვი – რუხი, მათ გვერდებზე ჟანგმიწისფერი ელფერით; სხეულის გვერდები ჟანგმიწისფერ-ქარცია, თეთრი განივი ზოლებით; ცვილისფერ კუდქვეშა ბუმბულებს თეთრი წვეროები აქვთ; იღლიის, ფრთების ქვემო და ზემო მფარავები ჟანგმიწისფერ-ქარცია. დედალი მამლის მსგავსია, თუმცა მისგან განსხვავებით ჩიჩახვზე ცვილისფერ-ქარცი ელფერი გადაჰკრავს. ზამთარში თავის გვერდები, ჩიჩახვი და მკერდი რუხი კი არაა, არამედ ჟანგმიწისფერ-ქარცია. ახალგაზრდა ფრინველებს მუცელი უფრო ჟანგმიწისფერი აქვთ, ხოლო სხეულის გვერდებზე განივი ზოლები სუსტადაა გამოხატული. ნისკარტი მოწითალო-მურაა, ფეხები – მურა-ხორცისფერი.

სარჩევი

 [დამალვა

გავრცელება

სპორადულად ბუდობს დასავლეთ პალეარქტიკაში. ევროპაში ყველგანაა პოლარულ წრემდე, გარდა პირენეის ნახევარკუნძულის, იტალიის, საბერძნეთისა და ხმელთაშუა ზღვის კუნძულებისა. აზიაში ჩრდილოეთი საზღვარი გადის დასავლეთ ციმბირში – მე-60, ხოლო ქვემო ტუნგუსკაზე – 62-ე პარალელზე; აღმოსავლეთით აღწევს ბაიკალის ნაპირებამდე; სამხრეთით ბუდობს მცირე აზიაში, ჩრდილოეთ ირანში, ტუვის ოლქში და ალტაის მხარეში. ზამთრობს სამხრეთ აფრიკასა და მადაგასკარზე. საქართველოში მობუდარია.

ბიოტოპი

ტენიანი მდელოები მაღალი ბალახნარებითა და ბუჩქნარებით; ზოგჯერ ბუდობს იონჯისა და მარცვლოვანთა ნათეს ფართობებზე, აგრეთვე ტყის ნაკაფებში. ეტანება ტენიან ადგილებს, მაგრამ არ შედის ჭაობებში, სადაც წყალი ტბორავს ნიადაგს ან დგება კოლბოხებს შორის. არ ბუდობს აგრეთვე მლაშე წყალსატევებთან. შესაფერი ბიოტოპის არსებობის შემთხვევაში ფართოდ ვრცელდება ველების, ტყე-ველების, ტაიგის ზონებში. მთებში ადის 2000 მ-მდე ზ. დ.

გამრავლება

ბუდობს ცალკეულ წყვილებად. პატარა, მაგრამ შედარებით ღრმა ბუდეს აკეთებს მიწაზე ბალახნარებში ან ბუჩქნარებში. ბუდე ამოფენილია ხმელი ბალახით. არასრული მონაცემების მიხედვით, მაისის დასაწყისიდან აგვისტოს ბოლომდე 2-ჯერ ასწრებს გამრავლებას. დებს უფრო ხშირად 9-10 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 15-17 დღემდე გრძელდება.

კვება

ღალღა იკვებება როგორც ცხოველური, ისე მცენარეული საკვებით. ცხოველურიდან უმთავრესია ჭიები, ლოქორა, ნაირგვარი მწერი და მათი ლარვები. მცენარეული საკვებიდან – სარეველა ბალახებისა და კულტურული მარცვლოვანების თესლები.

მნიშვნელობა

საინტერესო სპორტული სანადირო ობიექტია. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს მცირერიცხოვნობის გამო.

წყრო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები