ძია ვანია (პიესა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძია ვანიაანტონ ჩეხოვის პიესა. „თოლიას“ წარმატების შემდეგ ჩეხოვი წერს პიესას „Леший“ იგივე „ოჩოპინტრე“. ეს გახლდათ კომედია ოთხ მოქმედებად, გამოქვეყნდა 1890 წელს, შედგომში ეს კომედია გადაკეთდა „ძია ვანიად“. სათაურიდანაც მიხვდება მკითხველი, რომ პიესა პასტორალურია, ჩვეულებრივი ადამიანების ყოფაზე, მათ ოცნებებსა და ტკივილზეა.

სარჩევი

მოქმედი პირები

  • ალექსანდრ ვლადიმერის ძე სერებიაკოვი — გადამდგარი პროფესორი;
  • სოფია ალექსანდრეს ასული (სონია) — მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან;
  • ელენა ანდრიას ასული — მისი მეუღლე, 27 წლის;
  • მარია ვასილის ასული ვოიცკაია — პირადი მრჩევლის ქვრივი, პროფესორის პირველი მეუღლის დედა;
  • ივანე პეტრეს ძე ვოიცკი — მისი ვაჟიშვილი;
  • მიხეილ ლევის ძე ასტროვი — ექიმი;
  • ილა ილიას ძე ტელეგინი — გაღარიბებული მემამულე;
  • მარინა — მოხუცი ძიძა;
  • მუშაკი;

შინაარსი

მოქმედება მამულში ხდება. ბაღში ბებერი ხის ქვეშ ჩაის მისართმევად გაუშლიათ სუფრა. სამოვართან მოხუცი ძიძა მარინა დგას და ექიმ ასტროვს ჩაის და ტკბილეულს სთავაზობს, ის უარზეა, რატომღაც არ შია.

გამოჩნდება ტელეგინი, გაღარიბებული მემამულე, რომელიც სხვის მამულსაა შეკედლებული. ის კმაყოფილია ამინდითაც და ჩიტების ჭიკჭიკითაც რასაც ვერ ვიტყვით ელენა ანდრეევნაზე, სერებრიაკოვის ახალგაზრდა ცოლზე. ეს ნაწყვეტ-ნაწყვეტი, ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფრაზები საკამათო დიალოგში გადაიზრდება, რითაც წინა პლანზე გამოაქვთ დაძაბული დრამის არსი. რომელიც საკუთარ თავზე გადააქვთ პიესის პერსონაჟებს. ასტროვი წუწუნს იწყებს - 10 წელი შრომაში გაატარა, ერთი ავადმყოფიდან მეორესკენ. დღე და ღამ შრომა და წვალება, დაბერდა, არაყსაც მიეძალა, აღარ ჰგავს ძველ ასტროვს.

ვოინიცკი შემოდის... ის არ მალავს, რომ შურს პროფესორის განსაკუთრებით მისი ქალებთან წარმატების შურს. არც ის მოსწონს, რითია დაკავებული - რაღაცას ჩაკირკიტებს სულ. სხვები კი ემსახურებიან. სამაგიეროდ, მის დედა - მარია ვასილევნა აღფრთოვანებულია სიძით.

ვოინიცკის სიძულვილი სერებრიაკოვისადმი გასაგებია - მას ელენა ანდრეევნა უყვარს, ქმარს კი ამადლის, რაც მისთვის აქამდე გაუკეთებია, მითუმეტეს, რომ ის არაფერს წარმოადგენს, მისი ცოდნა საპნის ბუშტივითაა, რომელიც ერთ დღესაც გასკდება. სერებრიაკოვი გაშიფრულია, ის აღარავის უყვარს, მხოლოდ სონია, მისი ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან იჩენს გულწრფელ თანაგრძნობას. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

ერთ დღესაც პროფესორი სასადილო ოთახში ყველას თავს მოუყრის, ვინაიდან მამულის გაყიდვაზე საკუთარი გადაწყვეტილება უნდა ამცნოს. ის გაყიდის მამულს და აგარაკს იყიდის ფინეთში. ეს აღმოჩნდება ბოლო წვეთი ვოინიცკისთვის! - როგორ ბედავს! ეს მამული სონიას ეკუთვნის და ვოინიცკიც რა, არ არის ადამიანი? 20 წელი იმსახურა ამ მიწაზე, სერებრიაკოვს რომ არაფერი მოკლებოდა... განრისხებული ძია ვანია ამოიღებს იარაღს და სერებრიაკოვს ორჯერ ესვრის... ორივეჯერ ააცილებს.

შეშინებული, შემთხვევით გადარჩენილი პროფესორი ხარკოვს აფარებს თავს. ასტროვიც მიემგზავრება საკუთარ პატარა მამულში, რათა გაააგრძელოს გლეხების განკურნება. სასიყვარულო ინტრიგებიც იფერფლება. ელენა ანდრეევნას არ ყოფნის სიმამაცე, სიყვარულითვე უპასუხოს ასტროვს. სონია კი რწმუნდება, რომ მას - ასეთ უშნოს - ასტროვი არასდროს შეიყვარებს.

თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება, სერებრიაკოვი ისევ გადაუხდის კაპიკებს ვოინიცკის, სონია ისევ გადმოიღებს საბუღალტრო აღრიცხვის წიგნს და დაუძახებს ძია ვანიას - მოდი, გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობაო. ძიძა ისევ სარწეველაში ქსოვას დაიწყებს, მარია ვასილევნა ისევ ჩაუჯდება ძველი ბროშურის კითხვას.

თითქოს ახდა ძიძის წინასწარმეტყველება და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა, მაგრამ პიესა ისეა აწყობილი, რომ მკითხველის და გმირების მოლოდინს აცრუებს

ფინალში თითქოს ვოინიცკი და სონია მომავალზე ოცნებობენ, მაგრამ სონიას მონოლოგი მკითხველში გამოუსავლობის და ტრაგიზმის გრძნობას ტოვებს... მართლაც, ცხოვრებამ უკვე გაიარა და რაში? - უაზრობასა და ტანჯვაში.

ანალიზი

პიესაში „ძია ვანია“ გადმოცემულია რთული ურთიერთობები პესონაჟთა შორის, მათ მეტად განსხვავებული ხასიათები აქვთ. ჩეხოვის დრამა პერსონაჟებს შორის კონფლიქტს ხაზს უსვამს ენის, მუსიკალური და ბგერითი ეფექტებით, დეკორაციით და კოსტიუმებით. სიმბოლიკითაც დატვირთულია პიესა. მაგალითად, რა აუცილებელია აფრიკის რუკის გაკვრა რუსეთის სოფელში?

პიესის სათაურითაც მიგვანიშნებს ავტორი, იმ უბრალოებასა და ობივატელურ ყოფაზე, რაც დრამაში ვითარდება.

თავგანწირვა სხვისთვის, კერპის შექმნა - აი ის შეცდომები, რასაც პერსონაჟები უშვებენ. 20 წელი ემსახურა სერებრიაკოვს ძია ვანია და დღეს ღატაკია, საკუთარი არაფერი გააჩნია, სიყვარულიც არ ღირსებია 40 წლის კაცს, მაშ რა აზრი აქვს მის სიცოცხლეს? ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ არარაობას ემსახურა, ეგოისტ ნარცისს. რამდენი ასეთი ადამიანი შეგხვედრიათ ცხოვრების გზაზე, რომლებიც უანგაროდ ემსახურებოდნენ გაურკვეველ კერპებს და სიმართლესთან შეჯახებისას პიროვნულად ინგრეოდნენ, ნადგურდებოდნენ, ასეთებს დღესაც ბევრს შევხვდებით, თუ გონებას კარგად დავძაბავთ.

მხილების თემა - ემსახურო ცრუ კერპებს - ჩეხოვისეულია და ამ თემამ მთელი სიმძაფრით ამოხეთქა ამ პიესაში. მის ამბოხსაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი პერსონისკენაა მიმართული და არა იმ მახინჯი მოვლენისკენ, რომელსაც უაზრო თავგანწირვა შეიძლება ვუწოდოთ.

მომაკვდავი, მილეული, გამქრალი სილამაზის თემა პიესის ლაიტმოტივად გვევლინება. ის გადაჯაჭვულია ყველა მთავარ მოქმედ პერსონაჟთან.

ჩეხოვის და მისი გმირების აზრით, მხოლოდ შრომა და შემოქმედება ქმნიან ადამიანურ სილამაზეს, ცხოვრების სილამაზეს. შრომის პოეტურობა და მონატრება ამ პოეტურობისა - აი რაშია ჩეხოვის გმირების მომხიბვლელობა

პიესის ლაიტმოტივი - მომაკვდავი სილამაზე - ბევრგან გაისმის. თვით ასტროვის ნაღველი და ლტოლვა ცხოვრების დაკარგული სილამაზისკენ, ისიც ხომ სიმბოლოა მომაკვდავი სილამაზისა, ჩვენი გულებიდან გამქრალი მშვენიერებისა, დაცარიელებული სულებისა.

ჩეხოვმა ფინალში შეძლო გამოეხატა ადამიანური სასოწარკვეთის ისეთი სილამაზე, რომელსაც, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, - კიდევ დიდხანს ვერ გაიგებენ და ვერ აღწერენ...

ფინალის სიბრძნე კი იმაში მდგომარეობს, რომ ნახსენებია ნათელი, მშვენიერი ცხოვრება, ეს ის ცხოვრებაა, რომელსაც სონია, ძია ვანია და ასტროვი იმსახურებენ და მათთან ერთად ყველა ის „პატარა“ ადამიანი, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ სხვების საკეთილდღეოდ.

ამ პიესაში ჩეხოვის ოცნებაც ჟღერდება... ოცნება მომავალზე, როცა ადამიანში ყველაფერი მშვენიერი და ჰარმონიული იქნება. ჩეხოვთან მშვენიერებაზე წარმოდგენა გადაჯაჭვულია სიმართლესთან, შემოქმედებით დაღლასთან. ის თვლიდა, რომ სიმართლე და შრომა მუდმივი, ცოცხალი ინსპირაციაა სილამაზის შექმნისა და მასში ცხოვრებისათვის.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები