წეროტურფები
წეროტურფები (ლათ. Anthropoides) − ფრინველთა გვარი წეროსებრთა ოჯახისა წეროსნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − წეროტურფა (ლათ. Anthropoides virgo Linnaeus, 1758)
- კლასი − ფრინველები (AVES)
- რიგი − წეროსნაირნი (Gruiformes)
- ოჯახი − წეროსებრნი (Grudae)
- გვარი − წეროტურფები (Anthropoides)
წეროტურფა დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 425-540 მმ-ია, გალო − 150-225 მმ, ნისკარტი − 60-75 მმ, წონა 60-75 მმ, წონა − 2000-2700 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრული ფრინველის კისრის დიდი ნაწილი, სხეულის მთელი ზემო და ქვემო მხარე, ფრთებისა და კუდის ჩათვლით, ნაცარა-რუხია; თავის გვერდები, ყელი, კისერი წინიდან და კეფა შავია; თვალებიდან ყურების გასწვრივ მიემართება თეთრი ზოლები, რომლებიც ბოლოვდებიან ძაფისებური წაგრძელებული თეთრი ბუმბულების კონებით. კისრის წინა მხარეს და ჩიჩახვზე არის წაგრძელებული შავი ბუმბულების კონა, რომელიც მკერდზეა ჩამოშვებული. პირველი რიგის მომქნევები მურა-შავია, ნაცარა ანარეკლით; მეორე რიგის მომქნევები ღია მურა ფერისაა, შავი ბოლოებით; ნისკარტი მორუხო-წენგოსფერია, ფეხები − შავი. ახალგაზრდა მოზრდილის მსგავსია, მხოლოდ თავის გვერდებზე გასდევს ოდნავ წაგრძელებული ბუმბულების რუხი (და არა თეთრი) ზოლები.
აღწერილია 2 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ჩვეულებრივი წეროტურფა — A. v. virgo Linn., 1758.
სარჩევი |
გავრცელება
ბუდობს ჩრდილო-დასავლეთ და სამხრეთ აფრიკაში, ესპანეთის სამხრეთ ნაწილში, შემდეგ მხოლოდ მოლდავეთში, სამხრეთ უკრაინაში, მათ შორის ყირიმში, ჩრდილო კავკასიისა და აზიის ველებსა და ნახევარუდაბნოებში. ზამთრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აფრიკაში, პალესტინასა და მესოპოტამიაში, სპარსეთის ყურის სანაპიროებზე, ინდოეთსა და ბირმაში. საქართველოში მოიპოვება მხოლოდ მიმოფრენის პერიოდებში.
ბიოტოპი
ბინადრობს ველებსა და ნახევარუდაბნოებში, ნაირბალახიან, ვაციწვერიან, ბუჩქნარიან, ქვა-ღორღიან ან მლაშობ ნაკვეთებზე.
გამრავლება
მონოგამიური ფრინველია. ბუდეს არ აკეთებს, არამედ 1-3 კვერცხს დებს პირდაპირ მიწაზე − მშრალ ადგილას, მაისის პირველ ნახევარში. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 28 დღეს აღწევს.
კვება
ძირითადად ფიტოფაგი ფრინველია, მაგრამ მათ შორის უპირატესად მომწიფებული მარცვლოვანების თავთავებს ეტანება. სხვა სეზონებში ჭამს მცენარეთა ვეგეტატიურ ნაწილებს, მცირე რაოდენობით აგრეთვე მწერებსაც.
მნიშვნელობა
ზოგან მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თავთავიანი მარცვლოვანების მოსავალს. მიუხედავად ამისა, მას იცავენ როგორც მცირერიცხოვან სახეობას. მცირერიცხოვნობის გამო მის მიერ მოტანილი ზიანიც დიდი არაა.