ჩიჩენ-იცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
XX საუკუნეში აღდგენილი ელ კასტილოს პირამიდა

ჩიჩენ-იცა − (ესპ. Chichén Itzá < იუკატეკური (იუკატანის მაიას ენა) Chi'ch'èen Ìitsha' იცას ხალხის ჭის პირთან), კოლუმბამდელი დიდი ქალაქი, აშენებული მაიას ხალხის მიერ მეზოამერიკული ქრონოლოგიის კლასიკურ პერიოდში. თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ძველი არქეოლოგიური ძეგლი, მაიას ცივილიზაციის კულტურული და პოლიტიკური ცენტრი. ჩიჩენ-იცას კომპლექსი მდებარეობს იუკატანის ნახევარკუნძულზე, იუკატანის შტატის ტინუმის მუნიციპალიტეტში, ქალაქ მერიდის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლოებით 120 კილომეტრის დაშორებით მექსიკის შეერთებულ შტატებში. ჩვენს ეპოქამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ჩიჩენ-იცა დაარსდა ახ. წ. მე-5 საუკუნეში. მის კომპლექსში შემავალ ნაგებობათა ნაწილი აგებულია დაახლოებით VI-IX, მეორე ნაწილი კი X-XI საუკუნეებში.

მაიას ცივილიზაცია – ეს იყო ავტონომიური ქალაქების ჯგუფი, ერთმანეთთან დაკავშირებული კულტურითა და განვითარების დონით. ჩიჩენ-იცა, ისევე როგორც მაიას სხვა დიდი ქალაქები, აშენებული იყო ინდიელების მრწამსის შესაბამისად – ქალაქების განაშენიანება ასახავდა ღამეულ ცაზე მანათობელი ასტრონომიული ობიექტების მდებარეობას. მაია სამხრეთ მექსიკისა და სხვა სამხრეთამერიკული ქვეყნების (გვატემალა, ჰონდურასი, ბელიზი და სალვადორი) უძველესი ცივილიზაცია იყო. ამჟამად ამ ქვეყნებში მაიას დაახლოებით 6 მილიონამდე შთამომავალი ცხოვრობს, რომლებიც სხვადასხვა ენაზე და დიალექტზე ლაპარაკობენ.

მაიას ხალხები ძალიან კარგად ერკვეოდნენ ასტრონომიაში. ჩვენი წელთაღრიცხვით პირველ ათასწლეულში მათ შეისწავლეს და რუკაზე დაიტანეს მზის, მთვარის, ვარსკვლავებისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის ტრაექტორიები. ამას ეყრდნობოდა მათი მითოლოგია და რელიგია. მაიამ შექმნა აგრეთვე შესანიშნავი მათემატიკური სისტემა, დამწერლობის სისტემა და სამი ერთმანეთთან დაკავშირებული უნიკალური კალენდარი. აღსანიშნავია, რომ მაიას ხალხები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ ოკეანეში დიდ მანძილებზე მათ მიერ ვარსკვლავების მოძრაობის მიხედვით შემუშავებული სანავიგაციო მეთოდების გამოყენებით.

ლა იგლესია

ჩიჩენ-იცა მაიას დედაქალაქი და მნიშვნელოვანი სოციალური ცენტრი გახდა 800-იან წლებში. თავდაპირველად დასახლებები გაჩნდა იუკატანის ნახევარკუნძულის სანაპირო რაიონებში, შემდეგ მშენებლობა უფრო შორს წავიდა და ქალაქი მთელი ნახევარკუნძულის სიგანეზე გაიშალა. ჩიჩენ-იცა მაიას ყველაზე ძლიერი ქალაქი გახდა. მე-12 საუკუნეში ამოუცნობი მიზეზების გამო იუკატანის ნახევარკუნძული დაცარიელდა.

პროტოობსერვატორია

მე-16 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც აქაურობა ესპანელმა კონკისტადორებმა დაიპყრეს, ქალაქი უკვე ნანგრევებად იყო ქცეული. ქალაქის ტერიტორიაზე წარმოებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, მათ შორის სახელგანთქმული მაიას პირამიდები. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ელ კასტილო (კუკულკანის ტაძარი) – 24 მეტრი სიმაღლის ცხრასაფეხურიანი პირამიდა, ფართო კიბეებით თითოეულ გვერდზე. გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობის დროს (შესაბამისად, 20 მარტი და 22 სექტემბერი), დაახლოებით 3 საათზე, მზის სხივები ანათებენ პირამიდის მთავარი კიბის დასავლეთ ბალუსტრადას ისე, რომ სინათლე და ჩრდილი გამოსახავს შვიდ ტოლგვერდა სამკუთხედს, რაც თავის მხრივ მზის მოძრაობასთან ერთად ქმნის კიბის საფუძველში ამოკვეთილი საკუთარი თავისკენ მცოცავი 37 მეტრი სიგრძის გველის გამოსახულებას.

კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია პუუკის სტილში აგებული ლას მონხასის ჯგუფის ნაგებობები. აგრეთვე: ლას მონხასის ჩრდილოეთით მდებარე ელ კარაკოლი, რომელსაც ნაწილობრივ შემორჩენილი მრგვალი გუმბათისა და ნაგებობის საერთო შესახედაობის გამო ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ერთგვარ ობსერვატორიას ან პროტოობსევატორიას, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა მაინც არსებობს გარკვეული მტკიცებულებები იმისა, რომ ელ კარაკოლი ზეცაზე დასაკვირვებლადაც გამოიყენებოდა; ასევე ლას მონხასის ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაგებობა, ელ კარაკოლის აღმოსავლეთით მდებარე აკაბძიბი; შედარებით მცირე ზომის ოთხსაფეხურიან პირამიდაში მოთავსებული იყო მეომართა ტაძარი); იაგუარის ტაძარი; მეომრებისა და იაგუარების ტაძრებზე შემორჩენილია კედლის მოხატულობები; ბურთის სათამაშო 7 დიდი მოედანი, რომელთაგან უდიდესის სიგრძე 135 მეტრია; ოთხი სვეტნარის ნანგრევი (ათასი სვეტის ჯგუფი); ორი კარსტული ძაბრი (წმინდა სენოტი), რომელთაგან უდიდესის (სენოტი საგრადო) დიამეტრი 60 მეტრია. სენოტი მსხვერპლშეწირვისთვის გამოიყენებოდა; აღსანიშნავია ცომპანტლი, იგივე თავის ქალების ქვის პლატფორმა, კედელი, სადაც ამოკვეთილია შვეულად ჩამწკრივებული თავის ქალები და გაკეთებულია სხვა მოხატულობები. გათხრების შედეგად ნაპოვნი იქნა აგრეთვე ღმერთების გადარჩენილი ქანდაკებები, უამრავი მეტად საინტერესო სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთი და სხვ.

2007 წლის 1 აგვისტოს, პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამოავლინეს მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება, სადაც ჩიჩენ-იცამ მე-7 ადგილი დაიკავა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები