ჩუბინიშვილი ოთარ
ოთარ ჩუბინიშვილი – (16 აპრილი 1941, თბილისი), ვიოლონჩელისტი და პედაგოგი. საქართველოს სახალხო არტისტი (1980). თბილისის კონსერვატორიის პროფესორი,შოთა რუსთაველის (1992) და ზ. ფალიაშვილის სახელობის (1975) პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (2001).
1965 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (პროფ. ს. კნუშევიცკის კლასი). იმავე წლიდან თბილისის ფილარმონიის სოლისტია. 1972-იდან უკრავს საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. 1973 ქ. ბუდაპეშტში, ლ. ვაინერის სახელობის კვარტეტების საერთაშორისო კონკურსზე, კვარტეტის სხვა წევრებთან ერთად, მიენიჭა ლაურეატის წოდება და პრემია უნგრული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის. 1967-იდან თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია. 1993-98 მოღვაწეობდა გერმანიაში. 2001-2014 იყო თბილისის კონსერვატორიის კამერული ანსამბლის კათედრის გამგე. 1970-იდან კვარტეტთან ერთად გასტროლებს მართავდა ყოფილ სსრკ-ში, ევროპასა და ამერიკაში. დაჯილდოებულია საქართველოს ეროვნული პრემიით (2010).