ძველბერძნული კულტურა
ბერძნული კულტურა ძვ. წ. VII-V საუკუნეებში − ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეების საბერძნეთში მონათმფლობელური საზოგადოება ჩამოყალიბდა, რომელმაც გვაროვნული წყობილება შეცვალა. ამ ეპოქას არქაიკის პერიოდს უწოდებენ. გაიზარდა და განვითარდა ბერძნული პოლისები, რომლებიც საბერძნეთს ავტონომიური თვითმმართველობის მქონე მხარეებად ჰყოფდა. პოლისი ოლქისა თუ მხარის ურბანულ და ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენდა. გაფართოვდა ბერძნების მიერ დასახლებული ტერიტორიები, ბერძნული კოლონიებით დაიფარა ხემლთაშუა, შავი თუ მარმარილოს ზღვის სანაპიროები, რამაც ვაჭრობისა და საერთაშორისო კულტურული კავშირების ქსელის განვითარება განაპირობა. აღნიშნული მოვლენები ბერძნულ ცივილიზაციაში რევოლუციური გადატრიალების სახელით არის ცნობილი.
ქალაქების განვითარებას მოჰყვა შეძლებულ მოქალაქეთა ახალი ფენის ფორმირება, რომლებიც ვაჭრობასა და ხელოსნობას მისდევდნენ. პერიოდულად იქმნებოდა დროებითი „ტირანიები”, რაც ისეთ მმართველობით სისტემას ნიშნავს, როდესაც მმართველ ხელისუფალს ძალაუფლება ძალისმიერი ხერხებით აქვს დაპყრობილი. ტირანები, რომლებიც, უმეტესად ახალ სოციალურ ძალებს წარმოადგენდნენ, ხელისუფლებას ძველ საგვარეულო არისტოკრატიულ ოპოზიციასთან ბრძოლისათვის იყენებდნენ.
სარჩევი |
ბერძენთა სამართლებრივი ცნობიერების ფორმები
არსებული სოციალური და პოლიტიკური ბრძოლის პროცესში იცვლებოდა და ვითარდებოდა ბერძენთა სამართლებრივი ცნობიერების ფორმები, საგვარეულო სამართლებრივ ნორმებს კანონები ცვლიდა, საგვარეულო ერთობის განცდას, ერთი მხრივ, საპოლისო კოლექტივის, მეორე მხრივ კი ინდივიდის გაზრდილი თვითშეგნება ანაცვლებდა. ხდებოდა ღირებულებათა გადაფასება. სიმართლისა და სამართლიანობის (დიკე) ცნებები საზოგადოებრივი ცნობიერების წინა პლანზე მოექცა და დაწერილ კანონმდებლობათა საფუძველი შექმნა. ბერძენთა კანონცნობიერება კანონის უზენაესობის პრინციპს ემყარებოდა. ადამიანური, ღვთაებრივი თუ კოსმიური მართლწესრიგის იდეა მათი მსოფლმხედველობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა. ჩამოყალიბდა მოქალაქის ღირსების კოდექსის ღირებულებები, რომლებიც პოლისის კანონების დაცვისა და პირადი ღირსების (არეთე) იდეალებს მოიცავდა. არისტოკრატიული ღირსების საგვარეულო და მემკვიდრეობით გარდამავალ იდეალს ახალი, ფორმირების პროცესში მყოფი მოქალაქის საყოველთაო ღირსების იდეალი ენაცვლებოდა, რომლის ფუძემდებლურ პრინციპებად სამართალი და სიბრძნე (სოფია) ყალიბდებოდა.
რელიგია
სიბრძნის იდეალის საფუძველზე იქმნებოდა განყენებული ფილოსოფიური აზროვნების წანამძღვრები. იონიის ქალაქებში ბერძნულ ფილოსოფიასა და მეცნიერებას ჩაეყარა საფუძველი, რომლებიც სამყაროს, ბუნებისა თუ კოსმოსის არსისა და რაობის მეცნიერული პრინციპებით ახსნას ცდილობდნენ. მნიშვნელოვანი სიახლეები განვითარდა რელიგიური მსოფლმხედველობის სფეროშიც, სოციალურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცვლილებებს რელიგიურ წარმოდგენათა განვითარებაც ახლდა თან. განსაკუთრებული პოპულარულობა შეიძინა მოკვდავ და მკვდრეთით აღმდგომ ღვთაებათა კულტებმა. მათ შორის ყველაზე დიდი პოპულარულობითა და გავლენით სარგებლობდა დემეტრასა და პერსეფონეს ელევსისის კულტი, რომელსაც, სავარაუდოდ, კრეტული ძირი ჰქონდა, მათი თანმხლები მისტერიებით, ასევე ღვინისა და ნაყოფიერების ღმერთის – დიონისეს კულტი.
ახალი ღმერთების კულტების დამკვიდრებას ტირანებიც უწყობდნენ ხელს, რადგან ეს საგვარეულო არისტოკრატიის რელიგიური კონსერვატიზმის წინააღმდეგ იყო მიმართული და მათი იდეოლოგიური გავლენის შესუსტებას ემსახურებოდა.
ითვლება, რომ დიონისეს ორგიულმა კულტმა სამოქალაქო ერთობისა და თანასწორობის ცნობიერების ფორმირების პროცესში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. დიონისური ორგია ადამიანებს შორის ყველა ბარიერს არღვევდა, მათ შორის სოციალურ ბარიერებსაც. კულტის დემოკრატიულობამ მალე მოუპოვა, სავარაუდოდ, მცირე აზიიდან მოსულ ღვთაებას პოპულარობა და ის ჭეშმარიტად სახალხო სარწმუნოებად აქცია. დიონისე – ზევსის ვაჟი და ოლიმპიელი ღმერთი გახდა, მაშინ, როდესაც მისი მითი წარმომავლობით ბერძნულ ოლიმპოსთან და ძველ ბერძნულ ღვთაებათა პანთეონთან საწყის „გენეტიკურ” კავშირში არ იმყოფებოდა. ბუნების რეპროდუქციული ძალებისა და ციკლების საყოველთაოობამ, რომელიც ნებისმიერ ცოცხალ არსზე ვრცელდებოდა, ადამიანთა თანასწორობის, სოლიდარობისა და ერთიანი ბედისწერის ნიშნით კავშირის იდეა დაბადა. დიონისეს რელიგია ორგიის თითოეულ მონაწილეს ღვთაებას უთანაბრებდა და ამით ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებულ უთანასწორობას არღვევდა.
როგორც უკვე ითქვა, ცნობილია, რომ VI საუკუნის მმართველები სპეციალურად ნერგავდნენ დიონისეს კულტს თავის ქვეყანაში. ასე, მაგალითად, ათენელმა ტირანმა პისისტრატემ, რომელიც დემოკრატიულ მასებს ეყრდნობოდა და ანტიარისტოკრატიულ პოლიტიკას ატარებდა, ათენში დიდი დიონისიების დღესასწაული დააფუძნა (536-სა და 531 წწ. შორის). სწორედ პისისტრატეს დროს შედგა ტრაგედიის პირველი წარმოდგენა.
ახალი ტენდენციების გავლენით ვითარდებოდა ბერძნული პანთეიზმის ძველი ტრადიციებიც. კერძოდ, განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობდა აპოლონის დელფიური რელიგია, რომელიც არისტოკრატიულ გვარებს შორის უხსოვარი დროიდან არსებულ სისხლის აღების ადათს უპირისპირდებოდა. დელფური რელიგიის ცენტრს დელფოსში მდებარე აპოლონის ტაძარი წარმოადგენდა. აპოლონის დელფური კულტი ადამიანისაგან საკუთარი თავის შეცნობასა და ყოველგვარი ბიწიერებისაგან განწმენდას მოითხოვდა. დელფოსელი აპოლონის ტაძარზე ამოკვეთილი იყო წარწერა – შეიცან თავი შენი, რომელიც ყველა მლოცველისადმი იყო მიმართული. ანტიკური წყაროებით მის ავტორად ბრძენი ქილონი სახელდება, ზოგჯერ კი ფილოსოფოსი თალესი. სხვა გადმოცემების თანახმად, ასე უპასუხა პითიამ ქილონს შეკითხვაზე, თუ რა არის ადამიანისათვის საუკეთესო ქმედება. გაცემული პასუხია. ეს დელფიური მოწოდება სოკრატეს ფილოსოფიის ერთერთ პოსტულატად იქცა
ორფიკების მსოფლხედველობაში მისტერიების რელიგიისა და ეთიკური შეხედულებების ერთგვარი სინთეზი განხორციელდა, რომელიც ადამიანში ორ საწყისს განასხვავებდა – ღვთაებრივ დიონისურს და ბოროტ „ტიტანურს” (დიონისე-ზაგრეოსის შესახებ მითის მიხედვით). ადამიანის სხეული ორფიკებისათვის ღვთაებრივი სულის „სამარე” და „სატუსაღო” იყო.
ლიტერატურა
ფილოსოფიის, რელიგიურ-მისტიკური მოძღვრებების, სამართლებრივი წარმოდგენებისა და კანონმდებლობის განვითარებასთან ერთად, იცლებოდა და ვითარდებოდა ხელოვნების ფორმები და შინაარსი. მხატვრული გამომსახველობის ზემოქმედების ძალის გათვალისწინებით, ზოგჯერ, ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები თავის ნაშრომებს ლექსის მეტრითა და ფორმით ქმნიდნენ. ათენელმა კანონმდებელმა სოლონმა თავის რეფორმათა შინაარსი ლექსად გადმოსცა, ადრეული ფილოსოფიური სკოლის წარმომადგენლებიც პოეტურ ფორმაში მოაქცევდნენ თავის საბუნებისმეტყველო და კოსმოლოგიურ შეხედულებებს. ლექსად გადმოიცემოდა მორალის, პოლიტიკის, სამართლის შესახებ გამოთქმული მოსაზრებები. წამყვან ლიტერატურლ ჟანრად ლირიკა ყალიბდება. ლირიკის განვითარება მითის ინტერპრეტაციისა და დანიშნულების ფორმებსაც ცვლის. იზრდება სუბიექტური, რაციონალური და ემოციური გამომსახველობის ხვედრითი წილი.
VII-VI საუკუნეების იონიაში, თანდათან, იქმნება თხრობითი ჟანრის ლიტერატურული პროზაც, რომელშიც, მითოლოგიურ მოტივებთან ერთად, ისტორიული თემატიკაც შემოდის. VI საუკუნეში იწყება ლიტერატურული დრამის ჩასახვაც, თუმცა დრამატურგია თავისი განვითარების სიმაღლეს უკვე ათენის დემოკრატიული პოლისის რეალობაში, კლასიკურ ეპოქაში აღწევს.
თამარ ბოკუჩავა
წყარო
- მსოფლიო თეატრის ოსტორია წიგნიI