ცენტრიფუგა
ცენტრიფუგა (ფრანგ. centrifuge ცენტრიდანული < ახ. ლათ. centrifugus ცენტრიდან გაქცეული < < centrum ცენტრი < ბერძ. kéntron ნემსი, დეზი, წრის შემოსახაზავი ცენტრი, მახვილი წვერო, წვეტიანი ჯოხი, კრაზანის ნესტარი და ლათ. -fugus გაქცული < fugere გაქცევა)
1. მექანიკური მოწყობილობა არაერთგვაროვანი სისტემების გასაცალკევებლად ცენტრიდანული ძალების მეშვეობით. გამოიყენება სუსპენზიების გასაყოფად, ჭუჭყიანი სითხეებისათვის გამჭვირვალობის მისაცემად, შლამების ჰიდრავლიკური კლასიფიკაციისათვის მყარი ნაწილაკების ზომების მიხედვით. ცენტრიფუგა წარმოადგენს თავისი ღერძის გარშემო სწრაფად მბრუნავ დოლს მთლიანი (დამლექი) ან ხვრეტებიანი საფილტრი კედლებით;
2. ბრუნვითი სხეულის ფორმის მქონე ბეტონის ნაკეთობების (მილები) დასამზადებელი ჰორიზონტალური და ვერტიკალური და-ყალიბების დანადგარი. ყალიბების დამაგრების ხერხის მიხედვით ცენტრიფუგა არის ღერძული და თავისუფალ-გორგოლაჭებიანი, ცნობილია აგრეთვე ღვედური ცენტრიფუგა;
3. მიწისზედა დანადგარი კოსმონავტებისა და მფრინავების მოსამზადებლად, რომელიც ქმნის ხანგრძლივად მოქმედი აჩქარების იმიტაციას. დანადგარის დიდი რადიუსი (მეტი 15 მ) და ძრავის სიმძლავრე, საშუალებას იძლევა შეიქმნას ცენტრისკენული აჩქარება ≈ 400 მ/წმ2. გამოიყენება აგრეთვე კოსმოსური მფრინავი აპარატების საბორტე აპარატურის გამოსაცდელად.