ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ჟენევასა და ვარშავაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩინეთ-ამერიკის მოლაპარაკებები ჟენევასა და ვარშავაში – 1955-70, დაიწყო 1955 წლის 1 აგვისტოს ჟენევაში. მონაწილეობდნენ ჩინეთის ელჩი პოლონეთში ვან ბინანი და აშშ-ის ელჩი ჩეხოსლოვაკიაში უ. ა. ჯონსონი. 10 სექტემბრისათვის მიღწეულ იქნა შეთანხმება სამოქალაქო პირთა რეპატრიაციის შესახებ.

14 სექტემბერს ვან ბინანმა ამერიკის მხარეს შესთავაზა, განეხილათ საკითხი ემბარგოს გაუქმებისა და ეკონომიკური ბლოკადის მოხსნის შესახებ, რომელსაც აშშ ატარებდა ჩინეთის მიმართ. შესთავაზა აგრეთვე, მოემზადებინათ მოლაპარაკება ტაივანის საკითხთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ამერიკის მხარემ უარყო ამგვარი დღის წესრიგი და წამოაყენა წინადადება, რომ თავდაპირველად ჩინეთსა და აშშ-ს გამოექვეყნებინათ განცხადება ძალის გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, აშშ მოითხოვდა, რომ ჩინეთს ეღიარებინა ტაივანში ამერიკის „ინდივიდუალური და კოლექტიური თავდაცვის“ უფლებები. ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ ძალის გამოუყენებლობის პრინციპი არ შეიძლება შეეხოს ტაივანს, რომლის განთავისუფლებაც ჩინეთის საშინაო საქმეა.

1956 წლის 21 აგვისტოს ჩინეთის მხარემ კვლავ მოისურვა, განეხილათ ემბარგოს საკითხი და წარადგინა ერთობლივი განცხადების საკუთარი პროექტი, 22 სექტემბერს მოპირდაპირე მხარეს შესთავაზა, განეხილათ განცხადების პროექტი ორმხრივი კონტაქტების განვითარების შესახებ, 1957 წლის 12 სექტემბერს კი – კორესპონდენტთა გაცვლის შესახებ. აშშ-მა არ მიიღო ეს წინადადებები.

1957 წლის დეკემბერში ამერიკის მხარე შეეცადა, მოლაპარაკება წარემართა უფრო დაბალ დონეზე. წარმომადგენლად მოლაპარაკებებზე დაინიშნა პოლონეთში აშშ-ის საელჩოს პირველი მდივანი, რაზეც ჩინეთმა პროტესტი განაცხადა. მოლაპარაკებები ჩაიშალა. 1958 წლის 15 სექტემბერს, აშშ-ის წინადადებით, მოლაპარაკებები განახლდა ვარშავაში. მასში მონაწილეობდნენ ჩინეთის ელჩი პოლონეთში ვან ბინანი და აშშ-ის ელჩი პოლონეთში დ. ბიმი.

ჩინეთის მხარე ამერიკის ხელისუფლებისაგან მოითხოვდა, დაუყოვნებლივ გაეყვანა თავისი შეიარაღებული ძალები ჩინეთის ტერიტორიიდან – ტაივანის პროვინციიდან და ტაივანის სრუტის რეგიონიდან. დაედო ჩინეთთან შეთანხმება მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთი პრინციპის „პანჩა შილა“) საფუძველზე.

1968, მორიგი, 135-ე შეხვედრის წინ, ჩინეთის მხარემ აშშ-ს ანტიჩინური ინციდენტის პროვოცირება დასდო ბრალად და მოლაპარაკებები შეწყვიტა. 1970 წლის იანვარში მოლაპარაკება კელავ განახლდა. იგი, როგორც ადრე, ამჟამადაც დახურულ კარს მიღმა სრულდებოდა. 20 მაისისათვის დანიშნული 137-ე შეხვედრა ჩინეთის მხარის წინადადებით გადაიდო და აღარ ჩატარებულა. მხარეებმა აღიარეს, რომ მოლაპარაკებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობათა მოსაწესრიგებლად.

იხილე აგრეთვე

ტაივანის პრობლემა

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები