წიგნი
წიგნი
1. ნებისმიერი ტექსტის შემცველი ფურცლები, ერთად აკინძული;
2. დიდი მოცულობის ლიტერატურული ან სამეცნიერო თხზულება (ცალკე დასტამბული);
3. თხზულებათა კრებული;
4. წერილი, ბარათი, ეპისტოლე, იურიდიული საბუთი (ძვ. ქართულში).
სიტყვა წიგნი ქართულში შემოსულია ლათინურიდან ბერძნულის გზით (σιγνον – ნიშანი). თავდაპირველად ამ სიტყვით აღინიშნებოდა სიმბოლური მნიშვნელობის მქონე ყოველგვარი გრაფიკული გამოსახულება, მ. შ. ასოც. თანდათანობით წიგნმა შეიძინა სხვადასხვა შინაარსისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტის მნიშვნელობა. ქართული წიგნის ისტორია დაკავშირებულია ქრისტიანული ღვთისმსახურების შემოღებასთან. საეკლესიო ღვთისმსახურების ქართულ ენაზე ჩატარების აუცილებლობამ ბიძგი მისცა ნათარგმნი და ორიგინალური წიგნების გაჩენა-გამრავლებას. ქართული წიგნის უძველესი ნიმუშები შემორჩენილია V-VII სს. პალიმფსესტური ფრაგმენტების სახით. ჩვენამდე სრული სახით მოღწეული თარიღიანი წიგნებიდან უძველესია 864 სინური მრავალთავი, 897 ადიშის ოთხთავი. X ს-იდან მოყოლებული, ხელნაწერი წიგნების რიცხვი გაიზარდა. უძველესი ქართული ხელნაწერი წიგნი მზადდებოდა ტყავის საწერი მასალისაგან (ეტრატი) და მას თანამედროვე წიგნის (კოდექსი) ფორმა ჰქონდა. XII–XIII სს-იდან ეტრატს მეტოქეობას უწევდა ქაღალდი, რომელიც შემოჰქონდათ აღმოსავლეთ ქვეყნებიდანაც და ევროპიდანაც (იტალიიდან). გვიანდელი შუა საუკუნეების ეტრატისაგან მხოლოდ განსაკუთრებული, საზეიმო ცერემონიალებისათვის განკუთვნილი ხელნაწერები მზადდებოდა.
სარჩევი |
ისტორია
საქართველოში სასტამბო საქმის გამართვამდე (XVIII ს.) წიგნი ხელით მზადდებოდა. ხელნაწერი წიგნების შექმნა, დამზადება და გავრცელება ქართული მწერლობის განვითარების ადრეულ საფეხურზე საეკლესიო წოდებას, კერძოდ, მისი შავი ფრთის – ბერ-მონაზონთა მოღვაწეობას უკავშირდებოდა. ყოველ დიდ მონასტერთან იყო დაარსებული ხელნაწერთა დამამზადებელი სახელოსნოები – სკრიპტორიუმები,სადაც საქმიანობდნენ „მწერალი“ ბერები. მწერლობა ძველ საქართველოში ხელოსნობის დარგი იყო: მისი დაუფლება მოითხოვდა, ერთი მხრივ, წიგნის დამზადების ტექნოლოგიური ციკლის სრულ ათვისებას და, მეორე მხრივ გადასაწერი ტექსტის ღრმა ცოდნას, მის დანიშნულებასა და ავკარგიანობაში გარკვევას. საერო მხატვრული და საისტორიო მწერლობის განვითარებასთან ერთად, წიგნის დამზადების საქმე თანდათანობით გამოვიდა მონასტრის კედლებიდან და საერო ხელობათა რიგში ჩადგა. საერო მწერლები ასრულებდნენ კერძო დაკვეთებს საოჯახო ბიბლიოთეკებისათვის.
ქართული წიგნის შესწავლა გვარწმუნებს, რომ ქართველი წიგნის ოსტატები კარგად იცნობდნენ ბიზანტიის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სამწიგნობრო ხელოვნებაში შემუშავებულ ტექნიკურ წესებს. ქართული წიგნის სახეზე დიდ გავლენას ახდენდა ამა თუ იმ ადგილობრივ სამწიგნობრო კერაში დამკვიდრებული ტრადიციებიც.
წიგნის დამზადება ხანგრძლივი და დანაწევრებული პროცესი იყო. იგი გულისხმობდა საწერი მასალის დამუშავებასა და მის მომზადებას საწერად: რვეულებად შეკვრას, საწერი ფურცლების დახაზვას საგანგებო იარაღით სტრიქონების ერთმანეთისაგან თანაბრად დასაცილებლად; შემდეგ – ტექსტის გადაწერას, რვეულების ერთ წიგნად შეკვრას და ყდაში ჩასმას. ამ საქმიანობის თითოეული ეტაპი სპეციფიკურ პროფესიულ განსწავლულობას საჭიროებდა. ყველაზე დიდი მოცულობის სამუშაო იყო ტექსტის გადაწერა. ხშირად ტექსტს რამდენიმე გადამწერი ერთდროულად წერდა წინასწარ შემუშავებული საერთო წესის მიხედვით.
საგანგებო ყურადღებას უთმობდნენ გადამწერები ტექსტის ორგანიზაციისათვის შემუშავებულ წესებს. ძირითადი ტექსტი იწერებოდა ერთ ან ორ სვეტად ფურცლის ორსავე მხარეს, მისთვის განკუთვნილ ადგილს ეწოდებოდა „მკვიდრი“. მის ირგვლივ დატოვებულ თავისუფალ არეებს გადამწერები იყენებდნენ საავტორო შენიშვნებისა თუ განმარტებებისათვის, აგრეთვე მემორიალური მინაწერებისათვის. ძირითად ტექსტში. ჩვეულებრივ, გამოიყენებოდა ორი ფერის მელანი – მუქის რომელიმე ნაირსახეობა (შავი, რუხი, ყავისფერი) და წითელი. ამ უკანასკნელი ფერით აღინიშნებოდა თხზულებათა სათაურები და დასაწყისები, მუხლობრივად დაყოფილ ტექსტებში – მუხლთა დასაწყისი ანბანური ციფრები. ძირითად ტექსტს ერთოდა აპარატი სხვადასხვა ტიპის საძიებლებისა და სარჩევის სახით. ტექსტის ყოველი სტრუქტურული კომპონენტი აღინიშნებოდა საკუთარი ტერმინით. ხელნაწერი წიგნის დასაწყისს ან მასში შემავალი დამოუკიდებელი თხზულების დასაწყისს ეწოდებოდა თავი, წიგნის შედგენილობას თავების მიხედვით – თავდგმულობა. ამავე მნიშვნელობით გამოიყენებოდა ტერმინი ზანდუკი (ბერძნ. σσαανδυζ – წითელი). (მ. სურგულაძე)
წიგნი, როგორც იურიდიული აქტის აღმნიშვნელი ტერმინი
წიგნი, ძველ საქართველოში მიღებული ერთ-ერთი მნიშვნელობით, ისტორიული საბუთის, იურიდიული აქტის აღმნიშვნელი ტერმინია. ამ მნიშვნელობით გავრცელებას იწყებს XV საუკუნიდან. მიღებული ჩანს ბერძნულ-ბიზანტიური σιγνον-იდან, სადაც ის ასევე საბუთების აღმნიშვნელი ტერმინი იყო XI ს-იდან. მართალია, საბუთის არა, მაგრამ მაინც იურიდიული, მნიშვნელობის წერილობითი ძეგლის – კონსტანტინოპოლის პანაგიის (ყოვლაწმიდის) მონასტრის განგების (ტიპიკონის) – აღსანიშნავად იყენებს ტერმინ, წიგნს გრიგოლ ბაკურიანისძე 1083 შედგენილ პეტრიწონის ტიპიკონში. იგი წერს: „აწ უკუე წესი ესე განგებისა სამონაზუნოჲსა მის წიგნისაჲ, რაჲ რომელი ესე გამოვარჩიეთ და გარდავთარგმნეთ ზემო ჴსენებულისა პატიოსნისა მონასტრისა პანაგიისა განგებისაგან“; ხოლო ერთგან ტიპიკონი, რომელიც მან შეადგინა, მოხსენიებულია როგორც „წიგნი განსაგებლისა“. მეტიც, პეტრიწონის მონასტრისათვის გადაცემული საბუთების ერთ ნაწილს, რომლებიც წმ. სოფიის ტაძრის სალაროში უნდა შენახულიყო, იგი პირდაპირ უწოდებს „სასამართლოჲ წიგნებს“ და ასახელებს ბიზანტიელი კეისრების მიერ გაცემულ ოქრობეჭდებთან ერთად. ასე რომ, წიგნის გამოყენება საბუთის მნიშვნელობით, მისი, როგორც საბუთის აღმნიშვნელი ტერმინის არსებობა ჩვენშიც შეიძლება ვივარაუდოთ XI ს-იდან. მაგრამ საყოველთაო გავრცელებას საქართველოში წიგნი მაინც XV ს-იდან პოულობს. ჯერჯერობით ასეთი უძველესი საბუთი ჩანს 1425 ალექსანდრე მეფის მიერ ავთანდილ ზედგინიძისადმი გაცემული „ბრძანება და სიგელი“, რომელიც სამეფო კარის ცნობილ მწიგნობარს კლიმი კაკლანასძეს შეუდგენია. კერძოდ, ამ საბუთში ერთგან აღნიშნულია: „თუ ვის რა ამა ჩუენგან ბოძებულისა წიგნი და ნიშანი აქუს, ყუელა ამ სიგლითა გაგვიცუდებია და მტკიცე ესე ოდენ არის“. იმავდროულად, „წიგნთან“ ერთად გამოიყენება მსაზღვრელი სიტყვები, რომლებიც საბუთის რაობას განსაზღვრავენ: „აზადობის წიგნი“, „განახლების წიგნი“, „გარიგების წიგნი“, „გაყრის წიგნი“, „გირაოს წიგნი“. „თავდახსნილობის წიგნი“, „მამულის წყალობის წიგნი“, „პირობის წიგნი“ „საპატრონემო წიგნი“, „სითარხნის წიგნი“, „ფიცის წიგნი“, „შეწყალების წიგნი“, „შეყრილობის წიგნი“, „წყალობის წიგნი“ და სხვ. წიგნი, როგორც საბუთის აღმნიშვნელი ტერმინი, საქართველოში XIX ს. დასაწყისამდე გამოიყენებოდა. ერთ-ერთი ასეთი უკანასკნელი საბუთია 1801 წლის 19 მარტის „წყალობის სიგელი“, რომელიც უბოძა „მემკჳდრემან ყოვლისა საქართველოჲსა ქართლისა, კახეთისა და სხუათამან, როსიისა ღენერალ-ლეიტენანტმან და კავალერმან დავით“ იოანე ციცქისშვილს. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ „ამას გარდა ჩვენგან სხვაც წყალობის წიგნიცა გაქვსთ ბოძებული“.
ვ. სილოგავა
ლიტერატურა
- ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, ტ. I, IX-XIII. სს. საბუთები, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ე. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ. 1984;
- ჯავახიშვილი ი, ქართული სიგელთმცოდნეობა ანუ დიპლომატიკა. – თხზ. ტ. 9, თბ. 1996.