ჩხაიძე ალექსანდრე
ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძე – (1923-1998), ქართველი დრამატურგი, პროზაიკოსი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაიბადა 1923 წლის 29 თებერვალს, ქალაქ ბათუმში. დაამთავრა ბათუმის ვაჟთა პირველი საშუალო სკოლა; შემდეგ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ფილოლოგიის განხრით) და საკავშირო ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი (თბილისში).
ავტორია 36 პიესისა და 20-ზე მეტი წიგნისა.
დრამატურგიაში უაღრესად ნაყოფიერი მოღვაწეობის გარდა, შოშია ჩხაიძემ დატოვა უამრავი მოთხრობა, მათ შორის დოკუმენტური პროზის ჩინებული ნიმუშები, მოგზაურობათა შთაბეჭდილებები, პუბლიცისტური წიგნები. მათ შორის გამორჩეულია შესანიშნავი მემუარული ნაწარმოები – „ჩემი წილი საუკუნე“.
ალექსანდრე ჩხაიძის პირველი დრამატული ნაწარმოები („გზაჯვარედინი“) 1958 წელს დაიდგა ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე. შემდგომში აქ მწერლის ცხრა პიესა დაიდგა.
მწერლის მიერ გამოცემული წიგნების ჩამონათვალი ასეთია: „ზღვისპირა ქალაქში“ (მოთხრობები, 1955), „უგვირგვინო იუბილარი“ (მოთხრობები, 1958), „სახალხო აკადემია“ (ნარკვევები, 1956), „უძლეველი“ (მოთხრობები, 1961), „როცა მთავრდება ბავშვობა“ (მოთხრობა, 1964), „ზღვა და ქალიშვილი“ (დოკუმენტური მოთხრობა, 1969), „ხიდი“ (პიესა, 1973), „პიესების კრებული“ (1976), „კვალი დედამიწაზე" (ნარკვევები, 1970), „როცა ქალაქს ძინავს“ (პიესა, 1977), „ჩვენებურები“ (1991), „ერთხელ (1998) და სხვ.
ალექსანდრე ჩხაიძის პიესები წარმატებით იდგმებოდა როგორც ჩვენი, ისე ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნების და საზღვარგარეთის თეატრების სცენაზე (რუსეთი, ჩინეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ჩეხოსლოვაკია…)
სხვადასხვა დროს მუშაობდა: მასწავლებლად, საქართველოს და აჭარის რადიოში (კორესპონდენტად, რედაქტორად, მთავარ რედაქტორად); იყო ჟურნალ „ლიტერატურული აჭარის" ლიტერატურული მუშაკი, ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე. წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის აჭარის განყოფილებას.
ალექსანდრე ჩხაიძე იყო საქართველოს მწერალთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.
1980 წელს მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია. ასევე მფლობელია გამომცემლობა „ნაკადულის“ პირველი პრემიისა. დაჯილდოებულია სამამულო ომის II ხარისხის ორდენით და მედლებით.
ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძე გარდაიცვალა 1998 წლის 27 იანვარს.
დაკრძალულია ბათუმის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
ალექსანდრე (შოშია) ჩხაიძის გარდაცვალების შემდეგ, მისი სახელი მიენიჭა ყოფილი პარიზის კომუნის ქუჩას, რომელიც იწყება შავშეთის ქუჩიდან და მთავრდება რაფიელ ერისთავის ქუჩასთან.