წებო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წებო – ბუნებრივი ან სინთეზური ნივთიერება, რომელსაც იყენებენ სხვადასხვა მასალის შესაწებებლად.

წებოთი განხორციელებული შეერთება ხისტი შეერთების სახეა. წებოს შემადგენლობაში შედის პოლიმერი, შემავსებელი, გამხსნელი, გამამაგრებელი. პოლიმერი, რომელიც წებოს მოსამზადებლად ძირითადი კომპონენტია, შეიძლება იყოს თერმორეაქტიული ან თერმოპლასტიკური და მისი გამყარებისათვის საჭიროა მაღალი ტემპერატურა, ან გამხსნელის მოცილება ან კიდევ გამამაგრებლის გამოყენება. წებოს თვისებების შეფასება ხდება მისი სიბლანტის, ცხოველუნარიანობის, გამყარების დროისა და შეწებების უნარის მიხედვით. გამოცდას აწარმოებენ წებოს მცირე პარტიებზე ლაბორატორიულ პირობებში. წებოს სიბლანტის განსაზღვრა ხდება ვისკოზიმეტრებში (მცირე ზომის ძაბრებში) იმ დროის მიხედვით, რომლის განმავლობაშიც წებოს განსაზღვრული ულუფა (50 ან 100 გრამი) ჩამოედინება ძაბრის ქვედა ხვრელიდან საზომ ჭიქაში. რაც მეტი დრო დასჭირდება ამ პროცესს, მით უფრო ბლანტად ითვლება წებოს ცხოველუნარიანობა და გამყარების დრო განისაზღვრება იმ დროით, რომელიც საჭიროა წებოს მომზადებიდან მისი შესქელების დაწყებამდე. შეწებების უნარი განისაზღვრება წებოვანი ნაკერის სიმტკიცის მიხედვით, რომელიც გაანგარიშდება მცირე ზომის ნიმუშების გამოცდით.

მსოფლიოში გამოიყენება მრავალმხრივი დანიშნულების უმაღლესი ხარისხის ხის წებოები, როგორიცაა: პარფიქსი (Parfix, ციანოაკრილიტის წებო, პარსონის ფირმა, აშშ); ურედანა 450 (Uredana 450, დანია); ტაიტბონდი (Titebond, კალიფორნია, აშშ); მეგპოუ (Magpow, ჩინეთი); უნივერსალური ხის წებო 502 (Super Glue, აშშ); ოაზისი (Oasis, აშშ); ევოსტიკი (Evostik); უნიკოლი (Unikol, ჩეხეთი); სტარკე (Stärke, გერმანია); ქოლოლი (Collall, აშშ); ვუდბონდი (WoodBond, აშშ) და სხვ., აგრეთვე რუსული წარმოების ფენოლფორმალდეჰიდური, რეზორცინული, ფენოლურ-რეზორცინული, ალკილრეზორცინული, ფენოლური, პოლიეთერული, კაუჩუკის, პოლიამიდური, პოლივინილაცეტატური, კარბამიდული, ეპოქსიდური, სახუროე და სხვ. სახის წებოები.


წებოვანი შედგენილობა

წებო არის ორგანული ან სინთეზური მაღალმოლეკულური ნივთიერება. მის შემადგენლობაში შედის პოლიმერი, გამხსნელი და გამამაგრებელი. თუ მას დავუმატებთ შემვსებს, მივიღებთ ნივთიერებას, რომელსაც მასტიკა ეწოდება. ის შეიძლება იყოს წებოვანი ან პასტისმაგვარი კომპოზიცია. ხის კონსტრუქციების დასაწებებლად გამოიყენება ფენოლფორმალდეჰიდური, კარბამიდული, კარბამიდულ-რეზორცინული, შარდოვანაფორმალდეჰიდური, პოლივინილაცეტატური, სახუროე და სხვ. წებოები; მერქნის შესაერთებლად ლითონთან – მოდიფიცირებული ეპოქსიდური, კაუჩუკის, პოლიურეტანული და ფენოლური; ლითონის ლითონთან – გლემურძის და ძვლის; პლასტმასებშიეპოქსიდური, პოლიეთერული, პოლიურეტანული, ფურანული, პოლიამიდური, პერქლორვინილური, პოლიაკრილური, კაუჩუკის, დისპერსიული და სხვ.; სამღებრო სამუშაოებში – სილიკატური, მცენარეული და კარბომეთილცელულოზას წებოები. სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში კონსტრუქციული ელემენტების შესაწებებლად (ნორმალური ტენიანობის პირობებში) გამოიყენება პოლიმერცემენტის წებოვანი შედგენილობა, რომლის საფუძველია პორტლანდცემენტი, პოლივინილაცეტატური ემულსიები და ლატექსები. რულონური, ფურცლოვანი და ფილა მასალების დასაწებებლად – ცხელი ბიტუმი, ცივი ბიტუმი, ცივი ბიტუმის ემულსია, ცივი რეზინა-ბიტუმი, ცივი ბიტუმ-კაუჩუკი, ბიტუმ-კუკერმარილი, კუმარონ-კაუჩუკი, კოლოფონი, კოლოქსილინი, დიფენოლკეტონი, კაზეინი. ლითონის მერქანთან შეწებების წინ სასურველია ლითონს დაედოს ქვეფენა (БФ–2, ПФН–12), გაჩერდეს 36 სთ და მერე მოხდეს შეწებება. ზეთოვანი ანტისეპტიკებით გაჟღენთილი ხის ელემენტების შესაწებებლად გამოიყენება მაღალი კონცენტრაციის ან ორგანულ გამხსნელებზე დამზადებული წებოები. შეწებებამდე მერქნის ზედაპირი კარგად უნდა გაიწმინდოს აცეტონით ან დიქლორეთანით. წყალში (გრუნტში) მოთავსებული კონსტრუქციული ელემენტების შესაწებებლად (ხიმინჯები, საძირკვლები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები) გამოიყენება სინთეზურ ფისებზე და კაუჩუკზე დამზადებული წებოები. ყველა შემთხვევაში საჭიროა შეწებების შემდეგ მოხდეს ნაკერის კონტროლი ულტრაბგერითი, რენტგენის ან გამასხივების დეფექტოსკოპიის საშუალებით.

იხილე აგრეთვე

წებოთი შეერთება

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები