ტაივანის პრობლემა 1943

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაივანის პრობლემა 1943 – კაიროს (ინგლის-ამერიკა-ჩინეთის) კონფერენციისა და ბერლინის (პოტსდამის) 1945 კონფერენციის გადაწყვეტილებების და იაპონიის კაპიტულაციის აქტის შესაბამისად, კუნძული ტაივანი, რომელიც, 1895 სიმონოსეკის საზავო ხელშეკრულებით, იაპონიას ჰქონდა მიტაცებული, დაუბრუნდა ჩინეთს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნის შემდეგ (1949 წლის ოქტომბერი) გომინდანის ძალები ჩან კაიშის მეთაურობით გადავიდნენ კუნძულ ტაივანზე და კუნძული გამოაცხადეს „ჩინეთის რესპუბლიკად“.

ტაივანის პრობლემის შექმნის საქმე დაკავშირებულია სსრკ-სა და აშშ-ს შორის მეტოქეობასთან. მას შემდეგ, რაც სსრკ-ის დახმარებით ჩინეთში დამყარდა მაო ძედუნის კომუნისტური რეჟიმი, აშშ-მა დაიწყო დახმარების აღმოჩენა ჩან კაიშისათვის. აშშ-მა უარი განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ცნობაზე და ტაივანზე მყოფ გომინდანელებთან დაამყარა ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა. 1950 აშშ-მა ტაივანის სრუტეში შეიყვანა თავისი სამხედრო საზღვაო ძალები. ხოლო კუნძულზე თავისი სამხედრო ნაწილები განალაგა. 3.III.1955 დადებული აშშ-ტაივანის ხელშეკრულებით, რომელიც წარმოადგენდა მათ შორის ურთიერთობის სამართლებრივ საფუძველს, აშშ-ტაივანს შორის მჭიდრო სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა დამყარდა. აშშ აქტიურად გამოდიოდა გაეროდან ჩანკაიშისტების გაძევების წინააღმდეგ და იქ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კანონიერი უფლებების აღდგენას ხელს უშლიდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ თავისი ადგილი გაეროში მხოლოდ 1971 დაიკავა. ასეთ პირობებში აშშ-მა 1971 გაეროს გენერალური ასამბლეის XXVI სესიაზე წამოაყენა „ორი ჩინეთის კონცეფცია“, რითაც სურდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პარალელურად ტაივანის, როგორც სახელმწიფოს, დამკვიდრება.

70-იას წლებში სსრკ-ჩინეთის ურთიერთობათა გაუარესების კვალდაკვალ დაიწყო აშშ-სა და ჩსრ-ის ურთიერთობათა ნორმალიზაციის პროცესი. ორივე მხარე ცდილობდა ტაივანის პრობლემის შერბილებას და თანამშრომლობის განვითარებას. აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება დაფუძნებული იყო ტაივანის შესახებ გარკვეულ კომპრომისზე, თუმცა არ გამოუწვევია ამ პრობლემის გადაჭრა. მართალია, აშშ-მა გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა ტაივანთან, მაგრამ არაოფიციალურ დონეზე შეინარჩუნა ის ორმხრივი კავშირები, რაც აშშ-სა და ტაივანს შორის არსებობდა.

აშშ-მა ცხო ჩსრ-ის მთავრობა, როგორც ჩინეთის ერთადერთი კანონიერი მთავრობა, მაგრამ ტაივანის რეალური სტატუსი მაინც გადაუჭრელი დარჩა. დაინტერესებული მხარეები (ჩსრ, აშშ და ტაივანის რეჟიმში) თავიანთ პოზიციებზე დარჩნენ პრობლემის გადაწყვეტის საქმეში. აშშ-ის კონგრესის მიერ 10.IV.1979 მიღებულ კანონში ტაივანის შესახებ პირდაპირაა მითითებული, რომ ჩსრ-ის მხრიდან ტაივანის პრობლემის ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვეტა, გამოიწვევს აშშ-ის მხრიდან შესაბამის რეაქციას. თავის მხრივ, არც ტაივანის რეჟიმი გამოთქვამს მზადყოფნას ჩსრ-ის მთავრობასთან დიალოგის თაობაზე. რაც შეეხება ჩსრ-ს, მას სურს ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მაგრამ ამასთან მზადაა ტაივანზე შეინარჩუნოს არსებული ეკონომიკური სისტემა.


იხილე აგრეთვე

აშშ-ჩინეთის კომუნიკე და შეთანხმებები 1972-82

წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები