ჩხეიძე თემურ
თემურ ჩხეიძე – (დ. 18 ნოემბერი, 1943, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 5 ივნისი, 2022), ქართველი რეჟისორი. საქართველოს (1981) და რუსეთის სახალხო არტისტი.
1965 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-67 რეჟისორად მუშაობდა შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1967-70 თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში. 1970-80 იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორი. 1980-90 კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. კითხულობდა ლექციებს თბილისის თატრალურ ინსტიტუტში.
1991-დან იყო სანკტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი. 80-მდე დრამატული, საოპერო და სატელევიზიოო სპექტაკლების დამდგმელი რეჟისორი, მათ შორის სანკტ-პეტერბურგის საოპერო თეატრში: ს. პროკოფიევის „მოთამაშე“, რ. ვაგნერის „მფრინავი ჰოლანდიელი“, ჯ. ვერდის „დონ კარლოსი,“ ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მოცარტი და სალიერი“, ს. რახმანინოვის „ძუნწი რაინდი“; მოსკოვის დიდ თეატრში დ. შოსტაკოვიჩის „ლედი მაკბეტი“; „ლა სკალა“ს თეატრში ს. პროკოფიევის „მოთამაშე“; ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერაში“ს. პროკოფიევის „მოთამაშე“; გენუის საოპერო თეატრში ჯ. ვერდის „დონ კარლოსი“ და სხვ.