წებელდის წარწერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წებელდის წარწერები – ქართული ასომთავრული წარწერები, ამოკვეთილი წებელდის ეკლესიის (გულრიფშის რ-ნი) კანკელის ერთ-ერთ ფილაზე (XI ს.) და ქვის სხვა ფილაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებით (XIV ს.). კანკელის ფილა მოღწეულია ფრაგმენტულად, ცნობილია 1894-იდან, როდესაც გრაფინია პრ. უვაროვამ პირველად გამოაქვეყნა მისი ფოტო; ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში (№ხმმ-443). ფილის ცენტრში გამოსახულ ვარდულებს (როზეტებს) შორის ამოკვეთილია ერთსტრიქონიანი კიდურწაისრული წარწერა: „წმიდაო თეოდორე, შეიწყალე მიქაელ“. წარწერა კანკელის ფილის თანადროულია და ორივე XI ს-ით თარიღდება. 1938 წებელდის ტაძრის ნანგრევებში აღმოუჩენიათ ოთხკუთხა ფორმის ქვის მოზრდილი ფილა. მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ცნობილია მხოლოდ ფილის ფოტო, გამოქვეყნებული ხ. ბღაჟბას მიერ (1967). ფილის ცენტრში წარმოდგენილია ჯვრის რელიეფური გამოსახულება, რომლის ქვედა მკლავი ზომით სხვა მკლავებს აღემატება. ჯერის მკლავების ბოლოები ოდნავ გაფართოებულია და წაწვეტებული. მას ზემოდან „ახურავს“ ორფერდა საფარი ნახევარ რომბებისაგან შედგენილი ორნამენტის გამოსახულებით. ფილას გარშემო დაუყვება რომბებისაგან შედგენილი ორნამენტული ჩარჩო. ჯვრის ცენტრში, მკლავის გადაკვეთის ადგილას, არის როზეტისა თუ პატარა ზომის ტოლ მკლავიანი ჯვრის გამოსახულება. ამავე მკლავების ორივე მხარეს ამოკვეთილია ასომთავრული წარწერის თითო სიტყვა: „წმიდაო გიორგი“. ჯერის ბუდეებში, ქვედა მკლავის ორივე მხარეს, 6-6 სტრიქონად, ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა: „ამის ჯუარისა მაშენებელსა, ლუკას მარტინევას, შეუნდოს ღმერთმან, ამენ“. წარწერა პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით XIV ს-ით თარიღდება. მასში დასტურდება მეორე შემთხვევა XIV ს-თვის გვარსახელის დასავლურ-ქართული გაფორმებისა.

ვ. სილოგავა

იხილე აგრეთვე

წებელდის კანკელის ფრაგმენტები

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები