ცირეკიძე ირაკლი
ირაკლი ცირეკიძე — (დ. 3 მაისი, 1982 წელი სოფელი ახალსოფელი (ტყიბულის რაიონი), ძიუდოისტი (90 კგ, 100 კგ). 2008 წლის პეკინის XXIX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ევროპის ჩემპიონატების მეორე (2007) და მესამე (2008, 11) პრიზიორი, ევროპის გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული (2007). მსოფლიოს ჩემპიონი (2007) და ბრინჯაოს (2011) მედლის მფლობელი, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის 2 ოქროს მედლის მფლობელი (2006, 08). ქართველ ძიუდოისტებს შორის ერთადერთი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი. საქართველოს 2008 წლის საუკეთესო სპორტსმენი. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი (2016-2017). მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 2017 წელს ევროპის გუნდური ჩემპიონატი მოიგო. ღირსებისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენების კავალერი.
2008 წლის ოლიმპიური თამაშები
90 კგ, 31 მონაწილე
1. ირაკლი ცირეკიძე (საქართველო)
2. ამარ ბენიხლეფი (ალჟირი)
3. სერგეი აშვანდენი (შვეიცარია)
3. ჰეშამ მესბახი (ეგვიპტე)
I წრე ისვენებდა; II წრე ქულებით (იუკო) მოუგო ჰეშამ მესბახს (ეგვიპტე); III წრე იპონით (1,37) დაამარცხა ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი); IV წრე წმინდად (შებოჭვით, 2,16) გაიმარჯვა ივან პერშინთან (რუსეთი); ფინალში ქულებით (კოკა) მოუგო ამარ ბენიხლეფს (ალჟირი).
პეკინის ოლიმპიადის ნახევარფინალი. ირაკლი ცირეკიძე – ივან პერშინი. ტატამზე გაკრულმა რუსმა ფალავანმა თავზე ხელი შემოირტყა. მიხვდა, რომ ვეღარ გაექცეოდა ქართველის მარწუხებს და წაგებას შეურიგდა. რუსმა გულშემატკივრებაც შეწყვიტეს „ვანია, ვანიას” ძახილი. ცირეკიძეს კი მზერა სადღაც დარბაზის სივრცისკენ თუ ტატამის კიდისკენ გაექცა. ერთბაშად მთელი ცხოვრება დაუდგა თვალწინ. გაახსენდა თავისი ოჯახი, შრომაში და შვილებზე ფიქრში ჭაღარაშეპარული მშობლები, გარდაცვლილი ძმა, რომელიც, როგორც მწვრთნელი ეტყოდა, მის გამარჯვებებს იმ ქვეყანაში ელოდა. მწვრთნელი გაახსენდა, რომელიც სულ ეჩხუბებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც მისი სჯეროდა. უნდოდა, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ოცდახუთი წამი. ისიც კი გაიფიქრა, მეტოქეს ხელი ხომ არ გავუშვა და მერე ისევ შევბოჭოო, მაგრამ ამის უფლებას თავის თავს ვერ მისცემდა. თვალწინ დაუდგა ომში ჩაბმული საქართველო, რომელსაც შორეული პეკინიდან ვერაფრით ეხმარებოდა და რაკი ასე იყო, „თავისი წილი ომი” ტატამზე უნდა გადაეხადა, სწორედ რუს მეტოქესთან ჭიდილში. კიდევ უფრო მაგრად ჩასჭიდა ხელები მოწინააღმდეგეს, თითქოს მის დაჭმუჭვნას აპირებდა, თითქოს მთელი ქვეყნის ჯავრი მასზე უნდა ეყარა. იცოდა, რომ ამ შეხვედრას მთელი საქართველო გულისფანცქალით ელოდებოდა და ეს გამარჯვება ბევრად მეტი იყო, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადის ფინალში გასვლა. უამრავი რამ უტრიალებდა თავში... შებოჭვისთვის განკუთვნილი ოცდახუთი წამი უცბად გაილია. „იპონ! სორომატე,” – შესძახა შუამავალმა მსაჯმა. ირაკლი ფეხზე წამოდგა და ორივე ცერა თითი ზურგზე გაკეთებული წარწერისკენ მიმართა, სადაც ლათინური ასოებით ეწერა: Tsirekidze, GEO.
...ცირეკიძემ პეკინის ოლიმპიადამდეც არერთხელ დაამტკიცა, რომ წინა თამაშების ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ღირსეული მემკვიდრე იყო. 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ექვსივე ბრძოლა ისე მოიგო, მეტოქეთათვის ქულაც კი არ დაუთმია. თან ფინალში ფავორიტს - ბერძენთა სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურს (ილიას ილიადისს) აჯობა. პეკინში ცირეკიძე-ზვიადაურის მორიგი ბრძოლა არ შედგა. ჯარჯი ადრევე გამოეთიაშა შეჯიბრებას, ირაკლი კი, იღბლიანი კენჭისყრის დახმარებით, მეორე წრიდან ჩაება ოლიმპიურ ტურნირში და სასტარტო შეხვედრა ეგვიპტელ ჰეშამ მესბახის მოუგო. მერე იყო მეოთხედფინალი და აზერბაიჯანელი ელხან მამადოვი, რომელთანაც ოთხი თვის წინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში დამარცხდა. რევანში სრულფასოვანი გამოდგა – ირაკლიმ იპონზე დასცა მამედოვი, მომდევნო წრეში კი რუსი ძიუდოისტი ივან პერშინი შებოჭა. ბოლოს იყო მოულოდნელი ფინალი ალჟირელ ამარ ბენიხლეფთან, რომელსაც სათვალავში არავინ აგდებდა. ფინალში ირაკლი ფრთხილად და დაფიქრებულად ჭიდაობდა, მცირე უპირატესობით გაიმარჯვა და ყველაზე დიდი სპორტული ჯილდო – ოლიმპიური ოქროს მედალი მიიღო. კვარცხლბეკზე შავი ლენტით ხელში ავიდა და მისი ეს ჟესტი ყველასათვის გასაგები იყო.