ცხვედიეთი
ცხვედიეთი – სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მთიულეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფასანაურის თემში. გაშენებულია გუდამაყრის ქედის დასავლეთ კალთაზე, მთიულეთის არაგვის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 1400 მ. დუშეთიდან 60 კმ.
სახელწოდბა
ს. მაკალათიას თავის ცნობილ გამოკვლევაში ცხვედიეთი დასახელებული აქვს როგორც ცხვედიანი როგორც ვხედავთ, ეს ტოპონიმიც ისევე ყოფილა გაფორმებული გვაროვნული სიმრავლის -ნ, -ან სუფიქსით, როგორც მთიულეთ-გუდამაყრის სხვა არაერთი სოფლის სახელწოდება (შდრ. ნადიბა-ან-ი, ყველა-ან-ი, ციხი-ან-ი, კაიშაურ-ნ-ი, ჩოხელ-ნ-ი, ბედო-ნ-ი, ჟოჟო-ნ-ი, თორელა-ან-ი და სხვ. მრ.).
ტოპონიმისათვის ამოსავალი ჩანს ძველი ქართული ანთროპონიმული (წინაპრის საკუთარი ან შერქმეული სახელი) – მცხუედი, რომელიც ენაში რამდენიმე მნიშვნელობით იხმარებოდა: „მცირე“, „გვიანი“, „ზარმაცი“: „ნუ გეშინინ… მცხუედო (||მცირეო) ჩემო ისრაელ“.
მთიულურ დიალექტში მცხუედ-||მცხუედია სახელს თავკიდური მანი ჩამოშორებია და ცხვედია მიგვიღია. მაშასადამე ცხვედიეთი (მთიულ. ცხვედიათი) უნდა გავიგოთ როგორც „ცხვედიას შთამომავალთა სოფელი“, „ცხვედ-იან-ი“.